იმასაც გიამბობ, თუ რა შევიტყვე ორიოდე დღის წინ ღირსი ბენანცისგან, რომელიც ლუნიის ეპისკოპოსი იყო. მისი ოლქის მეზობლად ქალაქ ლუკის ეკლესიაში ეპისკოპოსად საოცრად სათნო ადამიანი, ვინმე ფრიგდიანე იყო. იმ ქვეყანაში მის მიერ აღსრულებული მეტად უჩვეულო სასწაული თითქმის ყველას ახსოვს. მდინარე აბსერი, რომელიც ქალაქ ლუკის გალავნის სიახლოვეს მიედინება, წყალდიდობის დროს ნაპირებიდან ხშირად გადმოდიოდა, მინდვრებს ტბორავდა და ნათესებს ანადგურებდა. იმ ქვეყნის მცხოვრებნი ზარალდებოდნენ და ამის გამო ცდილობდნენ მდინარის დინება სხვა ადგილებისკენ მიემართათ, მაგრამ როგორ არ დაშვრნენ, მდინარეს კალაპოტი ვერ შეუცვალეს. მაშინ ღმრთის მონა ფრიგდიანემ პატარა ფოცხი გააკეთა, მდინარის ნაპირზე წაიღო და განმარტოებით ლოცვის შემდეგ მდინარეს უბრძანა გაჰყოლოდა, თვითონ კი ფოცხით გზას უჩვენებდა. მდინარემ კალაპოტი დატოვა და მას გაჰყვა, ის ადგილები კი, სადაც ადრე მიედინებოდა, სრულიად ამოშრა. ახალი კალაპოტი იმ მიმართულებით წარმოიქმნა, რომელიც ღმრთის მონამ ფოცხით მიანიშნა. მას შემდეგ მდინარეს ნათესებისთვის არავი- თარი ზიანი არ მიუყენებია.