საჭიროდ მიმაჩნია გიამბო იმის შესახებ, რაც გამოჩენილ და სანდო პირთაგან გავიგე. გუთების დროს ამ ქალაქში კონსულისა და პატრიცის - სიმაქის ასული გალა სიყრმეში გაათხოვეს და ერთ წელიწადში დაქვრივდა. ამქვეყნიური სიამენი, სიმდიდრეც და ახალგაზრდობაც მას მეორე ქორწინებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ მან ისურვა ქრისტესთან სულიერი კავშირით შეერთება, რომელიც ცრემლით იწყება და მარადიული სიხარულით მთავრდება, ვიდრე ხორციელი ქორწინების საკრველით შეკრულიყო, რომელიც ყოველთვის სიხარულით იწყება და ცრემლით მთავრდება. როდესაც გალას სხეულში ცეცხლოვანი გზნება შემოენთო, ექიმები არწმუნებდნენ, თუ არ დაქორწინდებოდა, მომეტებული სიმხურვალისგან, თვით ბუნების წინააღმდეგობის გამო, წვერი ამოუვიდოდა (ასეც მოხდა შემდგომში). მაგრამ წმიდა დედაკაცს გარეგნული შეუხედაობა არ აშინებდა, მთელი გულით ზეციერი სიძე შეიყვარა, რომელიც ჩვენში შინაგან მშვენიერებას ეძიებს. ამიტომ ქმრის გარდაცვალებისთანავე საერო სამოსელი განიძარცვა და ყოვლისშემძლე ღმერთის სამსახურს წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძართან მდებარე მონასტერში შეუდგა. იქ მრავალი წლის მანძილზე გულუბრალოებითა და ლოცვით მშვენდებოდა, უპოვრებს მოწყალებას უხვად ურიგებდა. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთმა გალას განუჩინა ღვაწლის სანაცვლოდ მარადიული მისაგებელი მიეღო, იგი მკერდის კიბოთი დაავადდა. ღამით მის საწოლთან ჩვეულებრივ ორი კანდელი ენთო, რადგან ნათლის მეგობარს არა მარტო სულიერი, არამედ ნივთიერი წყვდიადიც სძულდა. ერთხელ სნეულებით გათანგული გალა საწოლზე იწვა, უეცრად მან თავის სარეცელთან წმიდა მოციქული პეტრე იხილა, რომელიც კანდელებს შორის იდგა. მას არ შეშინებია, პირიქით, სიყვარულით გამბედაობა მოიკრიბა მისალმებისთვის და ჰკითხა: “ბატონო ჩემო, შემენდო ცოდვები?“ მოციქულმა ალერსიანად დაუქნია თავი და უთხრა: “შეგენდო, წამოდი“. გალამ, რომელსაც მონასტერში განსაკუთრებით ერთი ენკრატისი უყვარდა, უთხრა: “გევედრები, ჩემთან ერთად და ბენედიქტაც წამოვიდეს“. - “არა, - უპასუხა მოციქულმა, - შენთან ერ- თად ესა და ეს წამოვა, ხოლო ის, რომელზეც შენ მთხოვ, ცამეტ დღეში გამოგყვება“. ამ სიტყვების შემდეგ მოციქული უხილავი გახდა. გალამ მაშინვე მონასტრის წინამძღვარი იხმო და უამბო, რაც იხილა და გაიგონა. სამი დღის შემდეგ ის იმ დასთან ერთად დაკრძალეს, რომლის შესახებაც მოციქულმა უთხრა, ხოლო ის და, რომლის შესახებ თავად ითხოვა, მათ გზას ცამეტი დღის შემდეგ გაუდგა. ეს ამბავი მონასტერში დღემდე ახსოვთ და ახალგაზრდა მოწესე ქალწულები უფროსი დებისგან მოსმენილ ამბავს ისეთი ზედმიწევნით გადმოგცემენ, თითქოს ასეთი დიდი სასწაული თავად ეხილოთ.