გრიგოლი: ზოგიერთი ადამიანი, ვინც წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძრის მცველ თეოდორეს იცნობდა, ამჟამადაც ცოცხალია. მათ თეოდორემ შესანიშნავი რამ უამბო, რაც თავად გადახდა. - ერთხელ, ღამით, ის ჩვეულებრივზე ადრე ადგა, რათა კართან დაკიდებული საცეცხლური გაეწმინდა. როდესაც ის, ჩვეულებისამებრ, ხის კიბეზე იდგა საცეცხლურის ქვეშ და მას ასუფთავებდა, უეცრად, მის ზურგს უკან წმიდა მოციქული პეტრე თეთრში შემოსილი გამოცხადდა და უთხრა: “მეგობარო! ასე ადრე რისთვის ადექი?“ ამის თქმის- თანავე მოციქული უხილავი გახდა. თეოდორე ისეთმა შიშმა მოიცვა, რომ მთელი სხეული მოუუძლურდა და რამდენიმე დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. წმიდა მოციქულს ცხადად სურდა ამ გამოცხადებით ეჩვენებინა, რომ ის მუდამ იმ ადამიანებთან არის, ვინც მას ემსახურება და ყოველივეს, რასაც მის პატივად აღასრულებენ, ხედავს და დაუყოვნებლივ სიკეთით მიაგებს.
პეტრე: გამაოცა არა იმდენად მოციქულის გამოცხადებამ, რამდენადაც იმან, რომ მისი მხილველი ლოგინად ჩავარდა, თუმცა მანამდე ჯანმრთელი იყო.
გრიგოლი: რად გაგიკვირდა, პეტრე? რა არის ამაში გაუგებარი, როდესაც წინასწარმეტყველმა დანიელმაც, უდიდესი და საშინელი ხილვის აღწერის შემდეგ, რომელმაც ძრწოლა მოჰგვარა, იქვე განაგრძო: “და მე, დანიელ, დავწევ და დავსუსტენ დღეთა“ (8, 27). ხორცს არ ძალუძს სულიერის დატევნა. როდესაც ადამიანის სული ჭვრეტისთვის ხორცს გარეთ აღიტაცება, ხშირად მისი ხორციელი ჭურჭელი უძლურდება, რადგან ასეთი საბოძვარის ტვირთვა არ შეუძლია.
პეტრე: შენმა სიტყვებმა ყოველგვარი ეჭვი გამიფანტა.