მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეთხუთმეტე
ღმრთის მონანი - ევტიქი და ფლორენცი


გრიგოლი: გადმოგცემ იმას, რაც ღირსი სანკტულასგან შევიტყვე. ის იმავე ოლქში პრესვიტერი იყო. მის მონათხრობში ეჭვი არ შეგეპარება, რადგან მისი ღმრთისმოშიში და მართალი ცხოვრების შესახებ შენც იცი.

იმავე ხანებში ნურსიის ოლქის მიდამოებში ორი მონაზონი ცხოვრობდა: ევტიქი და ფლორენცი. ევტიქი სულიერი მოშურნეობით გამოირჩეოდა და ღმრთის სათნო ცხოვრება მხურვალედ უყვარდა. მისი უმთავრესი საზრუნავი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოექცია სათნოების გზაზე. ფლორენცი უბრალოდ ცხოვრობდა. მისი უმთავრესი საქმიანობა ლოცვა იყო. ერთხელ მათ სიახლოვეს მდებარე მონასტერში წინამძღვარი გარდაიცვალა. მონასტრის ძმებმა ისურვეს მის ადგილზე ევტიქი მიეწვიათ. ევტიქიმ მათი თხოვნა შეიწყნარა და მონასტერს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა, მოწაფეთა სულებს სამონაზვნო ცხოვრების მიხედვით წარმართავდა, მაგრამ მას არ უნდოდა, რომ სენაკი, სადაც უწინ ცხოვრობდა, დაცარიელებულიყო და ნება მისცა ღმრთისმოშიშ ფლორენცის იქ გადასულიყო. ფლორენცი ერთხელ ყოვლისშემძლე ღმერთს შეევედრა, რომ მისთვის ამ ადგილზე დადგომისთვის რამენაირი შეწევნა წარმოეგზავნა. ლოცვის დასრულების შემდეგ წმინდანი სენაკიდან გარეთ გავიდა და დაინახა, რომ კარის წინ დათვი იდგა, თავი მიწისკენ დაეხარა, მოძრაობით არაფერს მხეცურს არ ავლენდა და ცხადად მიანიშნებდა, რომ ღმრთის კაცთან მორჩილების აღსასრულებლად მივიდა. წმინდანმა ეს მყისვე შეიცნო. სენაკს ოთხი-ხუთი ბატკანი ეკუთვნოდა, მაგრამ მათ მწყემსი არ ჰყავდათ. “წადი, ბატკნები საძოვარზე გადენე, - უთხრა წმინდანმა დათვს, - ხოლო მეექვსე ჟამზე მათთან ერთად დაბრუნდი“. მას შემდეგ დათვი მუდამ მწყემსის მოვალეობას ასრულებდა და ეს სისხლისმსმელი ცხოველი ცხვრებს მწყემსავდა, რომელთაც მანამდე მუსრს ავლებდა. როდესაც ღმრთის მონა მარხულობდა, მაშინ უბრძანებდა დათვს მეცხრე ჟამზე დაბრუნებულიყო, დანარჩენ დღეებში კი - მეექვსე ჟამზე. დათვიც ყოველთვის მას ემორჩილებოდა: როდესაც დაბრუნებას მეცხრე ჟამზე უბრძანებდა, მეექვსეზე არასოდეს ბრუნდებოდა, ხოლო დაბრუნება თუ მეექვსე ჟამზე ჰქონდა ნაბრძანები, მეცხრეზე არ ბრუნდებოდა. გავიდა ხანი და ხმა ამ სასწაულის შესახებ შორს გავრცელდა, მაგრამ უძველესი მტერი სწორედ იმით ცდილობს ბოროტი ადამიანები შურით მოწყლას, რითიც ღმრთის სათნო ადამიანი დიდებაში წარემატება. ღმრთისმოშიში ევტიქის ოთხმა მოწაფემ ძლიერ შეიძულა ფლორენცი იმის გამო, რომ მან, განმარტოებით მცხოვრებმა, იმგვარი სასწაულებით გაითქვა სახელი, როგორსაც მათი მოძღვარი ევტიქიც კი არ აღასრულებდა. შეითქვნენ და ფარულად დათვი მოუკლეს. როდესაც ფლორენცისთან დანიშნულ დროს დათვი არ დაბრუნდა, წმინდანი ძლიერ აღელდა, იმ საღამოს ელოდა, ხოლო მეორე დღეს დათვის საძებნელად გაემართა და მკვდარი იპოვა. გამოძიების შემდეგ შეიტყო, დათვი ვინც მოუკლა და მწარედ ატირდა, ის უფრო მეტად ძმების გაბოროტებას იგლოვდა, ვიდრე - დათვის მოკვლას. ღმრთისმოსავმა ევტიქიმ ფლორენცი მიიხმო და მისთვის ნუგეშისცემას ცდილობდა, მაგრამ ღმრთის მონამ, მწუხარებით დანაღვლიანებულმა, ევტიქის თანდასწრებით შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “მჯერა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყველას თვალწინ, ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში მიაგებს მათ ბოროტებისთვის: მათ მოკლეს დათვი, რომელსაც მათთვის არაფერი დაუშავებია“. ამ სიტყვების კვალდაკვალ ღმერთის შურისგებამაც არ დააყოვნა. ოთხივე მონაზონს, რომლებმაც დათვი მოკლეს, იმწამსვე კეთრი შეეყარათ, სხეულები დაულპათ და მოკვდნენ. როდესაც ამგვარი რამ მოხდა, ფლორენცი ძლიერ შეშინდა: მის მიერ წარმოთქმულმა ძმათა განკითხვამ მას შიში მოჰგვარა. ის მთელი ცხოვრება იმის გამო გლოვობდა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი - საკუთარ თავს სასტიკს უწოდებდა და ძმათა სიკვდილში ადანაშაულებდა. ვფიქრობ, ყოვლისშემძლე ღმერთმა იმისთვის დაუშვა აღსრულებულიყო ამგვარი რამ, რომ ფლორენცისთვის, უაღრესად ალალმართალი კაცისთვის, ეჩვენებინა - თვით უდიდესი მწუხარების ჟამსაც კი ყოველთვის არ შეიძლება ასე განავრცო სხვათა განკითხვა.

