მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეშვიდე
ფუნდის ეპისკოპოსი ანდრია


როდესაც დიდ მოღვაწეთა საქმეებზე მოგითხრობ, მუდამ ფუნდის ეპისკოპოს ანდრიას მიმართ გამოვლენილი ღმრთის სახიერება მაგონდება. ამით ჩემს მკითხველებს, ვინც სხეულს თავშეკავებით წვრთნის, განსაკუთრებით ვურჩევდი არ გაკადნიერდნენ დედაკაცის სიახლოვეს ცხოვრებით, რადგან საშიშია, სულიერი დაცემა არ მოხდეს იმის გამო, რომ დედაკაცის სიახლოვისას ცოდვიანი გულისთქმა აღიძვრება. გიამბობ უტყუარ ამბავს, რომლის მოწმეც იმ ქვეყნის თითქმის ყოველი მცხოვრებია. ღმრთისმოსავი ანდრიას ცხოვრება მრავალი სათნოებით იყო აღსავსე. ის უბიწო ცხოვრებას მკაცრად იცავდა. როდესაც ეპისკოპოსი გახდა, არ უნდოდა მზრუნველობა მოეკლო ერთი ენკრატისისთვის, რომელიც უწინ მასთან ცხოვრობდა და მტკიცედ დარწმუნებულმა, რომ ისიც მასავით სიწმინდეს იცავდა, ნება დართო მასთან დარჩენილიყო. ადამიანთა უძველესმა მტერმა (ეშმაკმა) მოისურვა ესარგებლა ამით, რათა ანდრიას სულში საცდურის შესაღწევად შესასვლელი გაეღო. ეპისკოპოსის გონებას მუდმივად წარმოუდგენდა ამ დედაკაცის სახეს და არაწმიდა გულისთქმები მას სარეცელზეც არ ტოვებდა.

ერთხელ ერთმა იუდეველმა, რომელიც რომში მიემგზავრებოდა, აპიაში გაიარა. როდესაც ფუნდის მთებს მიაღწია, უკვე საღამოვდებოდა და თავშესაფარი რომ ვერსად ნახა, თავი აპოლონის სამსხვერპლოს შეაფარა. ეშმაკთა საცხოვრებელმა შიში მოჰგვარა და პირჯვარი გამოისახა, თუმცა ჯვრის ძალა სრულებით არ სწამდა. შუა ღამით, როდესაც ღამის სიჩუმე შიშს ჰგვრიდა და არ ეძინა, უეცრად დაინახა, რომ სამსხვერპლოსთან უამრავი ბოროტი სული მოვიდა, რომლებიც თავიანთ მბრძანებელს ამალასავით მოჰყვებოდნენ. ის, ვინც მათ შორის მთავარს ჰგავდა, სამსხვერპლოს შუაში დაჯდა და ყოველ თანმხლებს ეკითხებოდა, თუ რას საქმიანობდა. მას აინტერესებდა, მათგან თითოეულმა რამდენი ბოროტება ჩაიდინა. ყოველი გამოკითხული ბოროტი სული ჰყვებოდა, კეთილისმოქმედ ადამიანებს რითი აცდუნებდა. შემდეგ მის წინაშე ის წარდგა, ვინც ეპისკოპოს ანდრიას მოწესე დედაკაცის სახის წარმოდგენით ხორციელ ბრძოლას აღუძრავდა. მათი მთავარი ამ ცნობას ხარბად ისმენდა და ყოველი წვრილმანი მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რადგანაც ბოროტი სული წარმწყმედელი დაცემისაკენ წმიდა კაცს მისდრეკდა. ამავე დროს სულმა აღიარა, რომ ჯერჯერობით არაფერი გამოუვიდა, გარდა იმისა, რომ გუშინ საღამოს ეპისკოპოსი აღძრა, მონაზონს ვნებიანად შეხებოდა. მაშინ ბოროტმა სულმა, კაცთა მოდგმის უძველესმა მტერმა, მას დარწმუნება დაუწყო, დაწყებული საქმე დაესრულებინა და პირველობის პალმის რტოს დაჰპირდა. იქ მყოფმა იუდეველმა ეს ყოველივე ცხადად ნახა, მაგრამ შიშის ზარი მაშინ დაეცა, როდესაც მთავარმა ბრძანა გაეგოთ, ვინ გაბედა მათ სამსხვერპლოში გაეთია ღამე. ბოროტი სულები იუდეველს მიუახლოვდნენ, კარგად დააკვირდნენ და ნახეს, რომ ის ჯვრის ნიშით იყო გარეშემოზღუდული და შეშინებულებმა შესძახეს: “ჰოი, ეს ცარიელი, დაბეჭდილი ჭურჭელია!“ ამ სიტყვების შემდეგ ბოროტ სულთა სიმრავლე გაქრა. იუდეველი მყისვე ადგა და ეპისკოპოსთან გაეშურა. ის ამ დროს ტაძარში იყო. იუდეველმა მღვდელმთავარი გვერდზე გაიხმო და დაეკითხა, განსაკუთრებით რომელი ბრძოლა აწუხებდა. ეპისკოპოსს თქმა ერიდებოდა. მაშინ იუდეველმა უთხრა, რომ ის ენკრატისის მიმართ არაწმიდა სიყვარულით იტანჯებოდა, მაგრამ ეპისკოპოსი მაინც არ გამოტყდა. ამის შემდეგ იუდეველმა უთხრა: “რატომ არ აღიარებ იმას, რის შესახებაც გეკითხები? გუშინ იმგვარი ბრძოლა არ გქონდა, რომ გაკადნიერდი და ენკრატისს ვნებიანად შეეხე?“ ამ სიტყვებით მხილებულმა ეპისკოპოსმა მდაბლად აღიარა ყოველივე, რასაც აქამდე ჯიუტად უარყოფდა. იუდეველს სურდა მისი სიწმინდე დაცემისაგან ეხსნა და მოუთხრო, როგორ შეიტყო ამის შესახებ ბოროტ სულთა კრებაზე. მაშინ ეპისკოპოსი სინანულითა და ლოცვით მიწაზე დაემხო და თავისი საცხოვრებლიდან არა მარტო ის ენკრატისი განიშორა, არამედ - სხვა მორჩილი დედაკაცებიც. აპოლონის სამსხვერპლოს ადგილას მან წმიდა მოციქულ ანდრიას ტაძარი ააგო და ხორციელი ბრძოლისაგან სრულიად გათავისუფლდა. ხოლო იუდეველი, რომელმაც ამხილა და თავისი ხილვით იხსნა, მარადიული ხსნის გზაზე დააყენა, ნათლისღების წყალში განბანა და წმიდა საიდუმლოთა მეოხებით წმიდა ეკლესიის წიაღში მიიღო. ამგვარად, ამ ებრაელმა სხვის ხსნაზე ზრუნვით ხსნა თავისთვისაც მოიპოვა და ყოვლისშემძლე ღმერთმა მას სათნო ცხოვრებისაკენ სწორედ იმით მოუწოდა, რაც სხვისი სათნოების დაცვას ემსახურა.

პეტრე: მოსმენილი შიშსა და სასოებას აღმიძრავს.

გრიგოლი: მუდამ გვმართებს ვსასოებდეთ ღმერთის ჩვენდამი მოწყალებას და ვძრწოდეთ ჩვენი უძლურების გამო. აჰა, გავიგეთ, სამოთხის კედარი როგორ შეირყა, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა, რათა ჩვენში, რომლებიც უმტკიცარნი ვართ, მისი რყევის გამო შიში იშვას, და სასოება - მისი სიმტკიცის გამო.