მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე


იყო ერთი კაცი, სახელითა და მადლით ბენედიქტე (რაც ნიშნავს კურთხეულს). იგი ღირსეულად ცხოვრობდა და გულის სიწმინდეს სიყრმიდან იცავდა. ზნეობრივი სიწმინდით თავის წლოვანებას აღემატა და გულს არავითარ ვნებას არ უმონებდა. ეს სოფელი მისსავე საცდურებთან ერთად ჯერ კიდევ ამქვეყნად მყოფმა მოიძულა, როგორც უხორცომ, თუმცა საშუალება ჰქონდა თავისუფლად დამტკბარიყო ამქვეყნიური კეთილდღეობით. წმიდა ბენედიქტე დიდგვაროვან მშობელთა შვილი იყო ნურსიის ოლქიდან, ხოლო რომში ზოგად მეცნიერებათა შესასწავლად იყო მიბარებული. როდესაც მიხვდა, რომ მეცნიერებათა შესწავლით მრავალნი ცდუნდებიან, მაშინვე წამოვიდა სასწავლებლიდან, რათა სწავლის შემდეგ თვითონაც უფსკრულში არ დანთქმულიყო. ამგვარად, მიატოვა მეცნიერებათა შესწავლა, მშობელთა სახლი და მემკვიდრეობაც დატოვა, მხოლოდ ღმერთის სამსახური ისურვა და თავშესაფარს სავანეებში ეძიებდა. თუმცა მას მეცნიერებები არ შეუსწავლია, მაგრამ უსწავლელი ბრძენი იყო. ზედმიწევნით არ ვიცი მისი ცხოვრება, ის მცირედი კი, რასაც გიამბობ, მისი ოთხი მოწაფისგან შევიტყვე. ესენი არიან: კონსტანტინე, ღირსეული მოღვაწე, რომელიც მონასტრის მართვის საქმეში მისი მემკვიდრე გახდა; ვალენტინიანე, ის მრავალი წლის მანძილზე ლატერანის მონასტერს წინამძღვრობდა; სიმპლიციოსი, ბენედიქტეს შემდეგ რიგით მესამე წინამძღვარი მის ზოგადცხოვრებულთა მონასტერში; და ჰონორატი, რომელიც ამჟამადაც წინამძღვარია იმავე მონასტერში, უწინ კი ძმებს შორის იყო.