ვერ დავდუმდები იმ შემთხვევის გამო, რომელიც იმავე ქალაქ ნურსიაში მოხდა. ამის შესახებ ღირსი მოსაგრე სტეფანე მიამბობდა. ის ახლახან იმავე ქალაქში დაკრძალეს და კარგად ვიცნობდი. ის მიამბობდა, რომ ერთი პრესვიტერი მისთვის მინდობილ ეკლესიას უდიდესი ღმრთისმოშიშებით მართავდა. პრესვიტერად კურთხევის შემდეგ მას ცოლი მხოლოდ როგორც და, ისე უყვარდა, მაგრამ მას როგორც მტერს, ისე უფრთხოდა: მიახლოების უფლებას არასოდეს აძლევდა და მასთან ცოლ-ქმრული კავშირი სრულებით გაწყვიტა. წმიდა მოსაგრეებს ამგვარი თვისება აქვთ: დაუშვებელი სამუდამოდ რომ აიცდინონ, ისინი დასაშვებსაც იკრძალავენ. სწორედ ამის გამო, მეუღლისგან რაიმე ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო, მისგან აუცილებელ სამსახურსაც არ იღებდა. ამ ღირსმა პრესვიტერმა ამგვარად მრავალი წელი იცხოვრა, მსახურებიდან მეორმოცე წელს სასტიკი ციებით დაავადდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. როდესაც მისმა მეუღლემ ის მომაკვდავი და მიცვალებულივით მწოლარე იხილა, ყური ნესტოებთან მიუახლოვა და ცდილობდა შეეტყო, ცოცხალი იყო თუ არა. მან ეს რომ იგრძნო, თუმცა ძლივსღა სუნთქავდა, თავს ძალა დაატანა და ხმამაღლა უთხრა: “განვედ, დედაკაცო, ჩემგან, ცეცხლი ჯერ კიდევ ცოცხალია, წაიღე ჩალა“. როდესაც ის გავიდა, თითქოს სასიცოცხლო ძალების მომატება იგრძნო და დიდი სიხარულით შესძახა: “მშვიდობა თქვენს მობრძანებას, ბატონებო! მშვიდობა თქვენს მობრძანებას, ბატონებო; როგორ ღირსმყავით მოგენახულებინეთ თქვენი მდაბალი მონა?.. მოვდივარ, მოვდივარ, მადლობელი ვარ თქვენი, მადლობელი“. მან ეს სიტყვები ხმამაღლა მრავალგზის გაიმეორა; ირგვლივ შეკრებილი ახლობლები დაეკითხნენ, ვის ესაუბრებოდა. მომაკვდავმა მათ გაკვირვებით მიუგო: “ნუთუ აქ მოსულ წმიდა მოციქულებს ვერ ხედავთ? ნუთუ მოციქულთა თავთ - პეტრესა და პავლეს ვერ ამ- ჩნევთ?“ შემდეგ მოციქულებს მიმართა და თქვა: “მოვდივარ, მოვდივარ“, - და ამ სიტყვებით სული უფალს მიაბარა. ამგვარად, წმიდა მოციქულებს გაჰყვა და დაამტკიცა, რომ მათ მართლაც ხედავდა. მართალთა შემთხვევაში ხშირად ხდება, რომ აღსასრულის დროს წინამორბედ წმინდანებს ხედავენ, რათა სიკვდილის შესახებ მტანჯველი ფიქრით არ შეშინდნენ; იმისთვის, რომ ხორცთა საკრველი უმტკივნეულოდ და უშიშრად განიძარცვონ, იმჟამად მათი გონების თვალს ზეციურ მოქალაქეთა დასი წარმოუდგება.