მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეჩვიდმეტე
სანკტულა, ნურსიის ოლქის პრესვიტერი


ორმოციოდე დღის წინ შენ ჩემთან ღრმთისმოსავი პრესვიტერი სანკტულა ნახე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ის ნურსიის პროვინციიდან ჩემთან ყოველ წელს მოდიოდა. სამი დღის წინ იქიდან ერთი მონაზონი მოვიდა და სამწუხარო ამბავი - სანკტულას აღსრულება გვამცნო. თუმცა უცრემლოდ არ ძალმიძს ამ თავმდაბალი ადამიანის გახსენება, მაგრამ ამჟამად უშიშრად შემიძლია გიამბო იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც მისი მეზობელი მღვდელმსახურებისაგან შევიტყვე, ისინი უაღრესად სიმართლისმოყვარენი და გულწრფელნი არიან. ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილება ადამიანებს გაბედულებას მატებს; მის თავმდაბლობას ხშირად ვამარცხებდი და ის თავადაც მიამბობდა მის მიერ ბოლო დროს აღსრულებულ სასწაულებს. ერთხელ ლონგობარდები ზეთისხილს წურავდნენ. სანკტულა, რომელსაც სასიამოვნო გარეგნობა და ასეთივე ხასიათი ჰქონდა, მათ ცარიელი ტიკით მიუახლოვდა, მშრომელებს მხიარული სახით მიესალმა და უფრო მეტად მბრძანებლურად, ვიდრე თხოვნით, შესთავაზა მისთვის ტიკი ზეთით აევსოთ. ლონგობარდები, რომლებიც მთელი დღე ამაოდ დაშვრნენ (მიუხედავად მთელი დღის წვალებისა, ზეთი ვერ გამოწურეს), გაბრაზდნენ და შეურაცხყოფა დაუწყეს. მაშინ ღმრთის კაცმა კიდევ უფრო მხიარული სახით უპასუხა: “ილოცეთ ჩემთვის, აუვსეთ სანკტულას ეს ტიკი და ის თავს დაგანებებთ“. ამასობაში ლონგობარდები ამაო შრომითა და ღმრთის კაცის დაჟინებული თხოვნით განრისხდნენ და მას უფრო მეტად შეურაცხყოფდნენ. ღმრთის კაცმა წყალი მოითხოვა, ყველას თვალწინ აკურთხა და საწურს თავისი ხელით დაასხა. კურთხევის ძალით, საწურიდან მყისვე ზეთი გადმოვიდა და თანაც იმდენი, რომ აქამდე ამაოდ დამაშვრალმა ლონგობარდებმა ყველა ჭურჭელი აავსეს და ღმრთის კაცსაც გაუვსეს ტიკი. მათ მადლობა იმას შესწირეს, ვინც ზეთს მათგან ითხოვდა და თავისი კურთხევით ის მისცა, რასაც მათგან ითხოვდა.

სხვა დროს, როდესაც ყველგან ძლიერი შიმშილობა მძვინვარებდა, ლონგობარდებმა წმიდა მოწამე ლავრენტის ტაძარი დაწვეს. მის აღსადგენად ღმრთის კაცმა მრავალი ოსტატი და მუშა მოიწვია. ყოველდღიურად მათი შრომის ანაზღაურება აუცილებელი გახდა, მაგრამ რადგან შიმშილობა იყო, პური შემოელიათ. ხელოსნებს საჭმლის სიმცირის გამო ძალა არ ჰქონდათ, რომ ემუშავათ და პურს დაჟინებით ითხოვდნენ. ღმრთის კაცი გარეგნულად მათ გამხნევებას ცდილობდა და დანაკლისის შევსებას დაჰპირდა, მაგრამ შინაგანად ძლიერ იტანჯებოდა, რადგან დანაპირების ასრულება შეუძლებელი იყო. როდესაც აღელვებული ბოლთას სცემდა, ღუმელს მიუახლოვდა, სადაც ცოტა ხნის წინ მეზობელმა დედაკაცებმა პური გამოაცხვეს და შიგნით შეიხედა, რომ ენახა მათ პური ხომ არ დარჩათ. უეცრად ღუმელში უზარმაზარი და უჩვეულოდ თეთრი პური დაინახა. მან პური გამოიღო, მაგრამ მუშებთან წაღება ვერ გაბედა, რადგან იფიქრა, თუ პური სხვისი იყო, სიკეთის გაკეთების საბაბით შეიძლებოდა ცოდვაში ჩავარდნილიყო. ამგვარად, მან პური მეზობელ დედაკაცებთან წაიღო, ყველას აჩვენა და ეკითხებოდა, ღუმელში ხომ არ დარჩათ. ყოველმა მათგანმა იუარა. მაშინ ღმრთის კაცი მუ- შებთან სიხარულით გაეშურა ერთი პურით, ღმერთს მადლი შესწირა და ისინი პურის საჭმელად მიიწვია. როდესაც ჭამეს, წმინდანმა ნარჩენები მოაგროვა და ისინი პურზე მეტი აღმოჩნდა. ნარჩენები მათ მეორე დღეს კიდევ შესთავაზა, მაგრამ ჭამის შემდეგ მოგროვილი ნარჩენები ისევ შეთავაზებულზე მეტი აღმოჩნდა. ამგვარად, ათი დღის განმავლობაში ხელოსნები და მუშები ყოველდღიურად ერთი პურით იკვებებოდნენ და ჭამის შემდეგ ნარჩენები მეორე დღისთვის რჩებოდა, თითქოს საზრდელი მჭამელთა პირში მრავლდებოდა.

