ზოგჯერ სხეულიდან გამომავალ სულს სანუგეშოდ თვით ცხოვრების მომცემელი ეცხადება. იმავეს გავიმეორებ, რაც სახარებაზე საუბრის დროს უკვე გადმოგეცი დეიდაჩემის - თარსილას შესახებ. ის ორი დანარჩენი დისგან დაუცხრომელი ლოცვით, სიფხიზლითა და თავშეკავებით გამოირჩეოდა და ამ სათნოებების მეოხებით უდიდეს სიწმინდეს მიაღწია. მას ძილში პაპაჩემის პაპა, რომის ეკლესიის წინამძღვარი ფელიქსი ეჩვენა, მარადიული ნათლის სავანე აჩვენა და უთხრა: “მოდი, ამ ნათლის სავანეში მიგიღებ“. თარსილა მაშინვე ციებამ შეიპყრო და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. როგორც წარჩინებულ ადამიანთა აღსასრულის ჟამს ნათესავთა სანუგეშოდ ბევრი ხალხი იკრიბება, ასევე თარსილას აღსასრულის ჟამსაც მის სარეცელთან თავი მრავალმა ადამიანმა მოიყარა. უეცრად მან ზევით აიხედა, მომავალი იესო დაინახა და იქ მყოფთ ხმამაღლა უთხრა: “გზა მიეცით, გზა მიეცით! იესო მობრძანდება!“ და მაშინვე, როგორც კი მზერა გამოცხადებულ უფალს მიაპყრო, მისმა სულმა სხეული დატოვა. უეცრად საოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა, რომელმაც თავისი სიტკბოებით ყველას მიანიშნა, რომ სიტკბოების მიზეზი მართლაც მობრძანდა. როდესაც მის სხეულს გასაპატიოსნებლად სამოსელი გახადეს, იდაყვებსა და მუხლებზე საშინელი წანაზარდები იხილეს, რომლებიც აქლემის კუზებს ჰგავდა, რისი მიზეზიც ლოცვის დროს ხანგრძლივი მუხლთა დრეკა იყო. მიცვალებულის სხეულმა ცხადყო, სიცოცხლის ჟამს მისი სული მუდმივად რას იქმოდა.