მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეოცე
სტეფანე, ვალერიის ოლქის პრესვიტერი


ჩვენმა თანამედროვეებმა ამგვარი რამ მიამბეს: ვალერიის პროვინციაში იყო პრესვიტერი, სახელად სტეფანე. ის კეთილმსახურებით ცხოვრობდა და ჩვენი დიაკვნისა და ეკონომოსის, ბონიფაცის ახლო ნათესავი იყო. ერთხელ სტეფანე მოგზაურობიდან სახლში ბრუნდებოდა და მსახურს დაბნევით უთხრა: “ეშმაკო, მოდი, ფეხზე გამხადე~. იმწამსვე ფეხსაცმლის თასმებმა საოცარი სისწრაფით და ძალით იწყეს გახსნა. ცხადია, მას ამისთვის მოხმობილი ეშმაკი დაემორჩილა. ამის დანახვაზე პრესვიტერი შეშინდა და ხმამაღლა აყვირდა: “განვედ, წყეულო, განვედ: შენ კი არა, მსახურს ვუთხარი“. ეშმაკი მყისვე განეშორა და თასმები თითქმის გახსნილი დარჩა. აქედან ცხადია, თუკი უძველესი მტერი ჩვენს ყოველ გარეგან მოქმედებას თვალს ასე ადევნებს, ჩვენს სულს ათასგვარ მახეს როგორი ყურადღებით დაუგებს!

პეტრე: ძალიან ძნელი და შიშის მომგვრელია მტრის მანქანებათა მიმართ მუდმივი ყურადღება და მზადყოფნა.

გრიგოლი: ძნელი არ იქნება, თუკი თავის დაცვას ჩვენ თვითონ კი არ შევუდგებით, არამედ ზეციურ მადლს მივანდობთ და თანაც იმგვარად, რომ მის მფარველობასთან ერთად ჩვენც, შეძლებისდაგვარად, ვიფხიზლოთ. როდესაც მტერს სულიდან განვდევნით, მაშინ, ღმერთის სახიერებით, უმეტეს შემთხვევაში, ეშმაკი უკვე არათუ საშიში აღარ არის, არამედ თავად იმისი ეშინია, ვინც ღმრთისმსახურებით ცხოვრობს.