პეტრე: ნუთუ ასე მძიმეა განკითხვის ცოდვა, როდესაც მას მრისხანების ჟამს წარმოვთქვამთ?

გრიგოლი: რად უნდა ამას კითხვა, როდესაც ჯერ კიდევ წმიდა მოციქული პავლე ამბობდა: “მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6, 10). ამდენად, განსაჯე, რა მძიმეა ეს ცოდვა, რომელიც სასუფეველს განაშორებს.

პეტრე: ადამიანს რა მოეწევა, თუკი მოყვასს განიკითხავს არა გაბოროტებით, არამედ ენის შეუკავებლობით?

გრიგოლი: თუკი საშინელი მსაჯული, საყვარელო პეტრე, ყოველი უქმი სიტყვისთვის განიკითხავს, მაშინ ბოროტი სიტყვისთვის ხომ უფრო მეტად მოგველის განკითხვა? ამიტომ განსაჯე: თუკი ყოველი უქმი სიტყვისთვის სასჯელს მივიღებთ, რაოდენ უფრო დიდი სასჯელი მოჰყვება სიტყვას, რომელიც ბოროტებით გამოითქმის?

პეტრე: გეთანხმები.

გრიგოლი: იმავე წმინდანმა იმგვარი რამ აღასრულა, რის შესახებ შეუძლებელია დავდუმდე. როდესაც ფლორენცის სახელი შორეულ ქვეყნებში განითქვა, წმინდანთან შორიდან ერთი დიაკვანი გამოემგზავრა, რათა მისგან ლოცვა გამოეთხოვა. წმინდანის სენაკის სიახლოვეს მყოფმა, უამრავი გველი დაინახა და შეშინებულმა შესძახა: “ილოცე, ღმრთის მონაო!“ ფლორენცი სენაკიდან გამოვიდა, ხელები და თვალები ზეცისკენ აღაპყრო და ღმერთს შეევედრა, ქვეწარმავლები თავისი ნებისაებრ მოესპო. წმინდანის ვედრებისთანავე მეხი ჩამოვარდა და იქ მყოფი ყველა ქვეწარმავალი დაიხოცა. ამის დანახვაზე ღმრთის მონამ შეჰღაღადა: “ღმერთო, შენ შემუსრე ისინი, მაგრამ ვინ გაწმენდს აქაურობას მათგან?“ მყისვე, წმინდანის მიერ ლოცვის წარმოთქმისთანავე, უამრავი ჩიტი მოფრინდა, თითოეულმა თითო ქვეწარმავალი აიტაცა და შორს წაიღო. ამგვარად, ფლორენცის სენაკის ახლოს მიდამო ქვეწარმავლებისაგან სრულიად გაიწმინდა.

პეტრე: რამდენად სათნო და დიდი უნდა ყოფილიყო ეს წმინდანი, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა მისი ლოცვა ასე სწრაფად შეისმინა!

