მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეთვრამეტე
მონაზონი ბენედიქტე


გრიგოლი: მონასტერში ჩემთან ერთად ერთი ძმა ცხოვრობდა, რომელიც წმიდა წერილში ფრიად განსწავლული იყო. ის ასაკით ჩემზე უფროსი იყო და მრავალი რამ, რაც არ ვიცოდი, მისგან შევითვისე. მისი მონათხრობიდან შევიტყვე, რომ კამპანიის ოლქში, რომიდან ორმოცი მილის დაშორებით, ვინმე ბენედიქტე ცხოვრობდა. ის ასაკის მიხედვით ყრმა იყო, მაგრამ ცხოვრების მიხედვით - მოხუცებული და მონაზვნურ აღთქმებს მკაცრად იმარხავდა. ტოტილას მეფობის ჟამს ის გუთებმა ნახეს და გადაწყვიტეს, თავის სენაკთან ერ- თად დაეწვათ. მათ სენაკს ცეცხლი შეუნთეს. ცეცხლმა ყველაფერი დაწვა სენაკის გარშემო, მაგრამ სენაკს ვერაფერი ავნო. გუთები კიდევ უფრო გაბოროტდნენ; შორიახლოს პურის გამოსაცხობად ანთებული ღუმელი დაინახეს, მონაზონი სენაკიდან გამოიყვანეს, ღუმელში შეაგდეს და ჩაკეტეს, მაგრამ მეორე დღეს ის სრულიად უვნებელი ნახეს, მის სხეულს ცეცხლმა ვერაფერი დაუშავა და სამოსსაც არანაირი ზიანი არ მისდგომია.

პეტრე: სამი ყრმის სასწაული მომაგონდა, რომლებიც ოდესღაც ღუმელში შეამწყვდიეს და უვნებელნი დარჩნენ.

გრიგოლი: ეს სასწაული, როგორც მე მეჩვენება, ცოტა სხვაგვარად აღესრულა. მაშინ სამი ყრმა ღუმელში ხელფეხშეკრულნი შეამწყვდიეს, მეორე დღეს კი მეფემ ნახა, რომ ისინი ღუმელში მიმოდიოდნენ და სამოსი სრულიად უვნებელი ჰქონდათ. აქედან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ცეცხლი, რომელშიც ისინი ჩააგდეს, არ შეეხო მათ სამოსს, მხოლოდ თოკი დაწვა, ანუ ერთსა და იმავე დროს ცეცხლი მართალთ მოემსახურა, მათი შეწევნისთვის (თოკის დასაწვავად) ძალა შეინარჩუნა, ხოლო მათ დასატანჯად უძლური იყო.