გრიგოლი: ლონგობარდები ამას მრავალჯერ ცდილობდნენ, საყვარელო პეტრე, მაგრამ მათ ბოროტებას ღმერთი სასწაულებრივად აჩერებდა. ერთ სასწაულს გიამბობ, რომლის შესახებ სამიოდე დღის წინ ბონიფაცისგან შევიტყვე, - ის ჩემი მონასტრის მონაზონია და მანამდე ოთხი წელი ლონგობარდებთან დაყო. ერთხელ ქალაქ სპოლეტოში არიოზელი ლონგობარდი ეპისკოპოსი ჩავიდა. მას ტაძარი არ ჰქონდა, სადაც თავის მსახურებას ჩაატარებდა და ქალაქის ეპისკოპოსს ტაძარი სთხოვა, რათა თავისი ერეტიკული მსახურება აღესრულებინა. როდესაც ეპისკოპოსმა გადაჭრით უთხრა უარი, არიოზელი დაემუქრა, რომ მეორე დღეს წმიდა მოციქულ პავლეს ტაძარს ძალით მიიტაცებდა. ტაძრის მცველმა ამის შესახებ რომ გაიგო, ტაძარში მივიდა და კარი ურდულით ჩაკეტა. როდესაც მოსაღამოვდა, მცველმა კანდელები ჩააქრო, თვითონ კი ტაძარში მიიმალა. არიოზელი ეპისკოპოსი თავის ხალხთან ერთად გამთენიისას მოვიდა, რათა ტაძრის კარი გაეტეხა, მაგრამ უეცრად, ღმრთის ძალით, ყველა კარი შეირყა, კლიტეები შორს გადაცვივდა და ეკლესიის ყველა კარი და ურდული დიდი ხმაურით გაიხსნა. ზევიდან ნათელი გადმოვიდა და ჩამქრალი კანდელები აანთო; ტაძრის მიტაცების მიზნით მოსული არიოზელი დაბრმავდა და სახლში სხვათა დახმარებით დაბრუნდა. ამის შესახებ იმ ქვეყანაში მყოფმა ლონგობარდებმა რომ შეიტყვეს, მართლმადიდებლურ ტაძრებში შესვლას ვეღარ ბედავდნენ. ამგვარად, როდესაც წმიდა პავლეს ტაძარში კანდელები არიოზელი ეპისკოპოსის გამო ჩააქრეს, ერთი და იმავე სასწაულებრივი ქმედებით ეპისკოპოსს თვალისჩინი წაერთვა და ტაძარს სინათლე დაუბრუნდა.