ვერ დავდუმდები იმის შესახებ, რასაც ყოვლისშემძლე ღმრთის მონა პრობი (ამჟამად ამ ქალაქში რენატად წოდებული მონასტრის წინამძღვარი) საკუთარი ბიძის, ქალაქ რეათის ეპისკოპოს პრობის შესახებ მიამბობდა. აღსასრული რომ მოუახლოვდა, ის მძიმედ დაავადდა. მამამისმა, სახელად მაქსიმემ, ექიმების მოსაყვანად ყველგან მონები დაგზავნა; იმედი ჰქონდა, რომ ისინი მას გამოაჯანმრთელებდნენ. მაგრამ მოწვეულმა ექიმებმა პულსის მიხედვით განაცხადეს, რომ ავადმყოფი მალე გარდაიცვლებოდა. საღამოხანს, როდესაც სადილობის დრო დადგა, ღირსმა ეპისკოპოსმა, გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე ზრუნვით, სთხოვა მათ მამამისთან ერთად საეპისკოპოსო შენობის ზედა სართულზე ასულიყვნენ და ესადილათ. ყველანი ზედა სართულზე ავიდნენ, მასთან მხოლოდ ერთი ყრმა დარჩა, რომელიც, პრობის თქმით, დღესაც ცოცხალია. სნეულის სარეცელთან მყოფმა ყრმამ უეცრად დაინახა: ღმრთის მონასთან ორი თეთრში შემოსილი კაცი შემოვიდა, რომელთაც სახეები იმდენად უბრწყინავდათ, რომ სამოსის სითეთრესაც კი აბნელებდნენ. ამგვარი ბრწყინვალებით თავზარდაცემული ყრმა ხმამაღლა აყვირდა: “ვინა ხართ?“ მისი ყვირილით აღელვებულმა ეპისკოპოსმა პრობმა მოსულთ შეხედა, იცნო ისინი და აყვირებული ყრმის დამშვიდება სცადა: “ნუ გეშინია, შვილო ჩემო, ესენი წმიდა მოწამეები - იუბენალი და ელეფთერი - არიან, ჩემს წასაყვანად მოვიდნენ“. ყრმამ ასეთი გაუგონარი ხილვა ვერ დაიტია, გაიქცა და ეპისკოპოსის მამასა და ექიმებს ნანახის შესახებ უთხრა. ისინი მაშინვე ქვევით ჩავიდნენ, მაგრამ ავადმყოფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს, უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ის იმათ წაიყვანეს, რომელთა ხილვას იქ მყოფმა ყრმამ ვერ გაუძლო.