მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეჩვიდმეტე
არგენტარის მთის მონაზონი, რომელმაც მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა


გრიგოლი: ჩვენს დროში ბუქსენტის ეკლესიაში იპოდიაკვნად იყო ვინმე კვადრაგეზიმი. ის ავრელიის ოლქში თვითონ მწყემსავდა თავის ცხვრებს. ამ უაღრესად მართალმა კაცმა ერთი საუცხოო ამბავი გაგვანდო, რომელიც ყველასგან ფარულად აღესრულა. იმ დროს, როდესაც ის ცხვრებს მწყემსავდა ავრელიის ოლქში, არგენტარის მთაზე ერთი მეტად ღმრთისმოსავი კაცი ცხოვრობდა, გარეგნობისა და ცხოვრების წესის მიხედვით მონაზონი. მას წესად ჰქონდა ყოველ წელს წმიდა მოციქულთა თავის, პეტრეს ტაძარში მისულიყო. მასპინძლობას ზემოთ ნახსენები იპოდიაკონი კვადრაგეზიმი უწევდა. მისი სახლი ტაძრის სიახლოვეს მდებარეობდა. ერთხელ, როდესაც მას სტუმრად ხსენებული მონაზონი ჰყავდა, ერთ მეზობლად მცხოვრებ ღარიბ დედაკაცს ქმარი გარდაეცვალა. მან ცხედარი წესისამებრ განბანა, შემოსა და სუდარა გადააფარა, მაგრამ საღამომდე მისი დაკრძალვა ვერ მოასწრო. დაქვრივებულმა დედაკაცმა მთელი ღამე მიცვალებულის ცხედართან ტირილში გაატარა. გამუდმებული ქვითინით ის თითქოსდა ნაღველის განქარვებას ცდილობდა. ასე ძალიან დიდხანს გაგრძელდა და დედაკაცი ცრემლებს ვერ იკავებდა. მისი მდგომარეობით შეძრულმა ღმრთის მონამ, რომელიც კვადრაგეზიმის სახლში იმყოფებოდა, მასპინძელს უთხრა: “ამ დედაკაცის მწუხარებას სულით თანავუგრძნობ. ადექი და წავიდეთ, ვილოცოთ“. ისინი ტაძარში წავიდნენ და ლოცვა დაიწყეს. ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ღმრთის მონამ კვადრაგეზიმს სთხოვა ჩამოელოცა (ანუ შესაბამისი დამამ- თავრებელი ლოცვა წარმოეთქვა). ჩამოლოცვის შემდეგ მან წმიდა ტრაპეზის სიახლოვეს მტვერი მოაგროვა და მიცვალებულის სახლისკენ გაემართნენ. მონაზონმა იქაც ხანგრძლივად ილოცა და უწინდელივით აღარ უთხოვია იპოდიაკვნისთვის ჩამოელოცა, თვითონ წარმოთქვა კურთხევა და მყისვე წამოდგა. მარჯვენა ხელში მოგროვილი მტვერი ეყარა, მარცხენით კი მიცვალებულს სახეზე საფენი გადახადა. დედაკაცი შეეწინააღმდეგა, რადგან არ იცოდა რას აპირებდა. მონაზონი მიცვალებულს სახეს მტვერით დიდხანს უზელდა, რის შემდეგაც მის სხეულში სული დაბრუნდა. მან თვალები გაახილა და პირი გააღო, წამოჯდა და თითქოს ღრმა ძილისაგან გამოიღვიძაო, გაკვირვებით უყურებდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. გლოვით გათანგული დედაკაცი ამის დანახვაზე მომეტებულად ატირდა. ღმრთის მონა არწმუნებდა დამშვიდებულიყო და დადუმებულიყო. “თუ გკითხავენ, - უთხრა მან, - ეს როგორ მოხდა, უთხარი: უფალმა იესო ქრისტემ თავისი ძალის მეოხებით აღასრულა“. ამის შემდეგ წავიდა და იმ მხარეში აღარ გამოჩენილა, რადგან წარმავალ დიდებას გაურბოდა და ცდილობდა ამ უდიდესი სასწაულის დამსწრე ადამიანებს ამ ცხოვრებაში აღარასოდეს შეხვედროდა.

