გრიგოლი: ახლახან სამნიის ოლქში განმარტოებით ცხოვრობდა ერთი ღმრთის სათნო კაცი, სახელად მინა. ის ათიოდე წლის წინ აღესრულა; ჩვენი ახლობლებიდან მას მრავალი იცნობდა. მათგან, ვინც მის საქმეთა შესახებ გვიამბობდა, არავის გამოვყოფ. მისი ცხოვრების მოწმე იმდენი ადამიანია, რამდენმაც სამნიის ოლქის არსებობა იცის. მთელი მისი ქონება რამდენიმე სკა ფუტკარი იყო. ერთხელ რომელიღაც ლონგობარდმა მისი სკების მოპარვა გადაწყვიტა. მინამ ამის გაკეთება სიტყვიერად აუკრძალა. უეცრად ლონგობარდს ბოროტი სული ეკვეთა და მინას ფერხთით დასცა. ამ შემთხვევის შემდეგ მინას სახელი განითქვა როგორც იმ ოლქის მცხოვრებლებს, ასევე ბარბაროს-ლონგობარდებს შორის და მის სენაკთან უშიშრად მიახლოებას ვეღარავინ ბედავდა.
მეზობელი ტყიდან ხშირად დათვები გამოდიოდნენ და სკიდან თაფლის ამოღებას ცდილობდნენ, მაგრამ წმინდანი იჭერდა მათ და სცემდა კვერთხით, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა. საზარელი ცხოველები ცემით შეშინებულნი ღმუილით გარბოდნენ: ისინი მახვილს არ უფრთხოდნენ ისე, როგორც მის კვერთხს.
წმინდანს წესად ჰქონდა: არაფერი ჰქონოდა და ამქვეყნად არაფერი მოეპოვებინა; სიყვარულით მოსული თითოეული ადამიანი მარადიული ცხოვრების დამკვიდრების სურვილით აღენთო, ხოლო ისინი, ვისი ცოდვით დაცემანიც იცოდა, დაუზარებლად ემხილებინა და, როგორც მისი მხურვალე სიყვარული ითხოვდა, უმკაცრესი სიტყვით მოეწყლა. ახლომახლო მცხოვრებლებმა წესად დაიდეს, წმინდანისთვის ყოველდღიურად მორიგეობით სხვადასხვა შეწირულება გაეგზავნათ, რათა მას მოსულთათვის მიეცა. ერთხელ ერთმა მდიდარმა კაცმა, კარტერიმ, რომელიც არაწმინდა ვნებით იყო შეპყრობილი, ერთი მოწესე დედაკაცი (ენკრატისი) გაიტაცა და მასზე უკანონოდ იქორწინა. როდესაც ეს ღმრთის კაცმა შეიტყო, კარტერი სხვების პირით ამხილა. მან დანაშაული შიშით აღიარა, მაგრამ ღმრთის კაცთან მისვლა ვერ გაბედა, რომ მისგან მკაცრი მხილება არ მოესმინა და სხვათა შეწირულობებთან ერთად ფარულად ძღვენი გაუგზავნა, რათა წმინდანს უცოდინრად მიეღო მისი შენაწირი. როდესაც მინას მიართვეს შეწირულობანი, მან სათითაოდ დაიწყო მათი გადარჩევა. ყველა საჩუქარი გადააწყო, კარტერის მიერ გამოგზავნილი ძღვენი გამოცხადებით იცნო, ზიზღით გადააგდო და თქვა: წადით და მას უთხარით: “შენგან შემოწირულობას არ ვიღებ, რადგან ღმერთს ძღვენი მოსტაცე და მე მიგზავნი!“ ამ სიტყვებმა წარმოაჩინა, როგორ ზედმიწევნით შეიცნობდა წმინდანი მისგან შორს მომხდარს და ყველა იქ მყოფს დიდი შიში მოჰგვარა.
პეტრე: ვფიქრობ, ხსენებულ წმინდანთაგან მრავალნი მოწამენი გახდებოდნენ, მაშინ დევნა რომ ყოფილიყო.
გრიგოლი: მოწამეობა ორგვარი არსებობს, საყვარელო პეტრე: ერთი - შინაგანი, მეორე - გარეგანი. თუ დევნა არ არის, შეიძლება ფარული მოწამეობა არსებობდეს, როდესაც სული მოწამეობისათვის მზადყოფნით არის ანთებული. მოწამეობა რომ ხილული წამების გარეშეც შესაძლებელია, ეს თვით უფალმა სახარებაში დაადასტურა, როდესაც ზებედეს ძეებს, რომელნიც გონების უძლურების გამო მას საუკეთესო ადგილებზე დაჯდომას სთხოვდნენ, დაეკითხა: “ძალ-გიცა შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად?“ ხოლო მათ უპასუხეს: “ძალ-გჳც“. მაშინ იესომ მიუგო: “სასუმელი სამე ჩემი შესუათ... ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად“ (მათ. 20, 22-23). რას გულისხმობს უფალი სასმისში, თუ არა - წამების თასს? ჩვენ ვიცით, რომ იაკობმა სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა, ხოლო იოანე მაშინ აღესრულა, როდესაც ეკლესია დევნას არ განიცდიდა. უეჭველია, რომ მოწამეობა ხილული წამების გარეშეც არსებობს, რადგან დევნის გარეშე აღსრულებულზე ითქვა, რომ უფლის სასმისს შესვამს. თუმცა იმის კვლევა რად გვინდა, დევნის დროს მოწამეები გახდებოდნენ თუ არა ჩემ მიერ მოხსენიებული მამები, რომლებსაც მტრის მანქანება მუდმივად ტანჯავდა და ამქვეყნად თავიანთი მტრები უყვარდათ, ყოველგვარ ხორციელ ვნებას ებრძოდნენ და ამგვარად თავიანთ სულს საუფლო მსხვერპლად აწრთობდნენ და მოწამენი მშვიდობიან დროში გახდნენ; ჩვენს დროშიც კი, თვით ყველაზე უბრალო ერისკაცნი, რომელთა განსაკუთრებულ განდიდებაზე თითქოს არავინ ფიქრობდა, ხელსაყრელი შემთხვევისთანავე მოწამებრივ გვირგვინებს იდგამდნენ.