პეტრე: საოცარი ამბავია, უფლის მიერ აღსრულებულ სასწაულს მაგონებს.

გრიგოლი: თვით მან, ვინც ხუთი პურით ხუთი ათასი კაცი განაძღო, ვინც პაწაწინა მარცვლიდან სამკალად უამრავ ნაყოფს გვაძლევს, ვინც მიწიდან თავად თესლს აღმოაცენებს და ყოველივეს არაფრისაგან ქმნის, თავისი მონის საშუალებით ერთი პურით მრავალი ადამიანი აქაც მან განაძღო. მაგრამ ღირსი სანკტულას გარეგანი საქმეები, რომელთაც ღმრთის ძალით აღასრულებდა, საკვირველად რომ არ მოგეჩვენოს, ისმინე, თვითონ ის იმავე ძალის მეოხებით შინაგანად როგორი იყო. ერთხელ ლონგობარდებმა ერთი დიაკვანი დაატყვევეს, ბორკილებში ჰყავდათ და ბოლოს მისი მოკვლა გადაწყვიტეს. საღამოხანს სანკტულა ლონგობარდებთან მივიდა და დიაკვნის გათავისუფლება და მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა. მათ უარი უთხრეს. ბოლოს სთხოვა მისთვის მიებარებინათ. “მოგაბარებთ, - უთხრეს ლონგობარდებმა, - მაგრამ იმ პირობით, რომ თუ გაიქცევა, იმის ნაცვლად შენ მოგკლავთ“. ღმრთის კაცი სიხარულით დათანხმდა და დიაკვანი საკუთარი პასუხისმგებლობით წამოიყვანა. შუაღამით, როდესაც ლონგობარდებს ეძინათ, მან დიაკვანი გააღვიძა და უთხრა: “ადექი და სწრაფად გაიქეცი. ყოვლისშემძლე ღმერ- თმა გადაგარჩინოს!“ დიაკვანს სანკტულას აღთქმა ახსოვდა და უთხრა: “ვერ გავიქცევი, მამაო, იმიტომ, რომ შენ მოგკლავენ“, მაგრამ ღმრთის კაცი აიძულებდა გაქცეულიყო: “ადექი და გაიქეცი, ყოვლისშემძლე ღმერთი შეგეწიოს, მე კი - მის ხელთ ვარ, ისინი ისე მომექცევიან, რასაც ის ჩემთვის დაუშვებს“. დიაკვანი გაიქცა, ხოლო მისი მეურვე, თითქოსდა მოტყუებული, მარტო დარჩა. მეორე დღეს ლონგობარდებმა ტყვე უკანვე მოითხოვეს, მაგრამ ღმრთისმოსავმა პრესვიტერმა მიუგო, რომ დიაკვანი გაიქცა. “შენ იცი, რაც მოგელის“, - უთხრეს ლონგობარდებმა. “ვიცი“, - უპასუხა მტკიცედ ღმრთის კაცმა. -“შენ კეთილი კაცი ხარ, - უთხრა ლონგობარდმა, - წამებით არ მოგკლავთ. თვითონ ამოირჩიე, როგორი სიკვდილი გსურს!“ “მე ღმერთის ხელთა ვარ, - უპასუხა წმინდანმა, - იმგვარად მომკალით, როგორც ის ჩაგაგონებთ“. მაშინ ლონგობარდებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, მისთვის თავი მოეკვეთათ, რომ სწრაფად და ნაკლები ტანჯვით აღსრულებულიყო. იმ მხარეში მყოფი ლონგობარდები სანკტულას წმიდა ცხოვრების გამო პატივს