მე ყურადღება იმ მამების ღვაწლს მივაპყარი, ვინც უახლოეს წარსულში მოღვაწეობდა და თითქოს სხვა სახელგანთქმულ წმინდანთა საქმეები სრულიად დავივიწყე, როგორიც, მაგალითად, პოლანის ეპისკოპოს პავლინის მიერ აღსრულებული სასწაული იყო. ის სათნოებებით მრავალ, ჩემთვის ცნობილ წმინდანს აღემატა. ამიტომ ძველ წმინდანთა შესახებ თხრობას განვაგრძობ და შეძლებისდაგვარად მოკლედ გადმოგცემ. ჩვეულებრივ, კეთილმოღვაწე კაცთა საქმეები, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანთათვის ხდება ცნობილი, ვინც მათ მიემსგავსება. ჩვენი ბერებისთვის, რომლებიც წმინდანთა მიმბაძველნი არიან, პოლანის კეთილმოღვაწე ეპისკოპოსის დიდებული სახელი კარგად არის ცნობილი. მისი საკვირველი ღვაწლი მათთვის სამაგალითოა. ამიტომ მათ სრულიად ვენდობი, თითქოს მათი მონათხრობი საკუთარი თვალით მენახოს.
როდესაც იტალიაზე ვანდალთა სასტიკი შემოსევის შემდეგ კამპანია სრულიად უკაცრიელი გახდა და ამ ქვეყნის მრავალი მცხოვრები აფრიკაში წაიყვანეს, ღმრთის მონა პავლინი ღატაკებსა და ტყვეებს საეპისკოპოსოს ქონებას უხვად ურიგებდა. ერთხელ, როდესაც მთხოვნელთათვის აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი, მასთან ერთი ქვრივი დედაკაცი მივიდა და უამბო, რომ ვანდალთა მეფის სიძემ მისი ვაჟი ტყვედ წაიყვანა. ქალი ღმრთის კაცს ევედრებოდა, მისთვის გამოსასყიდი მიეცა, რათა მისი შვილის ბატონს, თუკი გამოსასყიდის მიღებაზე დათანხმდებოდა, ვაჟი სახლში დაებრუნებინა. ღმრთის კაცმა ძებნა დაიწყო, რომ მთხოვნელისთვის რაიმე მიეცა, მაგრამ საკუთარი თავის გარდა არაფერი ჰქონდა და უთხრა: “არაფერი მაქვს, რომ მოგცე, წამიყვანე და თქვი, რომ შენი მონა ვარ და შვილი რომ დაგიბრუნონ, მის ნაცვლად ჩემი თავი მიეცი მონად“. დედაკაცმა ეპისკოპოსის სიტყვები უფრო დაცინვად მიიღო, ვიდრე თანალმობად. მაგრამ პავლინმა, რომელიც მჭევრმეტყველი და საერო მეცნიერებებში ფრიად განსწავლული კაცი იყო, დედაკაცი სწრაფად დაარწმუნა თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ შვილის სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით ეპისკოპოსი მიეყვანა. ამგვარად, ისინი აფრიკაში გაემგზავრნენ. იქ დედაკაცმა ვანდალთა მეფის სიძე მოძებნა და სთხოვდა, მისთვის შვილი დაებრუნებინა. ამაყმა ბარბაროსმა, რომელიც დროებითი ბედნიერებით ქედმაღლობდა, არა თუ თხოვნის შესრულება, მისი მოსმენაც არ ისურვა. მაშინ ქვრივმა უთხრა: “მონის სანაცვლოდ ამ ადამიანს დაგიტოვებ, ოღონდ შემიწყალე - დამიბრუნე დედისერთა შვილი“. ბარბაროსმა მოხუც პავლინს გადახედა და ჰკითხა, რაიმე ხელობა თუ იცოდა. “არავითარი ხელობა არ ვიცი, - მიუგო პავლინმა, - მაგრამ ბაღის მოვლა შემიძლია“. ბარბაროსს ეამა, რომ პავლინი გამოცდილი მებაღე იყო და მონად დაიტოვა, ხოლო ქვრივ დედაკაცს თავისი ვაჟი დაუბრუნა. ისინი სამშობლოში გაემგზავრნენ, ხოლო პავლინმა ბაღის მოვლას მიჰყო ხელი. მეფის სიძე იქ ხშირად მიდიოდა, მებაღეს კითხვებს აძლევდა და მისი სიბრძნე შეიცნო. მასთან საუბარი იმდენად სიამოვნებდა, რომ ამისთვის მეგობრებსა და ნაცნობებს ხშირად ტოვებდა. პავლინს ბატონის სუფრისთვის ყოველდღიურად ახალი და სურნელოვანი მწვანილეული მიჰქონდა, დღიურ სარჩოს მიიღებდა და ისევ საქმეს უბრუნდებოდა. საკმაო ხანი გავიდა. ერთხელ პავლინმა