მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მესამე
წმიდა პაპი აღაპიტე


რამდენიმე წლის შემდეგ რომის ეკლესიის პირველიერარქ აღაპიტეს გუთების საქმესთან დაკავშირებით იმპერატორ იუსტინიანესთან მოუხდა გამგზავრება. ის უკვე საბერძნეთში იმყოფებოდა, როდესაც დაუძლურებული მუნჯი მიჰგვარეს. მას არათუ ლაპარაკი, ფეხზე წამოდგომაც კი არ შეეძლო. როდესაც ნათესავებმა ცრემლით წარუდგინეს პირველიერარქს სნეული, ღმრთის მონა აღაპიტე დაეკითხა, ჰქონდათ თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ სნეული განიკურნებოდა. მათ მსწრაფლ წარმოთქვეს, რომ მტკიცედ სწამდათ, სნეული გამოჯანმრთელდებოდა ღმრთის ძალითა და წმიდა მოციქულ პეტრეს შეწევნით. ნეტარმა აღაპიტემ მყისვე საღმრთო ლიტურგია აღავლინა და სნეულისთვის გულმოდგინედ ილოცა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოვიდა, დავრდომილს ხელი მოჰკიდა და იქ მყოფთა თვალწინ ფეხზე წამოაყენა, ხოლო როდესაც ქრისტეს წმიდა ხორცსა და სისხლს აზიარა, დამუნჯებული ენა მყისვე განიხსნა. ამ სასწაულის მხილველნი, რომელიც წმიდა აღაპიტემ ღმერთის ძალითა და წმიდა მოციქულ პეტრეს შეწევნით აღასრულა, გაოცდნენ: მათ სულებს კეთილკრძალული შიში დაეუფლა, ხოლო ცრემლი მათ სიხარულს გამოხატავდა.