|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
დიალოღონი საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ
წიგნი მესამე - თავი ოცდამეთვრამეტე ფერენტის ეპისკოპოს რედემპტის ხილვა
გრიგოლი: ნუ გიკვირს, პეტრე. შენთვის ფერენტის ეპისკოპოსი რედემპტი ცნობილი იყო, რომელიც ღირსეულად ცხოვრობდა და ამქვეყნიდან შვიდიოდე წლის წინ გავიდა. როდესაც ჯერ კიდევ მონასტერში ვცხოვრობდი, მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და მან ჩემი თხოვნით მიამბო, რომ ჩემი წინამორბედის, პაპ იოანე უმცროსის დროს ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ ემცნო. ამის შესახებ სხვებმაც იციან. მან შემდეგი რამ მიამბო: ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ის თავისი სამწყსოს მოსანახულებლად იყო და წმიდა მოწამე ევტიქის ტაძართან შეჩერდა. საღამოხანს ბრძანა მისთვის სარეცელი მოწამის საფლავთან მოემზადებინათ და შრომით დაქანცული მოსასვენებლად იქ დაწვა. შუაღამემდე ძილ-ღვი- ძილში იყო; დაღლილობა ძილისკენ იზიდავდა, მაგრამ მისი სული, თითქოს რაღაც სიმძიმით შეჭირვებული, მღვიძარებდა. ამგვარ მდგომარეობაში მყოფს წმიდა მოწამე ევტიქი წარმოუდგა და უთხრა: “რედემპტ, არ გძინავს?“- “არ მძინავს“, - მიუგო მან. “ყოველგვარი ხორციელის აღსასრული ახლოვდება, - განაგრძობდა წმინდანი, - ყოველგვარი ხორციელის აღსასრული ახლოვდება, ყოველგვარი ხორციელის აღსასრული ახლოვდება!“ სამგზის გამეორების შემდეგ მოწამის გამოცხადება, რომელიც რედემპტის სულიერ თვალს წარმოუდგა, გაქრა. ღმრთის მონა წამოდგა და ცრემლით ლოცვა დაიწყო. მალე ცაზე საზარელი ნიშნები გამოჩნდა. ჩრდილოეთის მხარეს ცეცხლოვანი ისრები და შუბები ჩანდა. შემდეგ თავიანთი საცხოვრებლებიდან საზარელი ლონგობარდები გამოვიდნენ და თავს დაგვესხნენ. აურაცხელი ადამიანი, როგორც თავთავები მკის დროს, შემუსვრილი იყო. ქალაქები უკაცრიელი იყო, ციხე-სიმაგრეები - დანგრეული, სოფლები - მიტოვებული, მინდვრები - დაუმუშავებელი და გაუდაბურებული, ერთი მცხოვრებიც კი არსად ჩანდა; იქ, სადაც უწინ ადამიანები სახლობდნენ, ველური ცხოველები დასახლდნენ. - არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყნიერების აღსასრული არათუ ახლოს არის, არამედ მოიწია კიდეც. ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია მარადიული მით მეტი სიმტკიცით ვეძიოთ, რაც უფრო სწრაფად ქრება წარმავალი. ჩვენ ეს სოფელი მაშინაც კი უნდა მოგვეძულებინა, ბედნიერებით რომ მოვეხიბლეთ, მაგრამ თუკი ის ამგვარი ჭირით განიგმირება, ამგვარი უბედურებით ითრგუნება, ყოველდღიურად ასეთ განსაცდელს შობს - ამით რას გვასწავლის, თუ არა იმას, რომ არ გვიყვარდეს? რჩეულ მოსაგრეთა ღვაწლის შესახებ კიდევ მრავალი რამის თხრობა შეიძლება, მაგრამ ამაზე დავდუმდები, რადგან ვჩქარობ სხვა რამ გიამბო.
პეტრე: შემიმჩნევია, რომ წმიდა ეკლესიის წიაღში იმქვეყნიური ცხოვრების გამო მრავალნი არიან დაეჭვებულნი. ამიტომ გთხოვ, გონებისმიერი განსჯით ან მაგალითებით, რომლებიც მოგაგონდება, დაეჭვებულთა განსასწავლად აჩვენო, რომ სული ხორცთან ერთად არ კვდება.
გრიგოლი: ეს რთული საქმეა, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც დაკავებულია და მხედველობაში სულ სხვა რამ აქვს. მაგრამ თუკი არსებობენ ადამიანები, რომლებიც სარგებელს იპოვიან, უყოყმანოდ, რამდენადაც ღმრთის მოწყალება შემეწევა, მეოთხე წიგნში ვაჩვენებ, რომ სული ხორციელი სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს.
|
|