გრიგოლი: ქალაქ პრენესტის სიახლოვეს მთა მდებარეობს, სადაც აღმართულია მონასტერი წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძრითურთ. ამ მონასტერში ყოფნისას იქ მცხოვრები მონაზვნებისგან შემდეგი სასწაულის შესახებ გავიგე, რომლის მოწმეებიც, მათივე სიტყვით, თავად იყვნენ. ამ მონასტრის წინამძღვარი ღირსეულ ცხოვრებას ეწეოდა. მასთან ერთი მონაზონი ცხოვრობდა, რომელსაც კეთილმსახურ ცხოვრებას თავად ასწავლიდა. როდესაც ნახა, რომ მონაზონი ღმრთისმოშიშებაში განმტკიცდა, წინამძღვრმა უშუამდგომლა, რომ იგი მღვდლად ეკურთხებინათ. ხელდასხმის შემდეგ მონაზონს გამოცხადებით ემცნო, რომ აღსასრული უახლოვდებოდა. ამის გამო მან წინამძღვარს ნებართვა სთხოვა, რომ თავისთვის საფლავი მოემზადებინა. “მე შენზე ადრე მოვკვდები, - უთხრა წინამძღვარმა, - თუმცა წადი და საფლავი შენი ნებისაებრ მოიმზადე“. მონაზონი წავიდა და საფლავი მოიმზადა. რამდენიმე დღის შემდეგ სნეულებით გათანგულმა მოხუცმა წინამძღვარმა, რომელიც უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, თავის მოწაფე ხუცესს (პრესვიტერს) უბრძანა თავისთვის მომზადებულ საფლავში დაეკრძალა. “შენ ხომ იცი, - უპასუხა ხუცესმა, - რომ მეც მალე აღვესრულები, საფლავი კი ორივეს ერთად ვერ დაგვიტევს“. - “ისე მოიქეცი, როგორც გითხარი, - უთხრა ბერმა, - შენს საფლავში ორივე მოვთავსდებით“. ბერი გარდაიცვალა და ხუცესის საფლავში დაკრძალეს. ამის შემდეგ ხუცესმაც სასიცოცხლო ძალების მოკლება იგრძნო და მალევე აღესრულა. როდესაც ძმებმა მისი ცხედარი საფლავთან მიასვენეს და საფლავი გათხარეს, ყველამ ნახა, რომ იქ მისი ჩასასვენებელი ადგილი არ იყო, რადგან საფლავი წინამძღვრის სხეულს ეკავა. იმ დროს, როდესაც ძმები ღელავდნენ, თუ როგორ დაეკრძალათ ხუცესი, ერთ-ერთმა მათგანმა შესძახა: “მამაო! როგორღა ამბობდი, რომ საფლავი ორივეს დაგიტევდათ?“ ამ შეძახილის შემდეგ, ყველას თვალწინ, წინამძღვრის სხეული, რომელიც გულაღმა ესვენა, გვერდზე გადაბრუნდა და პრესვიტერის ცხედრისთვის ადგილი გაათავისუფლა. ამგვარად, ბერის მიერ სიცოცხლეში წარმოთქმული წინასწარმეტყველება, რომ საფლავში ორივეს ცხედარი მოთავსდებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ აღსრულდა. ეს, როგორც უკვე გითხარი, ქალაქ პრენესტის მახლობლად, წმიდა მოციქულ პეტრეს მონასტერში მოხდა. გსურს იცოდე, რა შეემთხვათ ეკლესიის მცველებს ქალაქში, სადაც მოციქულ პეტრეს წმიდა ნაწილები განისვენებს?
პეტრე: მაინტერესებს და გულითადად გთხოვ მიამბო.