სცემდნენ, მაგრამ უჩვეულოდ სასტიკი ბუნების გამო შეიკრიბნენ, რომ მისი სიკვდილის ცქერით დამტკბარიყვნენ: თავიანთი ადგილები დაიკავეს, უძლიერესთა შორის შეარჩიეს ერთ-ერთი, რომელიც თავის მოკვეთას ერთი დარტყმით შეძლებდა და ღმრთის კაცი შუაგულში გამოიყვანეს. შეიარაღებულ ადამიანთა შორის მყოფმა წმინდანმა თავის იარაღს მიმართა - მან ლოცვის ნება ითხოვა. მას ამის უფლება მისცეს და სანკტულა ლოცვით მიწაზე განერთხა. რამდენიმე ხანში ჯალათმა ფეხი წაჰკრა და უბრძანა მუხლი მოედრიკა და თავი მოეხარა. ღმრთის მონა ადგა, მუხლი მოიდრიკა და ქედი მოხარა, მაგრამ გაშიშვლებულ ხმალს რომ შეხედა, როგორც ამბობენ, ხმამაღლა წარმოთქვა: “წმიდაო იოანე! შეაკავე იგი!“ ჯალათმა ძლიერად მოიქნია ხელი, რომ მისთვის დაერტყა, მაგრამ ხელი გაუშეშდა, ვერაფრით დაუშვა ძირს და ზეაღმართული დარჩა. სასიკვდილო განაჩენის საყურებლად შეკრებილმა ხალხმა ღმრთის კაცს ქებისა და პატივისცემის გამომხატველი ალერსიანი შეძახილებით მიმართა, რადგან ცხადად იხილა, რა წმიდა იყო ის, ვინც ჯალათს ხელი შეუჩერა. წმინდანი მათი თხოვნით წამოდგა, მაგრამ როდესაც ჯალათისთვის ხელის განკურნება სთხოვეს, უარი უთხრა: “მისთვის ვერ ვილოცებ, თუკი არ დაიფიცებს, რომ ამ ხელით არც ერთ ქრისტიანს აღარ მოკლავს“. ლონგობარდი, რომელიც კვლავ ღმერთის წინააღმდეგ აღმართული ხელით იდგა, სამარცხვინო მდგომარეობით იძულებული შეიქნა დაეფიცა, რომ აღარ მოკლავდა ქრისტიანებს. მაშინ ღმრთის მონამ თქვა: “დაუშვი ხელი“ და მან მაშინვე დაუშვა. შემდეგ წმინდანმა თქვა: “ხმალი ქარქაშში ჩააგე“. მანაც მაშინვე ჩააგო. ლონგობარდებმა სანკტულაში დიდი წმინდანი რომ შეიცნეს, რიგრიგობით მოტაცებულ ხარებსა და ცხენებს სთავაზობდნენ, მაგრამ ღმრთის კაცმა ამგვარი ძღვენის მიღებაზე უარი თქვა და მათგან უკეთესი ჯილდო გამოითხოვა: “თუკი გსურთ რაიმე შემომწიროთ, მაშინ თქვენი ყველა ტყვე მე მომეცით, რომ მიზეზი მქონდეს ღმერთის წინაშე თქვენთვის ვილოცო “. მას სურვილი შეუსრულეს: ყველა ტყვე მასთან ერთად გაათავისუფლეს და ამგვარად, ღმრთის მოწყალებით, ერთმა, რომელმაც თავი მეორე ადამიანისთვის გასწირა, სიკვდილისაგან მრავალი იხსნა.

პეტრე: საკვირველი ამბავია! თუმცა ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ გამოგიტყდები, როდესაც მიამბობენ, კვლავ ყურადღებით ვისმენ.

