არიანული ერესის სამხილებლად იმასაც გიამბობ, რა ნიში აჩვენა საღმრთო სახიერებამ ორი წლის წინ ჩვენს ქალაქში. ეს გარემოებანი ნაწილობრივ ცნობილია ხალხისთვის, აგრეთვე მღვდელი და ტაძრის მნათეები, როგორც თვითმხილველნი და მოწმეები, ადასტურებენ. რომის უბანში, რომელსაც სუბურო ჰქვია, არიოზელებს ტაძარი ჰქონდათ მიტაცებული, რომელიც ორი წლის მანძილზე უმოქმედო იყო. მართლმადიდებლებმა განიზრახეს ტაძარი მართლმადიდებლურად ეკურთხებინათ და იქ წმიდა სებასტიანესა და ქალწულმოწამე აღათიას წმიდა ნაწილები დაებრძანებინათ. ასეც მოიქცნენ. უამრავი ხალხის თანხლებითა და ღმრთისადმი ქების ჰიმნთა გალობით ისინი ტაძარში შევიდნენ. სადღესასწაულო წირვის დროს ხალხი სიმრავლის გამო მჭიდროდ იდგა. ზოგიერთები ტაძრის გარეთ იდგნენ. უეცრად მათ იგრძნეს, რომ ფეხებთან ღორი დაურბოდათ. თითოეული, ვინც ამას გრძნობდა, გვერდით მდგომს ატყობინებდა. ღორი ტაძრიდან გარეთ გამოვარდა; ყველა, ვის ფეხებთანაც მან გაიარა, გაოცებული იყო, ისინი თუმცა გრძნობდნენ მის მოძრაობას, მაგრამ ვერ ხედავდნენ. ღმრთის სახიერებამ ეს დაუშვა, რათა ყველასთვის ცხადი გამხდარიყო, რომ ტაძრიდან არაწმიდა სული გავიდა.
წირვის დასრულების შემდეგ ყველანი წავიდნენ. იმავე ღამეს ტაძრის სახურავზე ძლიერი ხმაური გაისმა, თითქოს იქ ვიღაც დარბოდა. მომდევნო ღამით ხმაური გაძლიერდა და ბოლოს ისეთი ზანზარი ატყდა, თითქოს ტაძარი საძირკველიდან გადაადგილდაო. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და უძველესი მტრის შფოთი აღარაფრით გამოვლენილა. ამ ხმაურით გამოჩნდა, რომ ბოროტი სული იძულებული გახდა ის ადგილი დაეტოვებინა, რომელსაც დიდი ხანია დაჰპატრონებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ცა მოწმენდილი იყო, ციდან საკურთხეველზე ღრუბელი დაეშვა, საფარველივით გადაეფარა და ტაძარი ისეთი კეთილსურნელებითა და ნათლით აივსო, რომ ღია კარებში შიშით შესვლას ვერავინ ბედავდა. მღვდელი და მნათეები, ასევე წირვაზე მისული მრევლი, სასწაულის ხილვისა და კეთილსურნელების შეგრძნების გამო ტაძარში შესვლას ვერ ბედავდნენ. მეორე დღეს ჩამქრალი კანდელები ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა აანთო. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მნათემ კანდელები ჩააქრო, ტაძრიდან წავიდა და უკან დაბრუნებულს ჩამქრალი კანდელები ანთებული დახვდა. იფიქრა, რომ უყურადღებობის გამო ანთებული დარჩა, კანდელები ისევ ჩააქრო და ტაძარი გულმოდგინედ დაკეტა. სამი საათის შემდეგ დაბრუნებულს ჩამქრალი კანდელები ისევ ანთებული დახვდა: ამ ცეცხლმა ცხადად აჩვენა, რომ ტაძარმა სიბნელიდან ნათელში გადაინაცვლა.
პეტრე: საოცარი სასწაულები, რომელთა შესახებ მიამბობ, მოწმობს, რომ თუმცა დიდ მწუხარებებში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენს შემოქმედს ჯერ მთლად არ მივუტოვებივართ.
გრიგოლი: განზრახული მქონდა მხოლოდ იტალიაში მომხდარი ამბები მეამბნა, მაგრამ არიანული ერესის სამხილებლად, თუ გსურს, ესპანეთში გადავინაცვლოთ, იქიდან კი აფრიკის გავლით იტალიაში დავბრუნდეთ.