გრიგოლი: ვერ დავდუმდები, პეტრე, იმის შესახებ, რასაც ქალაქ ნარნიდან მოსული რამდენიმე ადამიანი ადასტურებს. ასევე გუთების ბატონობის ჟამს უკვე ხსენებული მეფე ტოტილა ქალაქ ნარნში ყოფნისას ამ ქალაქის ეპისკოპოს, ღმრთისმოსავ კასს შეხვდა. მას სახეზე ბუნებრივი სიწითლე დაჰკრავდა, მაგრამ მეფე ტოტილამ იფიქრა, რომ ეს სიწითლე ბუნებრივი კი არ იყო, არამედ - მუდმივი მემთვრალეობის შედეგი და ეპისკოპოსს შეურაცხმყოფელად ექცეოდა. მაშინ ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომ ეჩვენებინა, როგორ ადამიანს შეურაცხყოფდნენ, ამგვარი რამ დაუშვა. ნარნის ველზე, მეფის თანდასწრებით მთელი ჯარის თვალწინ, ბოროტი სული მეფის ერთ-ერთ საჭურველთმტვირთველს ეკვეთა და სასტიკი წამება დაუწყო. მეფის თანდასწრებით ის ღმრთისმოშიშ კასს მიჰგვარეს. ღმრთის მონამ ლოცვა აღავლინა, ჯვარი გამოსახა და ბოროტი სული განაგდო, რომელიც შეპყრობილ-თან აღარასოდეს დაბრუნებულა. ამ დროიდან მეფე ღმრთის კაცს გულითად პატივს მიაგებდა, რომელსაც აქამდე, მხოლოდ გარეგნობის გამო ყოველგვარი შეურაცხყოფის ღირსად თვლიდა. როდესაც მეფემ მისი სათნოება შეიცნო, აქამდე ამაყი და სასტიკი სული მოულბა.