მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი მეთოთხმეტე
დამბლადაცემულ სერვულას აღსასრული


უნდა აღინიშნოს, რომ რჩეულთა სულებს სხეულიდან გასვლის ჟამს ხშირად ტკბილი ზეციური გალობა ესმით და ამ გალობით დამტკბარნი, სხეულისაგან სულის გაყრას ვერ გრძნობენ. როგორც მახსოვს, სახარების შესახებ საუბრებში ვყვებოდი, რომ გალერეაში, რომელიც ნეტარი კლიმენტის ტაძარში მიმავალმა მლოცველებმა უნდა გაიარონ, იყო ვინმე სერვულა, რომელიც უთუოდ გახსოვს. ის ქონებით ღარიბი იყო, მაგრამ დამსახურებებით - მდიდარი და დიდი ხნის მანძილზე სნეულებით იტანჯებოდა. მისი ცნობა იმით შეიძლებოდა, რომ მთელი ცხოვრება დამბლადაცემული იყო, მას არათუ დგომა, არამედ საწოლზე წამოწევა და ჯდომა, პირთან ხელის მიტანა და მეორე გვერდზე გადაბრუნებაც არ შეეძლო. მას დედა და ძმა უვლიდნენ; მოწყალებას, რომელსაც აძლევდნენ, მათივე ხელით გასცემდა. მას წერა-კითხვა არასოდეს უსწავლია, მაგრამ ბიბლია შეიძინა და საავადმყოფოში მასთან მოსულ ღმრთისმოსავ ადამიანებს წაკითხვას აიძულებდა. ამგვარად, მთელი წმიდა წერილი დაისწავლა, თუმცა, როგორც ვთქვით, წერა-კითხვის უცოდინარი იყო. სერვულა ავადმყოფობაში დღისით თუ ღამით ღმერთს სამადლობელ ჰიმნებსა და საგალობლებს აღუვლენდა. მაგრამ როდესაც მოახლოვდა ჟამი, ასეთი ტანჯვისათვის მისაგებელი მიეღო, მისი სხეული გამოცოცხლდა. სიკვდილის მოახლოვება რომ იგრძნო, სერვულამ მნახველებსა და საავადმყოფოში მცხოვრებთ სთხოვა წამომდგარიყვნენ და აღსასრულის მოლოდინში მასთან ერთად ფსალმუნები ეგალობათ. მაგრამ სიკვდილის წინა გალობა უეცრად მისმა შეძახილმა შეწყვიტა. მან თქვა: “გაჩუმდით! ნუთუ არ გესმით, როგორი ქება აღევლინება ზეცაში?“ სწორედ იმ დროს, როდესაც მან გულისყური ქების საგალობელს მიაპყრო, რომელიც შინაგანად ესმოდა, მისი წმიდა სული სხეულს გაეყარა. მისი განსვლის ჟამს იქაურობას ისეთი კეთილსურნელება მოეფინა, რომ იქ მყოფებმა გამოუთქმელი სიტკბოება შეიგრძნეს და ამით ცხადად მიხვდნენ, რომ ქების საგალობლებით სერვულას სული ზეცაში იქნა მიღებული. ამ დროს იქ ჩვენი მონაზონი იმყოფებოდა, რომელიც დღესაც ცოცხალია და ტირილით ამოწმებს, რომ დაკრძალვამდე მიცვალებულის ნესტოებიდან კეთილსურნელება იფრქვეოდა.