პეტრე: არ ვიცი სხვები როგორ ფიქრობენ, მაგრამ მე ყოველ სასწაულზე უფრო აღმატებულად მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა მიმაჩნია, როდესაც სული მისსავე სხეულს უბრუნდება.

გრიგოლი: თუკი სასწაულის გარეგან მხარეს მივხედავთ, მაშინ უეჭველია, ასეა. ხოლო თუ ყურადღებას შინაგან მხარეს მივაპყრობთ, რა თქმა უნდა, ცოდვილი ადამიანის სიტყვით განსწავლა და ნუგეშისცემა უფრო აღმატებულია, ვიდრე მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა, რადგან უკანასკნელ შემთხვევაში სხეული აღდგება, რომელიც ოდესმე ისევ გარდაიცვლება, პირველ შემთხვევაში კი სული აღდგება, რომელიც მოწოდებულია მარადიული სიცოცხლისათვის. ორ მაგალითს შემოგთავაზებ: შენი აზრით, აღმატებული სასწაული რომელ მათგანში გამოჩნდა? ლაზარე, რომელიც, რა თქმა უნდა, მორწმუნე იყო, უფალმა აღადგინა სხეულით, ხოლო სავლე - სულით. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარეს სათნოებათა შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ, რაც სულიერი აღდგომის შემდეგ პავლეს სათნოებათა შესახებ წმიდა წერილშია ნათქვამი, ჩვენს უძლურ გონებას იმის წარმოდგენაც კი არ ძალუძს: კერძოდ, მისი ქადაგების შემდეგ თვით ყველაზე უწყალო სულები სათნოების გზაზე ექცეოდნენ; მას სურდა მომკვდარიყო იმ ძმებისთვის, რომელთა სიკვდილით უწინ ხარობდა; წმიდა წერილი სრულად იცოდა, მაგრამ თავს უმეცარს უწოდებდა და ამბობდა, არაფერი ვიცი, გარნა ხოლო ქრისტე და ისიცა ჯვარცმულიო; ქრისტესთვის, რომელსაც მოქცევამდე მახვილით დევნიდა, მოქცევის შემდეგ კვერთხით ცემას სიხარულით ითმენდა. ის უდიდესია, როგორც მოციქული, მაგრამ მოწაფეთა შორის თავი უდარესად მიაჩნდა; ის საიდუმლოთა სახილველად მესამე ცაზე იქნა აღტაცებული, მაგრამ სიყვარულით აღძრული, გონების თვალს მიაპყრობს საქორწინო კავშირს და ამბობს: ქმრებმა ცოლებს ჯეროვანი სიყვარული მიაგონ და აგრეთვე - ცოლებმა ქმრებს; ანგელოზებთან ერთად ჭვრეტს და ამავე დროს ფიქრობს და განაგებს მონაზონთა საქმეებს; უძლურებაში ხარობს და როდესაც შეურაცხყოფენ, მისთვის ქრისტეა ცხოვრება და სიკვდილი - შენაძენი; ხორცში მყოფი ხორცს გარეთ ცხოვრობდა. აი, როგორ იცხოვრა იმან, ვინც ხორციელი ცხოვრებიდან კეთილმსახური ცხოვრებისაკენ მოიქცა! ამგვარად, მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენა ხორციელად - უდარესი სასწაულია, თუკი ხორციელ აღდგომას თან სულიერი აღდგომაც არ ახლავს, იმგვარად, რომ ხილული სასწაულის მეოხებით ადამიანი შინაგანადაც ისე აღდგეს, როგორც ჭეშმარიტების გზაზე მოქცევის შემდეგ ხდება.

პეტრე: ადრე მკვდრის აღდგინება უდიდეს სასწაულად მიმაჩნდა, ახლა კი დავრწმუნდი, რომ ცხონების გზაზე კაცის მოქცევა ბევრად უფრო დიდი საქმეა. გთხოვ, განაგრძე დაწყებული თხრობა, რომ თავისუფალმა დრომ დამოძღვრის გარეშე არ ჩაიაროს.