მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მესამე - თავი მეთორმეტე
უტრიკულას ეპისკოპოსი ფულგენცი


ორად გაყოფილი წვიმის სასწაული სხვა ღმრთისმოსავ ეპისკოპოსთანაც აღსრულდა. აი, რა გვიამბო ერთმა ხანდაზმულმა კლერიკოსმა (ის ამჟამადაც ცოცხალია) შემთხვევის შესახებ, რომლის თვითმხილველიც თავად იყო. მრისხანე მეფე ტოტილა უტრიკულას ეპისკოპოს ფულგენცის მიმართ საშინელ უკმაყოფილებას გამოხატავდა. ერთხელ, როდესაც ის ამ ქვეყანას ჯართან ერთად უახლოვდებოდა, ეპისკოპოსმა მას კლერიკოსთა ხელით ძღვენი გაუგზავნა, რათა საჩუქრით მაინც მოელბო მისი სისასტიკე, მაგრამ ტოტილამ ძღვენი უგულებელყო და მრისხანებით ანთებულმა მეომრებს უბრძანა, ეპისკოპოსი დაუნდობლად შეეპყროთ და განსასჯელად მისთვის წარედგინათ. გუთებმა, რომლებიც თავიანთი მბრძანებლის დავალებას ასრულებდნენ, ეპისკოპოსი შეიპყრეს, მიწაზე წრე შემოხაზეს, შიგნით ფულგენცი ჩააყენეს და უბრძანეს უძრავად მდგარიყო. გუთების ტყვეობაში, მზის გულზე იტანჯებოდა ღმრთის სათნო მოსაგრე. უეცრად იელვა, ჭექაქუხილი ატყდა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ წმინდანის მცველებმა იქ დგომა ვეღარ შეძლეს. მიუხედავად ასეთი უჩვეულო წვიმისა, არც ერთი წვეთი არ ჩავარდნილა წრეში, სადაც წმინდანი იდგა. როდესაც ეს გულფიცხ მეფეს მოახსენეს, მის სასტიკ გულში ეპისკოპოსისადმი ღრმა პატივისცემის გრძნობა აღიძრა, რომლის დაღუპვაც ასეთი დაუოკებელი სისასტიკით სურდა. ამგვარად ამდაბლებს ღმერთი ამპარტავან ხორციელ გონებას, თავის მშვიდ მონებ- ში საკუთარი ძალის სასწაულებრივი გამოვლენით. ჭეშმარიტება (ღმერთი), რომელიც თავმდაბალ ადამიანებში მოქმედებს, ასე იმორჩილებს იმათ, ვინც მის მცნებათა წინააღმდეგ თავს ამაყად აიმაღლებს.