მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეთოთხმეტე
ღმრთის მონა ისააკი


ქალაქ სპოლეტოს სიახლოვეს, გუთების ბატონობის დასაწყისიდან თითქმის დასრულებამდე, ცხოვრობდა ვინმე ისააკი, ღმრთისმოსავი კაცი. მას მრავალნი იცნობენ, მათ შორის არის კეთილმსახური ქალწული გრიგორია, რომელიც ამჟამად რომში, ყოვლადწმიდა და მარადქალწულ მარიამის ტაძართან ცხოვრობს. ის სიყრმეში ისააკმა ტაძარში შეიფარა, როდესაც გათხოვებას უპირებდნენ. მას სურდა მონაზვნური ცხოვრება დაემარხა და ღმრთის შეწევნით შეძლო. იმის გამო, რომ მიწიერ საქმროს დაემალა, ის ღირსი გახდა სასიძო ზეცაში შეეძინა. ისააკის შესახებ ასევე მრავალი რამ ღირს მამა ელეფთერთან საუბარში შევიტყვე. ის ისააკს ახლოს იცნობდა, ხოლო მისი ღმრთისმოშიშება მის მონათხრობს სარწმუნოს ხდის.

ღმრთისმოსავი ისააკი წარმოშობით იტალიელი არ იყო, მაგრამ მე მის მიერ იტალიაში აღსრულებულ სასწაულთა შესახებ გიამბობ. როდესაც იგი სირიიდან სპოლეტოში პირველად ჩამოვიდა, ტაძარში შევიდა და ეკლესიის მსახურთ სთხოვა, ნება დაერთოთ იმდენ ხანს ელოცა, რამდენიც მოესურვებოდა და ღმრთისმსახურების დროს ტაძრიდან არ გაეძევებინათ. მან მთელი დღე და ღამე ლოცვაში გაატარა, ასევე ორი მომდევნო დღე და ღამეც დაუცხრომელად ლოცულობდა. ტაძრის ერთ-ერთმა მსახურთაგანმა, რომელიც ამპარტავნების სულით იყო აღვსილი, ამ შემთხვევით სარგებლობის ნაცვლად, მხოლოდ წარსაწყმედელი ვნება მოიმკო. მან წმინდანის შესახებ ხმამაღლა და კადნიერად დაიწყო ლაპარაკი, რომ ის თვალთმაქცი და მატყუარაა, სხვების წინაშე თავის მოწონება ხანგრძლივი ლოცვით სურს. შემდეგ ღმრთის მონას მივარდა და ცემა დაუწყო, რათა ტაძრიდან, როგორც ცრუ წმინდანი, შეურაცხყოფილი გაეგდო. მაგრამ უეცრად მას ბოროტი სული ეკვეთა, ღმრთის კაცის ფერხთით დასცა და მისი პირით აყვირდა: “ისააკი განმდევნის მე“. ამ უცხო ადამიანის სახელი აქამდე არავინ იცოდა. ბოროტმა სულმა, რომელიც გაჰყვიროდა ისააკი განმდევნისო, განაცხადა მისი სახელი. ღმრთის მონა მყისვე შეპყრობილის სხეულზე განერთხა და ბოროტი სული მისგან განდევნა.

ეს ამბავი მთელ ქალაქს მაშინვე მოედო. მდაბიო და წარჩინებულმა დედაკაცებმა თავი მოიყარეს და თითოეული ცდილობდა წმინდანი თავის სახლში მიეწვია. ერთნი მამულს სთავაზობდნენ, მეორენი - ფულს, სხვები კიდევ სხვა შეწევნას, ვისაც რა შეეძლო და ევედრებოდნენ წმინდანს ეს ყოველივე მონასტრის მოსაწყობად გამოეყენებინა, მაგრამ ღმრთის მონამ არაფერი მიიღო, ქალაქს გაეცალა, განმარტოებული ადგილი მოძებნა და სენაკი აიშენა. მრავალნი აკითხავდნენ და მისი მაგალითით მარადიული ცხოვრების  საძიებლად აღძრულნი ღმრთის მონას მორჩილებისა და ხელმძღვანელობისათვის თავს ანდობდნენ. მოწაფეები მას ხშირად სთხოვდნენ, მართალია, დაჟინებით, მაგრამ - სიმდაბლით, რომ მონასტრის სარგებლობისთვის შემოწირულობები მიეღო, მაგრამ ის უპოვარებას ფხიზლად იცავდა და მუდამ მტკიცედ პასუხობდა, რომ “ვინც მიწიერ საუნჯეს ეძებს, ის მონაზონი არ არის“. ის ისეთივე სიფრთხილით ცდილობდა უპოვარება დაემარხა, როგორც მდიდრები ცდილობენ დაიცვან თავიანთი ხრწნადი სიმდიდრე. მონასტერში მისი ცხოვრების დროს ხმა მისი წინასწარმეტყველების ნიჭისა და უდიდესი სასწაულების შესახებ შორეულ ქვეყნებში გავრცელდა.