გრიგოლი: ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, რომელიც ბუნებით წმიდაა, საყვარელო პეტრე, ადამიანის გულის სიწმინდესა და უბრალოებას უდიდესი ძალა აქვს. მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მონები მიწიერ საზრუნავებს განუდგნენ, ფუჭსიტყვაობა განაგდეს და არ უშვებენ, რომ მათი სხეული ცოდვებით შეიბილწოს, მათ ლოცვას ძალზე ხშირად ყველას წინაშე შეისმენს შემოქმედი, რომელთანაც (ეს წმიდა კაცები) დაახლოებულნი არიან იმით, რომ მიემსგავსებიან მას, როგორც ეს შესაძლებელია, სიწმინდითა და უბრალოებით. ჩვენ კი მუდამ ადამიანურ საზრუნავებში ვეფლობით, უქმად ვმეტყველებთ, ზოგჯერ ძალიან მავნეს თქმასაც არ ვერიდებით. ამიტომ ჩვენი სიტყვა ღმერთისგან იმდენადვეა დაშორებული, რამდენადაც ამ ქვეყანას უახლოვდება. მუდმივი ლაპარაკი დროებითს მიგვაჯაჭვავს და ღმერთისგან განგვაშორებს. წმიდა ესაია წინასწარმეტყველმა ამგვარი რამ საკუთარ თავში სამართლიანად ამხილა და შეინანა; როდესაც მან უფალი ძალთაჲ იხილა, შესძახა: “ჰოი  უბადრუკსა მე, რამეთუ შეკდემულ ვარ, რამეთუ კაცად მყოფი და არაწმიდათა ბაგეთა მქონებელი“ (ეს. 6, 5). შემდეგ კი დაამატა: “საშუალ ერისა, არაწმიდათა ბაგეთა მქონებელისა, მკჳდრ ვარ მე“, და ამით განმარტა, უწმინდური ბაგე რატომ ჰქონდა. ის ბაგეთა უწმინდურების გამო წუხდა, მაგრამ როდესაც თქვა, რომ უწმინდურ ადამიანებს შორის ცხოვრობს, გვიჩვენა, თუ უწმინდურებას ვის დაესესხა, რადგან ძალიან ძნელია, რომ მიწიერზე საუბარმა გონება არ შებილწოს. თავიდან უმნიშვნელო ჩვევა ჩაგვითრევს და თავს უფლებას ვაძლევთ ცოტაოდენი ვისაუბროთ საერო საკითხებზე. შემდეგ უკვე ყოვლად უღირს ფუჭსიტყვაობას ერთგვარი სიამოვნებითაც ვაგრძელებთ, იმდენად, რომ ბოლოს თავს იმისგანაც კი ვერ ვიხსნით, რის უფლებასაც საკუთარ თავს უწინ გატაცების გამო, ერთგვარი შემწყნარებლობით ვაძლევდით. ამგვარად, უქმისმეტყველებიდან მავნე სიტყვების გამოთქმაზე გადავდივართ, მსუბუქიდან - უმძიმესზე და ჩვენ მიერ გამოთქმულ ლოცვას უფალი მით უფრო ნაკლებად შეისმენს, რაც უფრო მეტად შეიბილწება ის უგუნური უქმისმეტყველებით, რადგან წმიდა წერილი ამბობს: “ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა“ (იგავ. 28, 9). რა არის იმაში გასაკვირი, თუკი ღმერთამდე ჩვენი ლოცვები გვიან აღწევს, როდესაც საღმრთო მცნებების აღსრულებაში თავად ვზარმაცობთ ან სულაც არ აღვასრულებთ? ან იმაში რა არის გასაკვირი, რომ ღმერთმა ფლორენცის ლოცვა მსწრაფლ შეისმინა, როდესაც საღმრთო მცნებებს წმინდანი მუდამ ყურად იღებდა?

პეტრე: შენი განმარტების საწინააღმდეგოდ ვერაფერს ვიტყვი.

გრიგოლი: რაც შეეხება ევტიქის, ფლორენცის თანამგზავრს საღმრთო ასპარეზზე, მისი სახელი სიკვდილის შემდგომ აღსრულებული სასწაულებით განითქვა. მისი თანამოქალაქეები უამრავ სასწაულს მოგვითხრობენ, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია სასწაული, რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით წმინდანის სამოსლის საშუალებით მუდმივად აღესრულებოდა ლონგობარდების დროს. ვინაიდან იმ მხარეში გვალვა ხშირი იყო, წმინდანის თანამოქალაქენი ერთად იკრიბებოდნენ და მის სამოსელს ღმერთის წინაშე ლოცვით აღამაღლებდნენ და, როდესაც ლოცვითა და სამოსლით მინდვრებში დადიოდნენ, უეცრად წვიმა წამოვიდოდა და მიწას არწყულებდა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა დიდი იყო წმინდანის სულიერი სათნოებანი და დამსახურება, რომ შემოქმედის რისხვას მხოლოდ მისი სამოსის გამობრძანება აჩერებდა.