მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეოთხე
მედიოლანის ეპისკოპოსი დაცი


იმავე იმპერატორის მეფობის ჟამს მედიოლანის ეპისკოპოსი დაცი სარწმუნოებრივ საქმეთა გამო კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. კორინთოს რომ მიაღწია, დასასვენებლად დიდ სახლს ეძებდა, სადაც მხლებლებთან ერთად მოთავსდებოდა. თავშესაფარი დიდხანს ვერ ნახეს. დაციმ შორიდან ერთი სახლი შენიშნა, რომელიც საკმაოდ დიდი იყო და ბრძანა მის- თვის და მხლებლებისთვის მოემზადებინათ. მაგრამ ქალაქის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ ამ სახლში დადგომა შეუძლებელი იყო, რადგან იქ რამდენიმე წელია არაწმიდა სული ჩასახლებულიყო და ამის გამო უკაცრიელი იყო. “ამ სახლში სწორედ იმიტომ უნდა დავსახლდეთ, - თქვა ღირსმა დაციმ, - რომ იქ არაწმიდა სულია ჩასახლებული და არავის უშვებს“. ის უძველეს მტერთან საბრძოლველად მშვიდად შევიდა. ღამის სიწყნარეში, როდესაც ღმრთის მონას ეძინა, ბოროტმა სხვადასხვა მხეცის ხმით დაიწყო ყვირილი: ლომივით ღრიალებდა, ცხვარივით ბღაოდა, ვირივით ყროყინებდა, გველივით სისინებდა, ღორივით ღრუტუნებდა და თაგვივით წრიპინებდა. ამ ხმების გაგონებაზე დაცის გაეღვიძა, მყისვე წამოდგა და ეშმაკს ხმამაღლა მრისხანედ მიმართა: “წყეულო, რაც დაიმსახურე ის დაგემართა; შენ, რომელიც იქადოდი: ჩრდილოეთით დავიდგამ ტახტს და უზენაესს მივემსგავსები, ამპარტავნების გამო ღორებსა და თაგვებს მიმსგავსებიხარ და შენ, რომელიც გაკადნიერდი და ღმერთის მიმსგავსება ისურვე, ახლა სრულიად ღირსეულად ცხოველებს ბაძავ“. ამ სიტყვების გაგონებაზე არაწმიდა სული თავისი უღირსებით შერცხვენილი იქნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სახლს არ დატოვებდა, სადაც სხვადასხვა საზარელ სახეს იღებდა. ამგვარად, მას შემდეგ, რაც იმ სახლში ჭეშმარიტი მორწმუნე შევიდა, არაწმიდა და ცრუ სული იქიდან მყისვე განვარდა და მას შემდეგ იქ ქრისტიანები დასახლდნენ. თუმცა დავტოვოთ ძველი დრო და მოგითხრობ, თუ რა მოხდა ჩვენს დროში.