რამდენიმე ღმრთისმოშიში ადამიანი, რომლებიც მთელ აპულეის მხარეში იყვნენ ცნობილნი, კანუზის ეპისკოპოს საბინის შესახებ მოგვითხრობენ (რაც შორეულ მხარეებშიც ცნობილი გახდა), რომ მან ხანდაზმულობაში თვალისჩინი დაკარგა და ვერაფერს ხედავდა. გუთების მეფე ტოტილამ გაიგო, რომ მას წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, არ ირწმუნა და მოისურვა ამაში თავად დარწმუნებულიყო. ერთხელ იმ მხარეში მგზავრობდა, სადაც საბინი ეპისკოპოსობდა. ღმრთის მონამ მეფე ტრაპეზზე მიიწვია. როდესაც სუფრას- თან უნდა დამსხდარიყვნენ, მეფემ არ მოისურვა ტრაპეზის თავში ჯდომა, არამედ ღირს საბინს მარჯვენით მოუჯდა. როდესაც მოახლემ საბინს ღვინის სასმისი მოართვა, მეფემ უჩუმრად გამოართვა და ეპისკოპოსს თვითონ მიაწოდა, სურდა ენახა, წინასწარმცნობელობის მადლით შეიტყობდა თუ არა ეპისკოპოსი, ვინ მიაწოდა სასმისი. “ამ მთავრის ხელმა იცოცხლოს!“ - თქვა ღმრთის მონამ და სასმისი გამოართვა, თუმცა არ უხილავს ვინ მიაწოდა იგი. წმინდანის სიტყვებმა მეფე კიდეც შეარცხვინა, რადგან მისი ურწმუნოება ამხილა და ამავე დროს გაახარა, რადგან ის გაცხადდა, რასაც ღმრთის კაცში ეძებდა. ღმრთისმოშიშმა საბინმა ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა. ერთ-ერთი მისი მთავარდიაკონთაგანი პატივმოყვარეობის გულისთქმით იყო შეპყრობილი და სურდა საბინის შემდეგ საეპისკოპოსო კათედრა დაეკავებინა. მან გადაწყვიტა ეპისკოპოსის სიცოცხლე შხამით შეეწყვიტა, რისთვისაც ღვინისმწდე მოისყიდა და დაიყოლია, რომ საბინისთვის შხამნარევი ღვინო მიერთმია. როდესაც სადილობის დრო დადგა და ეპისკოპოსი სუფრას მიუჯდა, მოსყიდულმა მსახურმა მთავარდიაკონის მომზადებული მოწამლული სასმელი მიართვა. “თვითონ შესვი ის, რაც მომიმზადე“, - უთხრა მას ღმრთისმოსავმა ეპისკოპოსმა. მსახური აკანკალდა, რადგან ამხილეს და გადაწყვიტა შეესვა შხამი და მომკვდარიყო, ვიდრე განზრახ მკვლელობისთვის სასჯელს დაქვემდებარებოდა. მაგრამ, როგორც კი სასმისი პირთან მიიტანა, ღმრთის მონამ შეაჩერა და უთხრა: “არ დალიო, მომეცი, მე დავლევ. შენ კი წადი და ვინც ეს შხამი მოგცა, იმას უთხარი, რომ მე შევსვი, მაგრამ თვითონ ეპისკოპოსი ვერ გახდება“. მან ჯვარი გამოისახა და სასმისი მშვიდად შესვა. მთავარდიაკონი, რომელიც სულ სხვაგან იმყოფებოდა, იმავე წამს გარდაიცვალა. თითქოს შხამი, რომელიც ეპისკოპოსმა შესვა, დამნაშავის წიაღში აღმოჩნდა, მაგრამ მთავარდიაკონი ხილულმა შხამმა კი არ მოკლა, არამედ მარადიული მსაჯულის წინაშე მისივე ბოროტების შხამმა მოუღო ბოლო.
პეტრე: საკვირველია და ფრიად განსაცვიფრებელი ჩვენს დროში ამგვარი საქმეები. თვით ამ წმინდანის ცხოვრების განხილვა გვიჩვენებს, რომ შეუძლებელია არ გიკვირდეს მის მიერ აღსრულებულ საქმეთა სიდიადე.