მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მეჩვიდმეტე
ყრმა მუზას აღსასრული


ვერ დავდუმდები იმის შესახებ, რასაც ზემოთ ხსენებული ღმრთის მონა პრობი თავისი დის, მცირეწლოვანი მუზას შესახებ მიამბობდა. ერთ ღამეს მას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, მარადქალწული მარიამი გამოეცხადა და თეთრებში შემოსილი მისი ტოლი ქალწულები უჩვენა. მუზამ მათთან შეერთება მოისურვა, მაგრამ ვერ გაკადნიერდა. ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დაეკითხა, მათთან შეერთება და მისი მსახურება ხომ არ სურდა. ყრმამ ღმრთისმშობელს მიუგო: “მსურს“, - და მისგან მაშინვე ემცნო, რომ ამიერიდან არაფერი ბავშვური და დაუფიქრებელი აღარ ჩაედინა, სიცილისა და გართობისაგან თავი შეეკავებინა და ოცდამეათე დღეს მის სამსახურებლად იმ ქალწულთა შორის შეირაცხებოდა, რომლებიც იხილა. ამ ხილვის შემდეგ ყრმა სრულიად შეიცვალა, ბავშვური სიცელქე მიატოვა და ცხოვრებას მკაცრად წარმართავდა. მისმა ამგვარმა ცვლილებამ მშობლები გააკვირვა და მიზეზი ჰკითხეს. მუზამ უამბო, რაც მას ღმრთისმშობელმა ამცნო, და გამოაცხადა, მის სამსახურებლად რომელ დღეს წარდგებოდა. ოცდამეხუთე დღეს ის ავად გახდა. ოცდამეათე დღეს, როდესაც მისი აღსასრული მოახლოვდა, მუზამ მისკენ მომავალი ღმრთისმშობელი იმ ქალწულებთან ერთად იხილა, რომლებიც ხილვაში გამოეცხადნენ. ღმრთისმშობლის ძახილზე მან თვალები კრძალვით მილულა და ხმამაღლა უპასუხა: “დედოფალო ჩემო, მოვდივარ! დედოფალო ჩემო, მოვდივარ!“ ამ სიტყვებით სული განუტევა და უმანკო სხეულიდან წმიდა ქალწულებთან დასამკვიდრებლად გავიდა.

პეტრე: რამდენადაც კაცთა მოდგმა ურიცხვ ცოდვებს არის დამონებული, ვფიქრობ, ზეციური იერუსალიმი უმეტესად მცირეწლოვანი ყრმებითა და ჩვილებით არის სავსე.