მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეოთხე - თავი პირველი
ხორციელ ადამიანებს მარადიული და სულიერი არ სწამთ, იმიტომ, რომ გამოცდილებით არ იციან ის, რაც სულიერის შესახებ სმენიათ


გრიგოლი: კაცობრიობის პირველმშობელმა, რომელმაც შეცოდების გამო სამოთხისეული ნეტარება დაკარგა, სიბრმავისა და განდევნის უბადრუკება იტვირთა, რომელშიც ამჟამად ჩვენც ვიმყოფებით. ცოდვის გზით ის საკუთარი თავიდან განვარდა და არ შეუძლია ზეციური სამშობლოს ის ნაყოფი შეიტკბოს, რომლითაც ადრე ტკბებოდა. სამოთხეში ადამიანი თვით ღმერთის სიტყვის მოსმენას მიეჩვია; გულის სიწმინდისა და ჭვრეტის სიმაღლის მეოხებით ნეტარი სულების - ანგელოზების გარემოცვაში იყო; მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვარდა, გონებრივი ნათელი მოაკლდა, რომლითაც ავსებული იყო. განგდების სიბნელეში მისგან ხორციელად შობილთ თუმცა გვესმის ზეციური სამშობლოს, მისი მოქალაქეების - ღმერთის ანგელოზების, ანგელოზთა თანამოქალაქეების - მართალთა და სრულყოფილ სულთა შესახებ, მაგრამ რადგან უხილავის შეცნობა გამოცდილების გარეშე შეუძლებელია, ხორციელი ადამიანები ეჭვობენ, მართლაც არსებობს თუ არა ის, რასაც ხორციელი თვალებით ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, ჩვენს პირველმშობელში ამგვარი ეჭვი არ არსებობდა; სამოთხისეული ნეტარების მოკლების შემდეგ მას შემორჩა მოგონება იმის შესახებ, რაც დაკარგა, იმიტომ, რომ ის ნანახი ჰქონდა. ხორციელი ადამიანები კი ვერ შეიგრძნობენ იმას, რაც ესმით. მათ საკუთარი გამოცდილებით არ შეუცვნიათ ის ისე, როგორც პირველმშობელმა იცოდა, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც - როგორც წარსული. მაგალითად, ფეხმძიმე დედაკაცი საპყრობილეში რომ შეამწყვდიონ და შვილი იქ დაბადოს, რომელიც იქვე გაიზრდება და დედა რომ უამბობდეს მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მინდვრების, ცაში აფრენილ ფრინველებისა და მორბენალი ცხენების შესახებ, ბავშვი, რომელიც საპყრობილეში დაიბადა და გაიზარდა და სიბნელის მეტი ამქვეყნად არაფერი უნახავს, ალბათ მოსმენილს ვერ დაიჯერებს, იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით არ ეცოდინება. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი განდევნის სიბნელეში იშვნენ - როდესაც უმაღლესი და უხილავი საგნების შესახებ ესმით, არ სჯერათ, მართლაც არსებობენ თუ არა ისინი, იმიტომ, რომ მხოლოდ უმდაბლეს საგნებს იცნობენ, ხილულთ, რომელთა შორისაც იშვნენ. აი, ამიტომ თვით ხილულთა და უხილავთა შემოქმედი, მამის მხოლოდშობილი ძე კაცობრიობის დასახსნელად მოვიდა და გულებში სულიწმიდა წარმოგვიგზავნა, რათა მის მიერ განცხოველებულებმა (სულიერად გაცოცხლებულებმა) ვირწმუნოთ ის, რაც გამოცდილებით არ ვიცით. ამიტომ, რამდენადაც მივიღებთ ამ სულს, “რომელი-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ “ (ეფეს. 1, 14), უკვე უხილავის არსებობას აღარ ვეჭვობთ, ხოლო ვინც რწმენაში განმტკიცებული არ არის, უეჭველია, სრულყოფილ ადამიანთა სიტყვებს უნდა ენდოს, რომლებმაც სულიწმიდის მეოხებით უხილავი შეიცნეს. როგორი უგუნური იქნებოდა საპყრობილეში აღზრდილი ყრმა, თუკი დედის ნაამბობს სინათლის შესახებ სიცრუედ მხოლოდ იმის გამო ჩათვლიდა, რომ თვითონ არაფერი უხილავს, გარდა საპყრობილის წყვდიადისა.

პეტრე: ვეთანხმები შენს ნათქვამს, მაგრამ ვისაც უხილავის არ სწამს, ის სრულიად ურწმუნოა. ხოლო სრულიად ურწმუნო იმის რწმენას კი არ ეძიებს, რაც აეჭვებს, არამედ მის მტკიცებულებას.