იმავე ღირსმა ეპისკოპოსმა ბენანციმ ერთი სასწაულის შესახებ მიამბო, რომელიც ქალაქ პიაჩენცაში აღესრულა. მას რომის ამჟამინდელი პრეფექტი იოანეც ადასტურებს, ალალ-მართალი კაცი, რომელიც დაიბადა და აღიზარდა პიაჩენცაში, როგორც ბენანცისაც ახსოვს. ამ ქალაქში, როგორც ამბობენ, ეპისკოპოსად ვინმე საბინი იყო, რომელიც საკვირველ ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელ მას დიაკვანმა ამცნო, რომ მდინარე პო ადიდდა, ნაპირებიდან გადმოვიდა და ეკლესიის მინდვრები დაფარა. “წადი და მდინარეს უთხარი, - უპასუხა ღმრთისმოშიშმა საბინმა, - ეპისკოპოსი გიბრძანებს შენს კალაპოტში მორჩილებით დაბრუნდე“. მისი სიტყვები დიაკვანს უჩვეულოდ და სასაცილოდ ეჩვენა. მაშინ ღმრთის მონამ გადამწერი მოიხმო და უბრძანა ამგვარი რამ დაეწერა: “უფალ იესო ქრისტეს მონის, საბინის ბრძანება მდინარე პოს. სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ ამ მიდამოებში კალაპოტიდან არასოდეს გადმოხვიდე და საეკლესიო მინდვრები არ გაანადგურო“. “წადი და მდინარეში ჩააგდე“, - უთხრა ეპისკოპოსმა. როგორც კი გადამწერმა მისი ბრძანება შეასრულა, მდინარემ საეკლესიო მინდვრებიდან დაიხია, თავის კალაპოტს დაუბრუნდა და ის ადგილები აღარასოდეს დაუტბორავს. ამ შემთხვევაში, როდესაც იესოს ძალით წმინდანის ბრძანებას თვით უგუნური სტიქიაც კი დაემორჩილა, რა არის გამოხატული, თუ არა დაუმორჩილებელ ადამიანთა სიჯიუტე?