|
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი
დიალოღონი საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ
წიგნი მესამე - თავი ოცდამეცამეტე ღმრთის მონა ელეფთერი
გრიგოლი: იუსტინიანე ავგუსტუსის მეფობის ჟამს, როდესაც აფრიკაში ვანდალი არიოზელების მიერ კათოლიკე სარწმუნოება სასტიკად იდევნებოდა, ზოგიერთი ეპისკოპოსი, რომელიც ჭეშმარიტებას ქედუხრელი სიმტკიცით იცავდა, მსჯავრდებულ იქნა. სიტყვითა და საბოძვარით მათ რწმენა რომ ვერ შეაცვლევინეს, ვანდალმა მეფემ განიზრახა მათი სიმტკიცე წამებით შეემუსრა. უბრძანა მათ დადუმებულიყვნენ, მაგრამ ისინი ჭეშმარიტებას იცავდნენ და უსჯულოების წინაშე დადუმება არ სურდათ, რათა დუმილით თანხმობა არ გამოეხატათ. მეფე განრისხდა და ბრძანა მათთვის ენები ამოეკვეთათ. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! მრავალი მამა მოწმობს, რომ ისინი ჭეშმარიტებას უენოდ ისევე ამოწმებდნენ, როგორც ამას მანამდე ენებით იქმოდნენ.
პეტრე: საკვირველი და უაღრესად საოცარი საქმეა!
გრიგოლი: დაუსაბამო მამის მხოლოდშობილი ძის შესახებ დაწერილია: “პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (იოან. 1, 1). მის ძლიერებაზე კი ნათქვამია: “ყოველივე მის მიერ შეიქმნა“ (იოან. 1, 3). რა არის გასაკვირი, პეტრე, თუკი ღმრთის სიტყვა, რომელმაც ენა შექმნა, მათში უენოდ აღა- ღადდა?
პეტრე: გეთანხმები, სამართლიანი შენიშვნაა.
გრიგოლი: ის ეპისკოპოსები სამშობლოდან განიდევნენ და კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. იმხანად საეკლესიო საქმეთა გამო იმპერატორთან წარმგზავნეს. იქ ერთ-ერთ ეპისკოპოსს შევხვდი, რომელიც ადასტურებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა, მათი ბაგენი უენოდ როგორ მეტყველებდნენ. ისინი ხმამაღლა ამბობდნენ: “აჰა, ვლაპარაკობთ, თუმცა ენები არა გვაქვს!“ მისი თქმით, მსურველებს შეეძლოთ ენახათ, რომ ძირფესვიანად ამოკვეთილი ენების ნაცვლად დიდი ღრმული ჰქონდათ ყელში და მიუხედავად სიცარიელისა, სიტყვებს სრულად გამოთქვამდნენ. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი სიმდიდრეს დაემონა და მყისვე დაკარგა სასწაულებრივი ნიჭი. ყოვლისშემძლე ღმერთმა სამართლიანად განსაჯა, რადგან ადამიანმა, რომელმაც ხორციელი თავშეკავება მიატოვა, ხორციელი ენის გარეშე ლაპარაკი ვეღარ შეძლო. - ეს მონათხრობები საკმარისია არიანული ერესის სამხილებლად. ახლა სასწაულებს დავუბრუნდეთ, რომლებიც ახლახან აღსრულდნენ იტალიაში.
|
|