მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი ოცდამეერთე
ენკრატისი, რომელმაც ერთი სიტყვით იხსნა ადამიანი ბოროტი სულისგან


შემდეგი ამბავი თვითმხილველისგან, უკვე ხსენებული წმიდა ელეფთერისგან შევიტყვე. ქალაქ სპოლეტოში ერთ ქალწულს, რომელიც წარჩინებული ოჯახის შვილი იყო, მხურვალე სურვილი გაუჩნდა ანგელოზთა სწორი ცხოვრებით ეცხოვრა. მამა ცდილობდა იგი ამ გზაზე დაებრკოლებინა, მაგრამ ქალიშვილი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მონაზვნად შედგა. ამის გამო მამამ მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა და მხოლოდ პატარა მამულის მეექვსედი დაუტოვა. ამ ენკრატისთან სხვა ღმრთისმოსავმა ქალწულებმაც იწყეს მისვლა, რომლებიც მისი მაგალითით იყვნენ აღძრულნი: ისინი თავს ღმერთს უძღვნიდნენ და ქალწულებას იცავდნენ. ერთხელ ენკრატისს ზემოთ ხსენებული ღმრთისმოსავი ბერი ელეფთერი საუბრისა და დამოძღვრისათვის ესტუმრა. იმ დროს, როდესაც ისინი ღმრთის სიტყვის შესახებ საუბრობდნენ, იმ მამულიდან, რომელიც ქალწულს მამამ ჩამოართვა, გლეხი მოვიდა ძღვენით. მოსვლისთანავე მას ბოროტი სული ეკვეთა, დასცა და ისე საშინლად აწამებდა, რომ ის ხრიალებდა და ბღაოდა. მაშინ ენკრატისი წამოდგა და ეშმაკს მრისხანე სახით ხმამაღლა უბრძანა: “განვედ მაგისგან, წყეულო, განვედ!“ ეშმაკმა შეპყრობილის პირით მყისვე უპასუხა: “ამისგან რომ განვიდე, მაშინ ვიღაში შევიდე?“ იქვე ღორი მიდიოდა. “დატოვე ეგ და ღორში შედი“, - უბრძანა ენკრატისმა. ეშმაკმა ადამიანი მყისვე დატოვა და მითითებულ ღორში შევიდა, მოკლა და იქაურობას გაეცალა.

პეტრე: მაინტერესებს, შეიძლებოდა არაწმიდა სულისთვის ღორში შესვლის უფლების მიცემა?

გრიგოლი: ქრისტეს მიერ აღსრულებული საქმეები კანონი უნდა იყოს ჩვენი საქმიანობისათვის. თვით მაცხოვარს ეშმაკთა ლეგიონმა, რომელსაც ადამიანი ჰყავდა შეპყრობილი, უთხრა: “უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა მას ღორთასა“ (მათ. 8, 31). ადამიანიდან განდევნის შემდეგ მაცხოვარმა ლეგიონს უფლება მისცა ღორებში შესულიყო და ისინი ზღვაში დაეხრჩო. აქედან ცხადია, რომ თუკი არაწმიდა სულს ღმერთის დაშვების გარეშე ღორშიც კი არ შეუძლია შესვლა, მით უმეტეს, მისივე მიშვების გარეშე ხელმიწფებას ვერც ადამიანზე მოიპოვებს. ამგვარად, გვმართებს ხალისით დავემორჩილოთ იმას, ვისაც უნებლიეთ მორჩილებენ მოწინააღმდეგენიც, რათა ჩვენს მტრებზე იმდენად გავძლიერდეთ, რამდენადაც ჩვენი მორჩილებით ყოველთა შემოქმედთან ვიქნებით ახლოს. რა არის გასაკვირი იმაში, თუკი ღმრთის რჩეულთ მრავალი სასწაულის აღსრულება ჯერ კიდევ ხორცში ყოფნისას შეუძლიათ, როდესაც მათი ძვლები როგორც ცოცხალნი, უამრავ სასწაულს აღასრულებენ.