ძველი სასწაულის მსგავსი სასწაული ჩვენს დროშიც აღესრულა, ოღონდ საწინააღმდეგო ბუნების მქონე სტიქიაზე. ახლახან ტრიბუნმა იოანემ ამ სასწაულის შესახებ მიამბო. როგორც თავად ამბობს, ამის შესახებ გრაფ პრონულფისგან შეიტყო, რომელიც მეფე ათალარიქსთან ერთად იმყოფებოდა იქ, სადაც ეს საკვირველი სასწაული აღესრულა. “დაახლოებით ხუთი წლის წინ, - მიამბობდა ტრიბუნი იოანე, - რომში მდინარე ტიბრი ისე ადიდდა, რომ ნაპირებიდან გადმოვიდა, ქალაქის გალავანი გადალახა და უზარმაზარი სივრცე დატბორა. ასევე ვერონაშიც მდინარე ატეზი ადიდდა, ნაპირებიდან გადმოვიდა და მღვდელმოწამე ზენონის ტაძარს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის კარი ღია იყო, წყალი ტაძარში არ შესულა. ის თანდათან იმატებდა და ტაძრის სარკმლებს მიაღწია, რომლებიც თითქმის ტაძრის სახურავის ქვეშ იყო. ამგვარად, წყალმა ტაძრის კარი გადაღობა და თხევადი სტიქია ქვის მსგავს მტკიცე ნივთიერებად იქცა. ტაძარში უამრავი ხალხი იყო. როდესაც წყალმა ტაძარი ყოველი მხრიდან შემოზღუდა და იქიდან გამოსვლა შეუძლებელი გახდა, ტაძარში მყოფნი შიმშილით სიკვდილის შიშმა მოიცვა. ისინი ტაძრის კართან მიდიოდნენ და წყალს იღებდნენ დასალევად, რომელიც როგორც ვთქვით, ტაძრის სარკმლებამდე აღწევდა და ტაძარში არ შესულა. მისი, როგორც წყლის, აღება შეიძლებოდა, მაგრამ ტაძარში წყალივით არ იღვრებოდა; მოწამის სიწმინდე რომ ეჩვენებინა, ტაძრის კარის წინ შეჩერდა, მოხმარებისთვის გამოსადეგი იყო, მაგრამ იქაურობა არ დატბორა, თითქოს წყალი არ იყო. ამიტომ ვთქვი, რომ ეს სასწაული იმ უძველეს ცეცხლის სასწაულს ჰგავს, რომელმაც ყრმათა საკრველნი დაწვა, მაგრამ მათ სამოსს არ შეხებია.
პეტრე: საკვირველია შენ მიერ მოთხრობილი წმინდანთა საქმენი და საოცარია ადამიანის ბუნებრივი უძლურებისთვის. მაგრამ როდესაც შენგან ასეთი საოცარი სათნოებების მქონე კაცთა შესახებ გავიგე, რომლებიც იტალიაში ახლახან ცხოვრობდნენ, მსურს ვიცოდე: ნუთუ მათ უძველესი მტერი თავისი ხრიკებით არ გამოსცდიდა და როგორ სძლევდნენ მას?
გრიგოლი: მძიმე ბრძოლის გარეშე გამარჯვების გვირგვინი არ მოიპოვება. გამარჯვებულნი ვერ გახდებოდნენ, თუკი მტრის მანქანებას არ სძლევდნენ. ბოროტი სული ჩვენს გონებას, სიტყვებსა და მოქმედებებს მუდმივად თან სდევს, რათა ჩვენში იმგვარი რამ მოიძიოს, რითაც ჩვენს გასამტყუნებლად უმაღლესი მსაჯულის წინაშე წარდგება. გსურს იცოდე, თუ როგორ არის ის მუდმივად ჩვენს სიახლოვეს, რომ მოგვინადიროს?