ქალაქ აკვინიუმში ეპისკოპოსად იყო ვინმე კონსტანცი, რომელიც ღმრთისმოშიშებით ცხოვრობდა. ის ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე კათედრაზე ჩემი წინამორბედი, ნეტარხსენებული პაპი იოანე ავიდოდა. ვინც კონსტანცის ახლოს იცნობდა, ამბობს, რომ მას წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. სხვათა შორის, აი, რას გადმოგვცემენ თვითმხილველები, კაცნი მართალნი და ღმრთისმოყვარენი. კონსტანცის აღსრულების დღეს, როდესაც მის სიახლოვეს უამრავი დამწუხრებული ადამიანი იდგა, როგორც მოსიყვარულე მამის დამკარგავი შვილები, რამდენიმე მათგანი ცრემლმორევით დაეკითხა: “ვინ შეგვიცვლის შენს თავს, მამაო?“ - “ჩემს შემდეგ“, - უპასუხა წინასწარმეტყველებით კონსტანციმ, - თქვენი ეპისკოპოსი მეხრე იქნება, ხოლო იმის შემდეგ მემაუდე. ვაი შენ, აკვინიუმ, რომ ეს დღე მოგელის!“ ამ წინასწარმეტყველების გამოთქმის შემდეგ კონსტანცი აღესრულა. მართლაც, მისი გარდაცვალების შემდეგ, სამწყემსო მზრუნველობა ეკლესიაზე მისმა დიაკვანმა, ანდრიამ იტვირთა, რომელიც ერთ დროს ცხენების გამრეკი იყო. ანდრიას გარდაცვალების შემდეგ ეპისკოპოსის ღირსება იოანეს ერგო, რომელიც იმავე ქალაქში ადრე მემაუდე იყო. იოანეს მმართველობის ხანაში იმდენი ადამიანი მოისრა ბარბაროსთა მახვილით და ჟამიანობით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ აღარავინ დარ- ჩა შესაფერისი, რომ ეპისკოპოსად აერჩიათ და ან ვისთვის უნდა აერჩიათ. ამგვარად, ღმრთის სათნო მოსაგრის წინასწარმეტყველება, რომ ორი მოსაყდრის შემდეგ მისი ეკლესია მწყემსის გარეშე დარჩებოდა, აღსრულდა.