გრიგოლი: სანკტულას სასწაული ნუ გაგაკვირვებს; თუკი შეგიძლია, განსაჯე, ის, ვინც ასეთი გულმართალი იყო და სათნოების ასეთ მაღალ საფეხურზე იდგა, რით აღიძვროდა? სად იმყოფებოდა მისი გონება, როდესაც ასეთი სიმტკიცით მოყვასისთვის თავის გაწირვა გადაწყვიტა, ძმისთვის დროებითი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საკუთარი სიცოცხლე მოიძულა და მახვილს ქედი მოუხარა? მის გულს როგორი სიყვარულის ძალა აღაფრთოვანებდა, როდესაც არ შეშინდა მოყვასის სიცოცხლე საკუთარი სიკვდილით გამოესყიდა? ჭეშმარიტად ცნობილია, რომ ღირსმა სანკტულამ კარგად კითხვაც კი არ იცოდა და სჯული წიგნებით არ უსწავლია, არამედ ვინაიდან “აღმასრულებელი შჯულისაჲ სიყუარული არს“ (რომ. 13, 10), ღმრთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულით მან სჯული სრულად აღასრულა. რაც არ უსწავლია, მასში სიყვარულით ცოცხლობდა და მოქმედებდა. მან, ვისაც შესაძლოა არასოდეს წაუკითხავს მხსნელის შესახებ მოციქულ იოანეს სიტყვები: “მან სული თÂსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ “ (1 იოან. 3, 16), არა სიტყვით, არამედ საქმით აჩვენა, რომ იცის მოციქულის ეს მაღალი მცნება. თუ გნებავს, მისი განათლებული უცოდინრობა ჩვენს მეცნიერულ ცოდნას შევადაროთ. სადაც ჩვენი ცოდნა მკვდარია, იქ მისი შემეცნებაა მოქმედი. ჩვენ სათნოებათა შესახებ გულგრილად ვსაუბრობთ და ნაყოფიერ ხეთა შორის თითქოს მხოლოდ ხილის სურნელს შევიგრძნობთ, მაგრამ მათ გემოს ვერ ვიგებთ. მან კი იცოდა, თვით სათნოებათა ნაყოფებით როგორ ესარგებლა, თუმცა სიტყვებით მათი გაკეთილსურნელება არ შეეძლო.

პეტრე: როგორ ფიქრობ, მუდმივად რატომ იკლებს სათნოების მოქმედთა რაოდენობა? რატომ არის, რომ ისეთ ადამიანს, ვინც მრავალთა განსასწავლად უნდა ცოცხლობდეს, სრულებით ვერ იპოვი ან სულ უფრო იშვიათად შეხვდები?

გრიგოლი: ადამიანთა ბიწიერების გამო კეთილმსახური ადამიანები გაიყვანებიან მათგან და როდესაც ქვეყნიერების აღსასრული მოახლოვდება, რჩეულნი აღტაცებულ იქნებიან, რათა ბილწი არაფერი იხილონ. ამიტომ ბრძანებს წინასწარმეტყველი: “იხილეთ, ვითარ წარწყმდა მართალი და არავინ მოელის გულითა და კაცნი მართალნი აღიხუმიან, და არავინ გულისხმა-ჰყოფს, რამეთუ პირისაგან სიცრუისასა აღებულ არს მართალი“ (ეს. 57,1). და სოლომონიც ამბობს: “ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა“ (ეკლ. 3, 5). ამიტომ, ქვეყნიერების აღსასრული რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აუცილებელია ზეციური სახლისათვის ცოცხალი ქვების შეგროვება, ვიდრე ჩვენი იერუსალიმის შენობა თავის ზომას არ მიაღწევს. თუმცა გვწამს, რომ ამქვეყნიდან ყველა რჩეული არ იქნება გაყვანილი და აქ მხოლოდ ბიწიერი ადამიანები არ დარჩებიან, იმიტომ, რომ ცოდვილები არასოდეს შეინანებდნენ, სათნოების მაგალითები რომ არ ჰქონდეთ, რომლებიც მათ სულებს ატყვევებენ.

პეტრე: ამგვარად, ამაოდ ვწუხვარ, რომ სათნოების მოქმედთა რიცხვი მცირდება, როდესაც ვხედავ, რომ უღირსნიც მრავლად იღუპებიან.