გრიგოლი: არცთუ დიდი ხნის წინ კამპანიის ოლქში, მარსის მთაზე, განმარტოებით ცხოვრობდა ვინმე მარტინი, კაცი ფრიად სათნო. ის წლების მანძილზე ვიწრო მღვიმეში იყო დაყუდებული. ჩვენი ახლობლებიდან მას მრავალნი იცნობდნენ, ჩვენ შორის მისი ღვაწლის თვითმხილველნიც კი არიან. მის შესახებ ჩემი წინამორბედი, ნეტარხსენებული პაპი პელაგი და ასევე მრავალი ღმრთისმოყვარე ადამიანი მიამბობდა. მან ხსენებული მთის მღვიმეში დაყუდებისთანავე სასწაული აღასრულა: კლდემ, რომელიც მღვიმის სიღრმეში იყო, წყარო აღმოაცენა, რომელიც ღმრთის მონას იმდენ წყალს აწვდიდა, რამდენიც მისთვის ყოველდღიურად იყო აუცილებელი. აქედან ჩანს, თუ როგორ ზრუნავდა ყოვლისშემძლე უფალი თავის მონაზე, რომლისთვისაც ძველი დროის მსგავსად (რიცხ. 20. 7-11), უდაბნოში წყალი კლდიდან აღმოაცენა. უძველესი მტერი ღმრთის მონის სათნოებათა მიმართ შურით აივსო და თავისი მანქანებით ცდილობდა იგი მღვიმიდან გაეძევებინა. ამისთვის თავის უსაყვარლეს ცხოველში, გველში შევიდა და წმინდანს აშინებდა. გველი განმარტოებულ მოსაგრესთან შედიოდა და როდესაც ის ლოცულობდა, მის წინ წვებოდა. როდესაც წმინდანი მიწაზე განირთხმებოდა, ისიც მის გვერდით იწვა. წმინდანი ყოველგვარი შიშის გარეშე ხელს ან ფეხს პირთან მიუტანდა და ეუბნებოდა: “თუკი კბენას გამიბედავ, მე ნებას გაძლევ“. ასე სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს, წმინდანის სიმტკიცით დამარცხებულმა მტერმა მღვიმე ღმუილით დატოვა: გველი მთის ფერდობიდან უფსკრულში გადაეშვა, გზაზე კი მისი პირიდან გამოსული ცეცხლი ყველაფერს წვავდა. ამგვარად, ღმრთის განგებით, მთის ფერდზე მცენარეთა გადაწვით, ეშმაკი იძულებული გახდა ეჩვენებინა, მისი მძლეველი ადამიანი რა დიდი სათნოებით იყო შემოსილი. განსაჯე, სულიერების რა მაღალ საფეხურზე იყო ეს კაცი, რომელმაც სამი დღე გველთან ერთად უვნებლად გაატარა.
პეტრე: გისმენ და გაოცებული ვარ.
გრიგოლი: ამ ღმრთისმოსავმა კაცმა დაყუდების ხანს წესად დაიდო აღარასოდეს ეხილა დედაკაცის სახე, არა მათდამი სიძულვილის გამო, არამედ ეშინოდა მათი ხილვით ცდუნებაში არ ჩავარდნილიყო. ერთმა დედაკაცმა შეიტყო ამის შესახებ და ურცხვად გაკადნიერდა, მთაზე, მღვიმის შესასვლელთან ასულიყო. წმინდანმა შორიდანვე დაინახა იგი, სამოსით შეიცნო, რომ დედაკაცი იყო და ლოცვა დაიწყო. მიწაზე დაწვა, სახე დამალა და ამ მდგომარეობაში იქამდე იყო, ვიდრე ლოდინით გადაღლილი ურცხვი დედაკაცი მღვიმის სარკმელს არ მოშორდა. ის მთიდან ჩამოსვლისთანავე გარდაიცვალა, რითიც განცხადდა, რომ ღმერთი თავისი სათნო მოღვაწის ურცხვი კადნიერებით შეურაცხყოფის გამო ძლიერ განრისხდა.
