მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეთერთმეტე
ვესტგუთების მეფე ლიუვიჰილდის ძე, მეფე ჰერმინიჰილდი, რომელიც მამამ კათოლიკე (საყოველთაო, ანუ მართლმადიდებლური) სარწმუნოების გამო მოკლა


გრიგოლი: ესპანეთიდან ჩამოსულებმა მიამბეს, რომ ახლახან ვესტგუთების მეფე ლიუვიჰილდის ძე ჰერმინიჰილდი იტალიელი ეპისკოპოსის, ღირსი ლეანდრის, ქადაგებით, რომელთანაც ერთ დროს ხანმოკლე მეგობრობა მაკავშირებდა, არიანული ერესიდან კათოლიკე სარწმუნოებაზე მოექცა. არიოზელი მამა შვილის მწვალებლობაში დაბრუნებას ცდილობდა და ამისთვის ჯილდოს აღუთქვამდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელით აშინებდა. მაგრამ, რადგან შვილი მტკიცედ პასუხობდა, რომ ერთხელ შეცნობილ ჭეშმარიტ სარწმუნოებას არასოდეს დატოვებდა, განრისხებულმა მამამ მეფობის უფლება და მამული ჩამოართვა. შვილის სულიერი სიმტკიცე ვერც ამით რომ ვერ შეარყია, მამამ იგი დაატყვევა, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადო და მრავალრიცხოვანი დაცვა მიუჩინა. ბორკილებდადებული, ძაძებით მოსილი უფლისწული ჰერმინიჰილდი მიწიერი სამეფოს ამაოებაზე ფიქრობდა და მთელ თავის სულიერ ძალისხმევას ზეციური სამეფოსკენ მიმართავდა. ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე წარმოთქმულ ლოცვებში შეწყნარებას ეძებდა და წარმავალი ქვეყნის დიდებას მით უფრო მოიძულებდა, რაც უფრო ცხადი ხდებოდა მისთვის, რომ იმქვეყნად თავისუფალიც ვერაფერს წაიღებდა. აღდგომის წინ, ღამით, უსჯულო მამამ შვილს არიოზელი ეპისკოპოსი გაუგზავნა, რათა ჰერმინიჰილდი მათ უწმინდურ საიდუმლოს მისი ხელით ზიარებოდა და მამის კეთილგანწყობა ამგვარად მოეპოვებინა. ღმერთის ერთგულმა ყრმამ არიოზელი ეპისკოპოსი შეასმინა, მისი უსჯულოება ამხილა და გააგდო. თუმცა გარეგანად შებორკილი იწვა, მაგრამ სულიერად უაღრესად მტკიცე იყო. როდესაც ეპისკოპოსი დაბრუნდა, არიოზელი მამა განრისხდა და მაშინვე თავისი მცველები გაგზავნა, რომ ღმერთის მტკიცე აღმსარებელი ადგილზევე მოეკლათ, რაც აღსრულდა კიდეც. საპყრობილეში შესულებმა მას თავი მახვილით მოჰკვეთეს და ხორციელი სიცოცხლე ამგვარად მოუსწრაფეს: მათ მასში ის განგმირეს, რაც მოკლულს თავადაც უგულებელყოფილი ჰქონდა.

მისი ჭეშმარიტი დიდების გამოსაჩენად ღმერთმა არაერთი სასწაული აღასრულა. ღამის სიჩუმეში მეფისა და მოწამის სხეულთან (ჭეშმარიტად - მეფისა, რადგან მოწამე გახდა) ფსალმუნთა გალობა ისმოდა. ზოგიერთები ამბობენ, რომ ღამით მის ცხედართან ანთებული კანდელები იხილეს. უსჯულო და შვილის მკვლელმა მამამ შეინანა და თავისი საქციელის გამო წუხდა, მაგრამ ცხონების დამკვიდრება არ ისურვა. თუმცა შეიცნო, რომ კათოლიკე (საყოველთაო, მართლმადიდებლური) სარწმუნოება ჭეშმარიტია, მაგრამ ქვეშევრდომ- თა შიშით ვერ გაბედა მისი მიღება.

როდესაც სნეულების გამო მეფეს სიკვდილი მიუახლოვდა, ეპისკოპოს ლეანდრს, რომელსაც მანამდე დევნიდა, თავისი ვაჟი რეჰარედი ჩააბარა, რომელიც აგრეთვე ცდომილებაში იყო და სთხოვა, თავისი შეგონებებით ისეთივე ცვლილება მოეხდინა მასში, როგორიც მის ძმაში მოახდინა. ამ ანდერძის შემდეგ ის გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფე რეჰარედი ბაძავდა არა უსჯულო მამას, არამედ - მოწამე ძმას, არიანული ერესიდან თვითონაც მოექცა და თავის სამეფოში უფლებას არავის აძლევდა მიეღო სამხედრო წოდება, ვინც, როგორც უღირსი ერეტიკოსი, ღმრთის სასუფევლის მტრად რჩებოდა. მან ვესტგუთები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. არ არის გასაკვირი, რომ მოწამის ძმა ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი გახდა. მას ძმის დამსახურება შეეწია მრავალი ადამიანი მოეყვანა ყოვლისშემძლე ღმერთის ეკლესიის წიაღში. ამ ამბავში ყურადღებას ის გარემოება იმსახურებს, რომ არაფერი ამის მსგავსი არ მოხდებოდა, მეფე ჰერმინიჰილდი ჭეშმარიტებისთვის რომ არ მომკვდარიყო, როგორც დაწერილია: “უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს“ (იოან. 12, 24). როგორც ვხედავთ, ასოებშიც იგივე აღესრულება, რაც თავში (ქრისტეში). ვესტგუთებისგან ერთი მოკვდა, რათა მრავალნი გაცოცხლებულიყვნენ: სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვის ერთი მარცვალი სარწმუნოდ დაიფლა და უდიდესი ყანა აღმოაცენა.

პეტრე: საოცარი საქმეებია და საკვირველია ჩვენი დროისთვის!