ერთხელ, საღამოხანს, მან ბრძანა მონასტრის ბოსტანში რამდენიმე ბარი დაეტოვებინათ: “ამდენი და ამდენი ბარი ბოსტანში დატოვეთ და უკან სასწარაფოდ დაბრუნდით“, - უთხრა მან მოწაფეებს. იმავე ღამეს ლოცვისთვის ამდგარ ძმებს უბრძანა: “მუშაკებისთვის შეჭამანდი მოხარშეთ, რომ დილაადრიან მზად იყოს“. დილით უბრძანა, შეჭამანდი ბოსტანში წაეღოთ და ძმებთან ერთად იქ მისულს იმდენი მუშაკი დახვდა, რამდენი ბარიც მისი ბრძანებით იქ დატოვეს. ისინი ქურდები იყვნენ. როდესაც ბოსტანში შეიპარნენ, მათი განზრახვა, ღმერთის ზემოქმედებით, შეიცვალა: ბარები რომ ნახეს, აიღეს და ღმრთის მონის მოსვლამდე შეუსვენებლად მუშაობდნენ. მათ დაუმუშავებლად დარჩენილი მიწა დაბარეს. “გამარჯობათ, ძმებო! უკვე დიდი ხანია შრომობთ. დროა, დაისვენოთ!“ - უთხრა მათ ღმრთის მონამ. შემდეგ მოტანილი შეჭამანდი შესთავაზა, რათა მომქანცველი შრომის შემდეგ ენუგეშათ. როდესაც ინუგეშეს, წმინდანმა უთხრა: “ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, კარებთან მოდით, მშვიდად ითხოვეთ და კურთხევით მიიღებთ, ხოლო ქურდობისგან თავი შეიკავეთ“. შემდეგ ბრძანა, მათთვის რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეული მიეცათ. ამგვარად, ბოსტანში ბოროტი განზრახვით მისულნი, თავადაც უვნებელნი დაბრუნდნენ და გაწეული შრომისათვის უხვი ჯილდოც მიიღეს.

სხვა დროს ისააკს მოწყალებისათვის უცხოტომელებმა მიაკითხეს, რომელთაც იმდენად დაფლეთილი და დაკონკილი სამოსი ეცვათ, რომ თითქმის შიშვლები იყვნენ. მათ წმინდანს სამოსი სთხოვეს, ის კი მდუმარედ უსმენდა. შემდეგ ერთ-ერთი მოწაფეთაგანი მოიხმო და ფარულად უბრძანა: “წადი ტყეში, ამა და ამ ადგილას ხის ფუღუროში ტანსაცმელს ნახავ და მოიტანე“. მოწაფე წავიდა, ხის ფუღურო მოძებნა, ტანსაცმელი ამოიღო და მოძღვარს ფარულადვე მიუტანა. ღმრთის სათნო მოსაგრემ ტანსაცმელი ნახევრადშიშველ უცხოტომელებს მისცა და უთხრა: “თითქმის შიშვლები ხართ, ეს ტანისამოსი გამომართვით და ჩაიცვით“. მთხოვნელებმა მაშინვე იცნეს ტყეში დატოვებული თავიანთი ტანსაცმელი და შერცხვენილები ძრწოლამ მოიცვა. ამგვარად, იმათ, ვინც სიცრუით სხვისი სამოსის მოპოვება ისურვეს, შერცხვენილებმა თავისივე მიიღეს.