გულახდილ საუბარში ბატონს უთხრა: “ვანდალთა მეფე ძალიან მალე მოკვდება. შენ წინასწარ გმართებს იფიქრო, როგორ მოიქცე და წარმართო სამეფო“. რადგან ბატონი მეფის კეთილგანწყობილებით სარგებლობდა, მისთვის არც დაუმალავს, რაც ბრძენი მებაღისგან შეიტყო. მეფემ ეს რომ გაიგო, სიძეს უთხრა: “მსურს ეს ადამიანი, ვის შესახებაც მიამბობ, თვითონ ვნახო“. “მას, როგორც წესი, ჩემი სუფრისთვის ახალი მწვანილი მოაქვს, - უპასუხა სიძემ, პავლინის დროებითმა ბატონმა, - ვუბრძანებ, რომ მწვანილი შენ მოგიტანოს სადილზე და მას ამგვარად ნახავ“. ასეც მოიქცნენ. პავლინმა მეფეს სადილზე თავის ბაღში მოწეული მწვანილი მიართვა. მეფემ დაინახა თუ არა პავლინი, ძრწოლა დაეუფლა, თავის სიძეს მოუხმო და საიდუმლო გაანდო: “ამ ადამიანმა სიმართლე გითხრა. წუხელ ვიხილე, რომ სასამართლოში მოსამართლეები ჩემს გასასამართლებლად შეკრებილიყვნენ. მათ შორის ეს ადამიანიც (პავლინი) იყო. მათი გადაწყვეტილებით მათრახი, რომელიც მანამდე მქონდა, ჩამომერთვა. ჰკითხე ვინ არის, არ მგონია, რომ უბრალო ადამიანი იყოს, როგორც გარეგნულად ჩანს“. მეფის სიძემ პავლინი მოიხმო და ფარულად დაეკითხა, ვინ იყო. “შენი მონა ვარ, რომელიც ქვრივის ვაჟის სანაცვლოდ აიყვანე“, - უპასუხა ღმრთის კაცმა. მაგრამ ბატონი დაჟინებით სთხოვდა ეთქვა, ვინ იყო ის სამშობლოში და ამის შესახებ არაერთხელ ჰკითხა. ღმრთის მონამ ვეღარ დაფარა და იძულებული შეიქნა გაემხილა, რომ ეპისკოპოსი იყო. ამის გაგონებაზე ბატონს ძლიერ შეეშინდა და პავლინს მდაბლად სთხოვა, ყოველივე მოეთხოვა, რაც აუცილებელი იქნებოდა სამშობლოში პატივით მის დასაბრუნებლად. “ერთადერთი სიკეთე შეგიძლია გააკეთო ჩემთვის, უთხრა ღმრთის მონა პავლინმა, - ტყვეობიდან ჩემთან ერთად ყველა ჩემი თანამემამულე გაათავისუფლე“. ღირსი პავლინის სურვილის შესასრულებლად მყისვე მთელ აფრიკაში მოძებნეს ტყვეები და მასთან ერთად პურით დატვირთული ხომალდებით გაამგზავრეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვანდალთა მეფე გარდაიცვალა და მათრახი, რომელიც ღმერთის დაშვებით ჰქონდა მიცემული მორწმუნეთა განსასწავლად, სხვას გადაეცა. ამგვარად, ყოველივე ისე აღესრულა, როგორც ყოვლისშემძლე ღმრთის მონა პავლინმა იწინასწარმეტყველა. მან ნებაყოფლობით მონობა იტვირთა და მრავალი ადამიანი იხსნა, რადგან მას ჰბაძავდა, ვინც მონის სახე შეიმოსა, რათა ცოდვათა მონობისაგან ჩვენ გამოვეხსენით. მისი მიბაძვით, პავლინი დროებით ტყვედ იქმნა, რათა მომავალში სხვებთან ერთად თავისუფლება მიეღო.
პეტრე: როდესაც შევიტყვე ცხოვრება ადამიანისა, რომლის მიბაძვა არ ძალმიძს, ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ შემიძლია ვიტირო.
გრიგოლი: პავლინის აღსრულების შესახებ წერილობითი ცნობები მისმა ეკლესიამ შემოინახა. ის სნეულებით ძლიერ დაუძლურდა და როდესაც აღესრულებოდა, უეცრად მიწისძვრა მოხდა. სნეულის სარეცელი შეირყა, სახლი კი უძრავად იდგა. ყველა იქ მყოფი უჩვეულო შიშმა მოიცვა. პავლინის წმიდა სული მის სხეულს ეყრებოდა.
ის, რაც პავლინის შესახებ გიამბე, უფრო მეტად წმინდანთა შინაგან სათნოებას წარმოაჩენს, ხოლო ახლა გარეგან სასწაულებს მოგითხრობ, რომლებიც მრავალთათვის არის ცნობილი და ისეთი ღმრთისმოშიში ადამიანებისგან შევიტყვე, რომ მათ სიტყვებში არ შემიძლია ეჭვი შევიტანო.