მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეხუთე
აკონცი, წმიდა მოციქულ პეტრეს იმავე ტაძრის მნათე


გრიგოლი: ჩვენი ბერები მოგვითხრობდნენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ იმავე ტაძარში მცველად იყო ვინმე აკონცი, კაცი ფრიად პატიოსანი და თავმდაბალი. ის ღმერთს იმგვარი რწმენით ემსახურებოდა, რომ წმიდა მოციქულმა პეტრემ მისადმი კეთილგანწყობა ხილულად გამოავლინა. ტაძართან ერთი დავრდომილი გოგონა ცხოვრობდა. ის მიწაზე ხელებით დახოხავდა, რადგან სნეულების გამო ფეხები არ ემორჩილებოდა. ის წმიდა მოციქულ პეტრეს განკურნებას დიდხანს ევედრებოდა. ერთხელ, ღამით, ჩვენებაში მოციქული წარმოუდგა და უთხრა: “მიდი მნათე აკონცისთან, სთხოვე და კურნებას ის მოგანიჭებს“. გოგონამ ჩვენება ირწმუნა, მაგრამ ვინ იყო მნათე აკონცი არ იცოდა და ამის გასაგებად ტაძარში აქეთ-იქით დახოხავდა. უეცრად ის, ვისაც ეძებდა, მისკენ თვითონ გამოემართა. “გევედრები, მამაო, _ შეჰღაღადა სნეულმა, - აქ მცველი აკონცი ვინ არის?“ “აკონცი მე ვარ“, - მიუგო მან. - “მწყემსმა და მამამ ჩვენმა, წმიდა მოციქულმა პეტრემ, შენთან გამომგზავნა, რომ უძლურებისგან მიხსნა“. - უთხრა გოგონამ. - “თუკი მან გამოგგზავნა, წამოდექი“. ამ სიტყვებზე აკონციმ ბავშვს ხელი მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა. გოგონას სხეულში ყველა ნერვი და ასო მყისვე განმტკიცდა, ისე, რომ უძლურების კვალიც აღარ დარჩენილა.

თუკი ამ ტაძარში აღსრულებული სასწაულების შესახებ მოვისურვებთ საუბარს, მაშინ უეჭველია სხვას ვეღარაფერს მოგითხრობ. ამიტომ დავუბრუნდეთ იმ მამების შესახებ თხრობას, რომლებმაც იტალიაში თავისი ცხოვრებით სულ ახლახან გაითქვეს სახელი.