მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეორე
ვალერიის ოლქის პრესვიტერი, რომელმაც ქურდი თავის სამარესთან შეაჩერა


ვალერიის ოლქში ამგვარი რამ მოხდა, რომლის შესახებ ნეტარხსენებული წინამძღვარი ვალენტინი მიამბობდა. იმ ოლქში ერთი ღირსეული მღვდელი ცხოვრობდა, რომელიც ღმრთისმსახურებისა და სათნოებებისადმი დაუცხრომელ გულმოდგინებას იჩენდა და სიწმინდით მოღვაწეობდა. როდესაც მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამი დადგა, აღესრულა და ტაძრის სიახლოვეს დაკრძალეს. იქვე ცხვრის ფარეხი იყო, ხოლო მღვდლის საფლავი ფარეხისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. ერთხელ, როდესაც ტაძარში ღმრთისმსახურება აღევლინებოდა, ვიღაც ფარეხში შეიპარა, ცხვარი აიყვანა და სასწრაფოდ გამოვიდა. როდესაც ღმრთის მონის საფლავს მიაღწია, უეცრად გაშეშდა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა. მან მხრებიდან ცხვარი ჩამოსვა და უნდოდა გაეშვა, მაგრამ ხელები დაებორკა. საცოდავი ქურდი ამ მდგომარეობაში დარჩა: თავის ნაქურდალთან ერთად შებორკილი. ცხვრის გაშვება მოისურვა - ვერ შეძლო, მისი წაყვანა გადაწყვიტა - ძალა არ ჰქონდა. საოცარია, ქურდი, რომელსაც ეშინოდა ცოცხალ ადამიანებს არ დაენახათ, მიცვალებულმა დააკავა და თითქოს ხელ-ფეხი შეუკრესო, უძრავად იდგა. დილით, მსახურების დასრულების შემდეგ, კლერიკოსები ტაძრიდან გამოვიდნენ და რას ხედავენ: უცნობი ადამიანი დგას ბატკნით ხელში. ისინი ვერ მიხვდნენ, ცხვარი მან ფარეხიდან გამოიყვანა, თუ თვითონ მოიყვანა, მაგრამ დამნაშავემ დანაშაული მაშინვე აღიარა. ყველანი გაოცებულები იყვნენ იმით, რომ ღმრთის ძალამ ქურდი თავისი ნადავლითურთ დააკავა. მყისვე მისთვის ლოცვას შეუდგნენ და წმინდანს ძლივს გამოსთხოვეს, რომ მტაცებლური განზრახვით მოსული ადამიანი თავისი ფეხით წასულიყო ნადავლის გარეშე. ამგვარად, ქურდი, რომელიც ტყვედ დიდხანს იყო, ნადავლის გარეშე გათავისუფლდა.

პეტრე: აქედან ჩანს, როგორი მოსიყვარულეა ჩვენს მიმართ ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც ასეთ საკვირველ სასწაულებს ჩვენს გამო აღასრულებს.