იმავე ხანებში ლონგობარდებს ტყვედ სხვა ოთხასი ადამიანიც ჰყავდათ. ლონგობარდები ეშმაკს მსხვერპლად თხის თავს სწირავდნენ. მსხვერპლშეწირვის დროს ისინი წრეზე დარბოდნენ და უგუნურ სიმღერებს მღეროდნენ. თვითონ მსხვერპლეშიწრვა აღასრულეს და ტყვეებსაც იმავეს აიძულებდნენ. მაგრამ ტყვეთა უმრავლესობამ ამჯობინა სიკვდილით მარადიული ცხოვრება მოეპოვებინა, ვიდრე კერპის თაყვანისცემით სიცოცხლე შეენარჩუნებინა. მათ უღირსი ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავები, რომელთაც შემოქმედს უდრეკდნენ, ქმნილებას არ მოუდრიკეს. ამის გამო ყოველ მათგანს, ვინც მონაწილეობა არ მიიღო მათ ცდომილებაში, განრისხებულმა მტრებმა მახვილით თავი მოჰკვეთეს. ამგვარად, თუკი შემთხვევითი დევნის დროს მოწამებრივი გვირგვინი მოიპოვეს იმათაც კი, ვინც შესაძლოა ეკლესიის მშვიდობიანობის დროს ფართო გზით ვიდოდნენ, რა გასაკვირია, რომ დევნის დროს მოწამენი ისინი გამხდარიყვნენ, ვინც მშვიდობიან დროშიც კი თავს არ ზოგავდნენ, გამუდმებით შეიჭირვებდნენ და მოწამეობის ვიწრო გზით ვიდოდნენ? თუმცა, რაც რჩეულ მოსაგრეებზე ვთქვი, არ შეიძლება განვაზოგადოთ, როგორც საერთო წესი, იმიტომ, რომ ეკლესიის აშკარა დევნის დროს მრავალმა მათგანმა, ვინც მშვიდობიან ხანაში სანდო არ ჩანს, შეიძლება მოწამეობა იტვირთოს და, პირიქით, ვინც მშვიდობიან ხანს მტკიცე მორწმუნედ გვეჩვენება, ზოგჯერ შიშის გამო ირყევა. უეჭველად მწამს, რომ ყველა ჩემ მიერ მოხსენებულ წმინდანს შეეძლო მოწამეობა ეტვირთა, - ეს მათი აღსასრულიდანაც ჩანს. რადგან ისინი, ვის შესახებაც ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფარული სულიერი ღვაწლი მტკიცედ დაიმარხეს, არც ხილული დევნის შემთხვევაში დაეცემოდნენ.
პეტრე: სამართლიანად ბრძანებ, მაგრამ ჩვენ, უღირსთა, მიმართ გამოჩენილი ღმრთის მოწყალება მაოცებს, რომელიც ლონგობარდების სისასტიკეს იმგვარად ზღუდავს, რომ იმათი უწმინდური სამღვდელოება, რომელიც ერთი შეხედვით ჩვენზე ზეიმობს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს ვერ სდევნის.