ერთხელ ერთი ადამიანი წმინდანისგან ლოცვას ითხოვდა და მას მონის ხელით სანოვაგით სავსე ორი კალათი გაუგზავნა. მონამ ერთი კალათი გზაში გადამალა, ხოლო მეორე ღმრთის სათნო მოსაგრეს მიართვა და მას თავისი პატრონის სათხოვარი მოახსენა. ღმრთის მონამ ძღვენი სიყვარულით მიიღო, მადლობა გადაუხადა და თან უთხრა: “გაფრთხილდი, როდესაც გზაზე გადამალულ კალათს აიღებ: მასში გველი ჩავიდა, ამიტომ საშიშია, მოულოდნელი შეხების გამო არ გიკბინოს“. ამ სიტყვებმა მონას ძრწოლა მოჰგვარა. ერთი მხრივ, უხაროდა, რომ სიკვდილს გადაურჩა, ხოლო მეორე მხრივ, დანაღვლიანდა, მაგრამ სირცხვილი მან ისე აიტანა, როგორც მაცხოვნებელი სასჯელი. როდესაც ბრუნდებოდა, კალათი ფრთხილად აიღო და როგორც ღმრთის კაცმა უწინასწარმეტყველა, მასში გველი აღმოჩნდა. ამგვარად, ეს წმინდანი თავშეკავების სათნოებას, ყოველივე მსწრაფლწარმავალის მოძულებას და წინასწარმეტყველების ნიჭს ლოცვისადმი არაჩვეულებრივ გულმოდგინებას უერთებდა. უჩვეულო მხოლოდ ერთი რამ იყო: ის ზოგჯერ იმდენად მხიარულდებოდა, ვინც არ იცნობდა, ვერაფრით დაიჯერებდა, რომ უდიდეს სათნოებებს ფლობდა.

პეტრე: გთხოვ, ამიხსენი, ეს რას ნიშნავს? ის ამგვარ მხიარულებას თავისი ნებით ეძლეოდა, თუ მისი სული, რომელიც ასეთ სათნოებებს ფლობდა, უნებურად აღფრთოვანდებოდა ნამდვილი სიხარულით?

გრიგოლი: დიდებულია, პეტრე, ყოვლისშემძლე ღმერთის განგებულება. უმთავრესად, იმგვარად ხდება, რომ იმათ, ვისაც ღმერთი უმაღლეს სიკეთეს მიჰმადლებს, უმცირესს მოაკლებს, რათა მათ სულებს მუდამ შეეძლოთ რითიმე თავის დამდაბლება, რათა, რაკი ისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ და ვერ ჰპოვებენ, იღვწიან იმის მოსაპოვებლად, რაც არა აქვთ და ვერც ჰპოვებენ საკუთარი შრომის შედეგად, თავი იმით არ განიდიდონ, რაც აქვთ, არამედ ისწავლონ, რომ საკუთარ თავში მცირე და უმნიშვნელო ნაკლოვანებათა აღმოფხვრაც კი არ ძალუძთ და თავისით არ მოუპოვებიათ უმაღლესი სრულყოფილებანი. სწორედ ამიტომ, როდესაც ღმერთმა რჩეული ერი აღთქმულ მიწაზე შეიყვანა, ყოველი მათი მტერი მოსრა, მხოლოდ ფილისტიმელები და ქანაანელები დატოვა, რადგან როგორც წმიდა წერილშია ნათქვამი: “სურდა გამოეცადა ისრაელიანები“ (მსაჯ. 3, 4). ამგვარად, როგორც უკვე გითხარი, უფალი უშვებს, მცირე ნაკლი დარჩეს იმათში, ვისაც უდიდეს სრულყოფილებას ანიჭებს, რომ მათ ჰქონდეთ საბრძოლველი და არ აიმაღლონ თავი ძლიერი მტრების დამარცხების შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ აშფოთებენ უსუსური მტრები. ასე საკვირველად ერთი და იგივე სული სათნოებებშიც მტკიცდება და უძლურებითაც შეჭირვებულია, რათა, რომ იხილავს, ერთი მხრივ, კეთილგანგებულებას თავის თავში, ხოლო, მეორე მხრივ, - მოუწყობლობას, უკმაყოფილება იგრძნოს იმის გამო, რომ ვერ იკმაყოფილებს მისწრაფებას მოიპოვოს მისთვის მიუწვდომელი სიკეთე და სიმდაბლით დაიცვას ის, რაც აქვს. მაგრამ განა საკვირველია ეს ადამიანში, როდესაც თვით ზეცის მოქალაქეთა ნაწილი დაეცა, მეორე ნაწილმა კი სიმტკიცე შეინარჩუნა და თანამოძმე- თა ამპარტავნებით დაცემის მხილველი რჩეულ ანგელოზთა სულები უმეტესად განმტკიცდნენ სიმდაბლეში. მოკლებამ როგორც ზეცაში მოიტანა სარგებლობა, რადგან მისი რღვევა მისივე მარადიული სიმტკიცის საფუძველი გახდა, ყოველ სულშიც ასევე ხდება: უმნიშვნელო ნაკლი, როგორც სიმდაბლის მცველი, მას უდიდეს შენაძენთათვის იფარავს.

პეტრე: გულსავსე ვარ შენი განმარტებით.