ჯერ კიდევ მონასტერში ყოფნისას ერთი ღირსეული კაცისგან გავიგე, რასაც ამჯერად გიამბობ. ის ამბობდა, რომ ღირსმა მამამ, სახელად სპესმა, მონასტერი იმ ადგილზე ააგო, რომელსაც კამპლე ჰქვია. ის უძველეს ქალაქ ნურსიისგან ექვსი მილით არის დაშორებული. ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთმა ეს ბერი მარადიული ტანჯვისაგან სასჯელით დაიფარა და მასზე გამოვლენილ განგებულებაში სიმკაცრეც აჩვენა და სახიერებაც: როგორც უწინ მისადმი სიყვარული სასჯელით აჩვენა, შემდეგ - სრული განკურნებით გამოავლინა. მთელი ორმოცი წლის მანძილზე ის ბრმა იყო და დღის სინათლე არ უხილავს. მაგრამ საღმრთო სასჯელში მადლი არავის მიატოვებს. მოწყალე მამა, რომელიც სასჯელს მოგვივლენს, შემწყნარებლობასაც რომ არ იჩენდეს, ჩვენი მოუთმენლობის გამო ჩვენში ცოდვებს თვით ცოდვების გამოსასწორებლად მოვლენილი სასჯელი გაამრავლებდა. ამგვარად, დანაშაულის შემცირების ნაცვლად, რისი იმედიც უნდა გვქონოდა, ცოდვა უფრო გამრავლდებოდა. ღმერთმა ჩვენი უძლურებანი იცის და სასჯელს მზრუნველობას უერთებს, თვით სასჯელში კი რჩეული შვილების მიმართ მოწყალედ სამართლიანია, რათა მომავალში ისეთები გახადოს, რომ სამარ- თლის მიხედვით წყალობის ღირსნი იყვნენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: ღირსი მოსაგრე წყვდიადით დასაჯა, მაგრამ შინაგანი ნათელი მისთვის არასოდეს მოუკლია; ხორციელი სნეულების ჟამს, სულიწმიდის მადლით, ის გულისმიერ ნუგეშს შეიგრძნობდა. როდესაც სიბრმავის ორმოცი წელი გავიდა, ღმერთმა მას თვალისჩინი დაუბრუნა და მოახლოებული აღსასრულის შესახებ გამოუცხადა. მაგრამ მანამდე უბრძანა გარშემო მდებარე მონასტრებში სიცოცხლის სიტყვა ექადაგა, რათა ძმების მონახულებისას გულისმიერი ნათელი იმას განეცხადებინა, ვისაც ხორციელი ხედვა დაუბრუნდა. ბრძანებისადმი მორჩილებით, ბერმა ძმათა კინოვიები (საერთო საცხოვრებელი მონასტრები) მაშინვე შემოიარა და იმ ცხოვრების წესს ქადაგებდა, რომელიც თავად საქმით შეისწავლა. ქადაგებიდან მეთხუთმეტე დღეს ის თავის მონასტერში დაბრუნდა. ბერმა ძმებს მოუწოდა და უფლის წმიდა ხორცსა და სისხლს ეზიარა, შემდეგ მათთან ერთად ფსალმუნთა გალობა დაიწყო და გალობის დროს სული უფალს მიაბარა. ყველა იქ მყოფმა იხილა, მისი ბაგეებიდან მტრედი როგორ გამოფრინდა, რომელიც მაშინვე, ყველას თვალწინ, ტაძრის სახურავის ჭრილიდან ზეცისკენ გაფრინდა. სარწმუნოა, რომ მტრედის სახით მისი სული გამოცხადდა, - და ამგვარად ღმერთმა აჩვენა, ეს მოღვაწე როგორი უბრალოებით ემსახურებოდა.