|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
დიალოღონი საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ
წიგნი მესამე - თავი ოცდამეთექვსმეტე სირაკუზის ეპისკოპოსი მაქსიმიანე
გრიგოლი: გიამბობ სასწაულს, რომლის აღსრულება ყოვლისშემძლე ღმერთმა ოდესღაც თავის მონა მაქსიმიანზე ინება, რომელიც ამჟამად სირაკუზის ეპისკოპოსია, ადრე კი ჩემი მონასტრის წინამძღვარი იყო. როდესაც ჩვენი პირველიერარქის ბრძანებით კონსტანტინოპოლის სასახლეში საეკლესიო აპოკრისიარის თანამდებობას ვასრულებდი, ჩემდამი კეთილგანწყობილების გამო ღირსი მაქსიმიანე ძმებთან ერთად მესტუმრა. როდესაც ის რომში, ჩემს მონასტერში ბრუნდებოდა, ადრიატიკის ზღვაზე საშინელ ღელვაში მოყვა და დანარჩენ მგზავრებთან ერთად, სრულიად უჩვეულოდ და სასწაულებრივად, საკუთარ თავზე ყოვლისშემძლე ღმერთის რისხვა და წყალობა გამოსცადა. საშინელი ტალღები, რომელსაც ქარიშხალი აღძრავდა, მათ სიკვდილით ემუქრებოდა: ხომალდის საჭე გატყდა, ანძა ქარმა მოგლიჯა, იალქნები წყალზე მიცურავდა და ტალღებმა ხომალდი მთლიანად დააზიანა. ნაპრალებში წყალი შევიდა და ხომალდი ზემო გემბანამდე ისე აავსო, რომ ხომალდი კი არ ჩანდა წყალზე, არამედ წყალი - ხომალდში. მაშინ, ხომალდში მყოფნი, არა თუ მოახლოებული, არამედ ცხადი და ხილული სიკვდილის შიშით, ერთმანეთს გამოეთხოვნენ, უფლის წმიდა ხორცსა და სისხლს ეზიარნენ და თითოეული ღმერთს ევედრებოდა, მოწყალებით მიეღო მათი სულები მას შემდეგ, რაც მათ სხეულებს ასეთი საზარელი აღსასრული განუჩინა. ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომელმაც მათ ამგვარი შიში მოჰგვარა, მათი სიცოცხლე სასწაულებრივად იხსნა. პირამდე წყლით ავსებული ხომალდი რვა დღის განმავლობაში თავისი გზით მიცურავდა, მეცხრე დღეს კი კროტონის ნავსადგურს მიუახლოვდა. ყველა, ვინც ხომალდზე ღირს მაქსიმიანესთან ერთად იყო, სრულიად უვნებლად გადარჩა. როგორც კი ხომალდიდან გადავიდნენ, ის მყისვე ფსკერისკენ დაეშვა, თითქოს ადამიანთა გადასვლის შემდეგ წონა კი არ მოაკლდა, არამედ სიმსუბუქე დაკარგა. წყლითა და ხალხით სავსე ხომალდი ზღვაზე მიცურავდა, ხოლო როდესაც მაქსიმიანემ და მისმა ძმებმა დატოვეს იგი, მათ გარეშე წყალი ვეღარ იტვირთა. ამით ყოვლისშემძლე ღმერთმა გვიჩვენა, რომ მას დატვირთული ხომალდი თავისი ხელით ეპყრა, ხოლო როდესაც ხალხი გადავიდა და დაცარიელდა, რაღა საჭირო იყო მისი დატოვება?
|
|