|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
დიალოღონი საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ
წიგნი მესამე - თავი ოცდამეთხუთმეტე ამანცი, ტუსციის ოლქის პრესვიტერი
გრიგოლი: ტიბურის ეკლესიის ეპისკოპოსი ფლორიდი, რომლის სიწმინდე და სიმართლისმოყვარება ცნობილია შენთვის, მიამბობდა, რომ მას ერთი პრესვიტერი ჰყავდა, სახელად ამანცი. ის განსაკუთრებული უბრალოებით გამოირჩეოდა და, მისი სიტყვით, იმგვარი ნიჭი ჰქონდა, რომ მოციქულთა მსგავსად, ავადმყოფებს ხელის დადებით კურნავდა და რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო ავადმყოფობა, მისი შეხებით ქრებოდა. ამანცის შესახებ ის კიდევ ამგვარ სასწაულს მიამბობდა: ეს მოღვაწე სადაც მძვინვარე ქვეწარმავალს ნახავდა, ჯვრის გადასახვით კლავდა - მას შიგნეულობა უსკდებოდა. თუ ქვეწარმავალი სოროში დაემალებოდა, ის სოროს ჯვარს გადასახავდა და ქვეწარმავალი იქიდან მყისვე მკვდარი გამოჰყავდათ. ვცდილობდი ამგვარი ძალის მქონე ადამიანს შევხვედროდი და როდესაც ის ჩემთან მოიყვანეს, მოვისურვე რამდენიმე დღე საავადმყოფოში დარჩენილიყო, რათა გამოჩენილიყო, ჰქონდა თუ არა მას კურნების ნიჭი.
დანარჩენ ავადმყოფებს შორის ერთი გონებაშეშლილი ავადმყოფიც იყო. ერთხელ ავადმყოფობის შემოტევის დროს ის ხმამაღლა აყვირდა და ყველა იქ მყოფი იმგვარად შეაწუხა, რომ ძილის საშუალებას არ აძლევდა. რაც ერთისთვის ცუდი იყო, დანარჩენებისთვის კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა. პირველად ღირსი ფლორიდისგან, რომელიც მაშინ პრესვიტერთან ერთად იქ იმყოფებოდა, შემდეგ კი ავადმყოფების მომვლელი ყრმისგან ზედმიწევნით შევიტყვე, რომ ღირსი პრესვიტერი წამოდგა საწოლიდან, გონებაშეშლილ ადამიანს უხმოდ მიუახლოვდა, ხელი დაასხა და ლოცვა დაიწყო. როდესაც ავადმყოფს მდგომარეობა შეუმსუბუქდა, შენობის ზედა ნაწილში მდებარე სამლოცველოში გადაიყვანა, სადაც მისთვის კიდევ უფრო მეტი მონდომებით ილოცა და თავის საწოლთან გამოჯანმრთელებული დააბრუნა. ამის შემდეგ მას აღარ დაუყვირია და წამოძახილით აღარავინ შეუწუხებია, გონს მოეგო და სხვა ავადმყოფებს მდგომარეობას აღარ უმძიმებდა. მხოლოდ ამ ერთი სასწაულის მიხედვით გვმართებს ყოველივე მართებულად მივიჩნიოთ, რასაც წმიდა ელეფთერის შესახებ ამბობდნენ.
პეტრე: დიდად განმსწავლელი მაგალითია - ასეთი დიდი სასწაულთმოქმედი მამები დედამიწაზე იხილო და შენს თანამოქალაქეებში ზეციურ იერუსალიმს ჭვრეტდე.
|
|