მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეთოთხმეტე
რამდენი სახის გულშემუსვრილება არსებობს?


გრიგოლი: გულშემუსვრილება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როდესაც მონანული ყოველ თავის ცოდვას იგლოვს, რამდენიმე სახის არსებობს. იერემია მონანულთა სახელით ამიტომ ამბობს: “გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა“ (გოდ. იერ. 3, 48). მაგრამ, უმთავრესად, გულის შემუსვრილება არის ორგვარი: პირველი - როდესაც გული, რომელსაც ღმერთი სწყურია, შიშით წუხს, მეორე კი - როდესაც სიყვარულით წუხს. პირველ შემთხვევაში სულს მწარე მწუხარება მოიცავს, როდესაც ჩადენილ ცოდვებს იგონებს და ეშინია, მათ გამო მარადიულ სატანჯველს არ დაექვემდებაროს, მაგრამ როდესაც ხანგრძლივი მწუხარება და შფოთი ამ შიშს აღმოფხვრის, გამოხსნის წინათგრძნობის გამო სულში ერთგვარი სიმშვიდე დაისადგურებს, მასში აღინთება სიყვარული ზეციური სიხარულის მიმართ და როგორც უწინ ტანჯვის შიშით წუხდა, შემდეგში კიდევ უფრო მეტი სიმწარით იმას იგლოვს, რომ სასუფეველში არ არის. სული ანგელოზთა სახეებს, ნეტარ სულთა ურთიერთობასა და ღმრთის ხილვის მარადიულ დიდებულებას ჭვრეტს და მარადიული კეთილდღეობის მოკლებას უფრო მეტად დასტირის, ვიდრე უწინ იგლოვდა მარადიული სატანჯველით შეშინებული. ამგვარად, შიშით სრულ გულშემუსვრილებას სული სიყვარულით გულშემუსვრილებამდე მიჰყავს. კარგად არის ეს გადმოცემული ამ ჭეშმარიტ, წმიდა-ისტორიულ მოთხრობაში: “ (ასქანა) ხმა-ყო კარაულით. და ჰრქუა მას ქალებ: რაჲ არს შენდა? რქუა მას ასქანა: მომეც მე კურთხეული, რამეთუ ქუეყანა ჩრდილოეთი მომეც მე, მომეც აწ სარწყავიცა. და მისცა მას ქალებ სარწყავი ზენაჲ და სარწყავი ქუენაჲ “ (ისუ ნავ. 15, 17-19). სახედარზე მჯდომარე ასქანა - უგუნური ხორციელი მისწრაფებებით გატაცებულ სულს გამოსახავს. როგორც ის სთხოვს მამას წყალსატევებს ოხვრით, ჩვენც ასეთივე სულთქმით უნდა გამოვითხოვოთ უფლისგან ცრემლი. რადგან ზოგიერთს ჭეშმარიტების დაცვის ნიჭი ებოძა, ზოგს ჩაგრულთა დაცვის უნარი აქვს, ზოგი უპოვართ შეეწევა, ზოგს მოშურნე სარწმუნოება აქვს, მაგრამ ცრემლის ნიჭი ჯერ კიდევ არა აქვთ, ამიტომ მათ ურწყავი და მშრალი მიწა აქვთ და წყალსატევი ესაჭიროებათ. მათ კეთილი საქმეები მოშურნედაც რომ აღასრულონ, აუცილებლად სჭირდებათ ტანჯვის შიშით თუ ცათა სასუფევლის სიყვარულით დაიტირონ ძველი ცოდვები. როგორც ვთქვით, ორგვარი გულშემუსვრილება არსებობს; მამა აძლევს მას ზემო და ქვემო წყალსატევებს. სული დაიმკვიდრებს ზემო წყალსატევებს, როდესაც ცათა სასუფევლის დამკვიდრების სურვილი მწუხარების ცრემლს აღუძრავს. სული ქვემო წყალსატევებს დაიმკვიდრებს მაშინ, როდესაც ტირის ჯოჯოხეთური სატანჯველით შეძრწუნებული. თუმცა ჯერ გვეძლევა ქვემო წყალსატევი, შემდეგ კი - ზემო, მაგრამ, რადგან სიყვარულით გულშემუსვრილება ღირსებით უფრო მაღლა დგას, ამიტომ აუცილებელი იყო ჯერ ზემო წყალსატევები მოგვეხსენებინა, ხოლო შემდეგ - ქვემო.

პეტრე: შენი განმარტებით გულსავსე ვარ. მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვი, თუ როგორ სრულყოფილებას ფლობდა ელეფთერი, მინდა ვიცოდე, ამჟამადაც თუ არსებობენ ამქვეყნად ასეთი ადამიანები.