მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მეთხუთმეტე
ღმრთისმსახურ რომულას აღსასრული


სახარების შესახებ საუბრებში, როგორც მახსოვს, ერთ ამბავს გიამბობდი, რომელიც თვით საუბრის დროს პრესვიტერმა სპეციოზმა დაადასტურა. ეს ამბავი მისთვისაც ცნობილი იყო. იმ დროს, როდესაც მონასტერში დავმკვიდრდი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელ მარიამის ტაძართან ერთი ხნიერი მოწესე დედაკაცი, სახელად რედემპტა, ცხოვრობდა. იგი მონაზვნად ამ ქალაქში აღიკვეცა და ჰერუნდინას მოწაფე იყო, რომელიც მრავალი სათნოებით იყო შემკული და, როგორც ამბობენ, მეუდაბნოე ცხოვრებას პრეპესტინის მთებში ეწეოდა. რედემპტას მონაზვნობაში ორი მოწაფე ჰყავდა: ერთი, სახელად რომულა, ხოლო მეორეს, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია, სახით ვიცნობ, მაგრამ მისი სახელი არ ვიცი. ეს სამი დედაკაცი ერთ სახლში ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ სათნოებებით მდიდრები იყვნენ. რომულა, რომელიც ვახსენეთ, სათნოებებით მეორე მოწაფეს აღემატებოდა. ის საკვირველად მომთმენი, უაღრესად მორჩილი, მდუმარე და გულმოდგინე მლოცველი იყო. მაგრამ ძალიან ხშირად მათ, ვისაც ადამიანები სრულყოფილად მიიჩნევენ, შემოქმედის თვალში ჯერ კიდევ აქვთ ნაკლი, ისევე, როგორც გამოუცდელი ადამიანები ხშირად დაუსრულებელი ტვიფრის ხილვისას მას ვაქებთ, როგორც დასრულებულს, მხატვარი კი, თუმცა ჩვენი ქება ესმის, მუშაობას განაგრძობს, რომ დაასრულოს. რომულასაც მსგავსი რამ დაემართა. ის დაავადდა სნეულებით, რომელსაც ექიმები დამბლას უწოდებენ. რომულა მრავალი წლის მანძილზე ლოგინში იწვა და მოძრაობა თითქმის არ შეეძლო, მაგრამ მოთმინება ამგვარი ტანჯვითაც არ დაუკარგავს. პირიქით, სნეულება მისთვის სათნოებათა გამრავლების საშუალებად იქცა. იგი რაც უფრო ნაკლებ ძალას გრძნობდა, მით უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთ ღამეს მან უკვე ხსენებულ რედემპტას მოუხმო, რომელიც ორივე მოწაფეს საკუთარი ქალიშვილებივით ზრდიდა: “დედაო, მოდი, დედაო, მოდი აქ“. რედემპტა მაშინვე ადგა და მეორე მოწაფესთან ერთად რომულასკენ გაემართა. ამ ამბავს ორივენი მიამბობდნენ, გარდა ამისა სხვებისგანაც გამიგონია. შუა ღამით ისინი რომულას საწოლთან იყვნენ. უეცრად ზეციდან გადმოსულმა ნათელმა სენაკი გაანათა და იმგვარად ბრწყინავდა, რომ იქ მყოფთა გულები გამოუთქმელი შიშით აავსო. როგორც შემდეგ თვითონ მოგვითხრობდნენ, მათი სხეულები ძრწოლამ გააშეშა და უძრავად იდგნენ. შემდეგ შარიშური გაისმა, თითქოს ადამიანთა დიდი ჯგუფი მოძრაობდა. სენაკის კარმა რყევა დაიწყო, თითქოს მრავალი შემომსვლელი მიაწყდა. საწოლთან მდგომი დედები გრძნობდნენ, როგორც თვითონ ამბობდნენ, შემოსულთა იქ ყოფნას, მაგრამ დიდი შიშისა და სინათლის გამო თვალები დახუჭული ჰქონდათ და ვერაფერს ხედავდნენ. სინათლეს არაჩვეულებრივი კეთილსურნელება მოჰყვა და სასიამოვნო სურნელმა ისინი დაამშვიდა. რომულამ ალერსიანი ხმით დააწყნარა ათრთოლებული რედემპტა, რომელიც მისი განმსწავლელი იყო სათნოებებში: “ნუ გეშინია, დედაო, ჯერ არ ვკვდები“. მან მრავალჯერ გაიმეორა ეს სიტყვები და ზეციდან გადმოსული სინათლის სიკაშკაშემ თანდათან იკლო, მაგრამ სურნელი დარჩა. ასე განვლო მეორე და მესამე დღემ, სენაკში მოფენილი სურნელი კიდევ იგრძნობოდა. მეოთხე ღამით მან კვლავ მოუხმო წინამძღვარს, მისი მოსვლისას წმიდა ზიარება ითხოვა და ეზიარა. რედემპტა და მეორე მოწაფე მის საწოლს არ შორდებოდნენ, - უეცრად მისი სენაკის წინ მგალობელთა ორი გუნდი გამწკრივდა და როგორც მოგვითხრობდნენ, ერთი დასი მამაკაცების ხმით ფსალმუნებს გალობდა, ხოლო მეორე - დედაკაცების ხმით ბანს აძლევდა. რომულას სენაკის წინ ზეციური გალობის ჟამს მისი წმიდა სული გათავისუფლდა ხორცის საკრველთაგან. როდესაც ის ზეცად მაღლდებოდა, მგალობელთა გუნდები რაც უფრო ზევით მიიწევდნენ, ფსალმუნთა გალობა მით უფრო სუსტად ისმოდა, ვიდრე გალობის ხმაც და კეთილსურნელებაც საბოლოოდ არ განეშორა იქ მყოფთაგან.