ახლახან კეთილმსახური ეპისკოპოსი ფლორიდი ერთი ღირსშესანიშნავი სასწაულის შესახებ მიამბობდა. ქალაქ პერუზის ეპისკოპოსი, - ამბობდა ფლორიდი, - იყო უწმინდესი ჰერკულანი, ჩემი აღმზრდელი. ის მონასტერს იქამდე წინამძღვრობდა, ვიდრე ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლდა. უსჯულო მეფე ტოტილას დროს გუთების ჯარს ეს ქალაქი თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ალყაში ჰქონდა მოქცეული. მრავალი მოქალაქე გაიქცა, რადგან შიმშილობის ატანა აღარ შეეძლო. შვიდი წლის გასვლის შემდეგ გუთებმა ალყაშემორტყმული ქალაქი დაიპყრეს. მაშინ მოალყე ჯარის უფროსმა მეფეს კაცი გაუგზავნა, რომ გაეგო, ეპისკოპოსსა და ხალხს როგორ მოპყრობოდა. “ეპისკოპოსის სხეულიდან მისი სიმაღლის თასმა გამოჭერი და შემდეგ თავი მოჰკვეთე, ხოლო ქალაქის მცხოვრებნი მახვილით ამოწყვიტე“, - შეუთვალა ტოტილამ. ჯარის უფროსმა ღმრთისმოყვარე ეპისკოპოსი ქალაქის გალავანზე აიყვანა, თავი მოჰკვეთა და ამის შემდეგ ბრძანა მისთვის ტყავი გაეძროთ, რათა მისგან თასმა გამოეჭრათ, სხეული კი გალავნიდან გადაეგდოთ. მაშინ ზოგიერთმა ღმრთისმოსავმა და გულშემატკივარმა ადამიანმა ეპისკოპოსის მოკვეთილი თავი სხეულთან დადო და მიწას მიაბარა ერთი ყრმის ცხედართან ერთად, რომელიც გალავნის სიახლოვეს აღმოაჩინეს. ორმოცდღიანი სისხლისღვრის შემდეგ მეფე ტოტილამ განაცხადა, რომ იმ ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ, უშიშრად შეეძლოთ ქალაქში დაბრუნება. ალყის დროს გაქცეულმა მოქალაქეებმა ამ უფლებით ისარგებლეს და უშიშრად იწყეს დაბრუნება. მათ თავიანთი ეპისკოპოსის სათნო ცხოვრება ახსოვდათ და მისი საფლავის ძებნა დაიწყეს, რათა მღვდელმთავრის ცხედარი წმიდა მოციქულ პეტრეს ტაძარში პატივით გადაესვენებინათ. როდესაც მისი საფლავი გათხარეს, ნახეს, რომ ყრმის ცხედარს, რომელიც ეპისკოპოსთან ერთად დაკრძალეს, ორმოცი დღის შემდეგ ხრწნა დაეწყო და მატლი ეხვია, ხოლო ეპისკოპოსის სხეული უხრწნელად ესვენა, თითქოს ახალი დაკრძალული იყო. უმეტეს გაკვირვებას ის იწვევდა, რომ ეპისკოპოსის თავი სხეულს იმდენად მტკიცედ შეზრდოდა, თითქოს მოკვეთილი არც ყოფილიყო. მახვილის კვალიც არსად ემჩნეოდა. შემდეგ ის გადააბრუნეს, რათა ენახათ, წამების ნიშნები ზურგზე ხომ არ ემჩნეოდა, მაგრამ სხეული
სრულიად უვნებელი აღმოჩნდა, თითქოს მახვილი არც მიჰკარებოდა.
პეტრე: ვის არ გააკვირვებს ამგვარი სასწაული, რომელიც მიცვალებულზე აღესრულა იმისთვის, რომ ცოცხლებმა გულისხმაყონ.