მრავალი მორწმუნე ადამიანი წმინდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად მიდიოდა. წმინდანის სენაკთან მიმავალი გზა ძალიან ვიწრო და ციცაბო იყო. ერთხელ ერთ მცირეწლოვან ყრმას ფეხი დაუცდა და მთიდან ხეობაში გადავარდა. ის იმდენად ღრმა იყო, რომ მის ძირში უზარმაზარი ხეები პატარა წნელებივით მოჩანდა. მისი თანამგზავრები შეძრწუნდნენ და იმ ადგილს ეძებდნენ, სადაც შეიძლებოდა ყრმა ჩავარდნილიყო. ალბათ არცერთ მათგანს იმედი არ ჰქონდა, რომ მას ცოცხალს და, მით უმეტეს, უვნებელს ნახავდა. მაგრამ ყრმა ცოცხალი და სრულიად უვნებელი ნახეს. ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ ის წმიდა მარტინის მიერ აღვლენილი ლოცვის შედეგად გადარჩა.
წმინდანის მღვიმის თავზე უზარმაზარი კლდე იყო გადმოკიდებული, რომელიც მთას ვიწრო ყელით უერთდებოდა. მისი მოწყვეტის საშიშროების გამო წმინდანს ყოველ დღე განსაცდელი ელოდა. ერთხელ ვინმე მერკატორი, სახელოვანი არმენტარის შვილიშვილი, სოფლელებთან ერთად მთაზე ავიდა და ღმრთის მონას სთხოვა, მღვიმიდან გამოსულიყო, რათა მთიდან კლდე ჩამოეგდოთ და წმინდანს თავის მღვიმეში უშიშრად ეცხოვრა. ღმრთის კაცი ამაზე არ თანხმდებოდა, მაგრამ შემდეგ ნება მისცა მერკატორს ისე მოქცეულიყო, როგორც სურდა, თვითონ კი მღვიმის ბოლოში განმარტოვდა; თუმცა უეჭველი იყო, რომ ჩამოვარდნილი კლდე მღვიმეს ჩააქცევდა და მასაც მოკლავდა. როდესაც ხალხი კლდის მომტვრევას შეუდგა და ცდილობდა წმინდანისთვის არაფერი ევნო, მათ თვალწინ საკვირველი რამ აღესრულა. მათ მიერ ჩამოტეხილი კლდე მთიდან თავისით ისეთ მანძილზე გადავარდა, რომ მღვიმეს არ შეხებია და ღმრთის მონა სრულიად უვნებელი დარჩა. ვისაც უეჭველად სწამს, რომ ყოველივე ღმრთის განგებით აღესრულება, მიხვდება, რომ აღწერილი შემთხვევაც ღმერთის ბრძანებით, ანგელოზთა თანამონაწილეობით მოხდა.
როდესაც მარტინი მთაზე დაეყუდა და მისი მღვიმე ჯერ დახშული არ იყო, მან ფეხები რკინის ჯაჭვით შეიკრა და მისი ბოლო კლდეზე მიამაგრა, რომ იმაზე შორს ვერ წასულიყო, რის საშუალებასაც ჯაჭვის სიგრძე აძლევდა. ღირსმა ბენედიქტემ, რომლის შესახებ წიგნის მეორე ნაწილში მოგახსენეთ, ამის შესახებ გაიგო, მოწაფე გაგზავნა მარტინთან და შეუთვალა: “თუკი ღმრთის მონა ხარ, გმართებს შეიკრა არა რკინის, არამედ - ქრისტეს სიყვარულის ხუნდებით“. ამის გაგონებისთანავე მარტინმა ბორკილები მოიხსნა, მაგრამ მათგან გათავისუფლების შემდეგაც ფეხი იმაზე შორს არ გადაუდგამს, ვიდრე შებორკილს შეეძლო. მას შემდეგ, რაც მღვიმეში დაეყუდა, მასთან მისვლა დაიწყეს მოწაფეებმა, რომლებიც მღვიმესთან დასახლდნენ. ისინი წყალს ჭიდან იღებდნენ, მაგრამ თოკი, რომელზეც ჭურჭელი იყო მიმაგრებული, ხშირად უწყდებოდათ. ამიტომ მოწაფეებმა წმინდანს ის ჯაჭვი სთხოვეს, რომლითაც ფეხები შეიბორკა და თოკს გადააბეს. ამის შემდეგ თოკს წყალში ყოველდღიურად უშვებდნენ, მაგრამ აღარასოდეს გამწყდარა, რადგან წმინდანის ჯაჭვმა მას რკინის სიმტკიცე მიანიჭა.
პეტრე: ამ სასწაულთა სმენა სასიხარულოა, რადგან ძალიან საკვირველნია და მით უფრო, რომ ახლახან აღსრულდნენ.