მალე ის ადგილები ხალხით აივსო, რომლებიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულით იყვნენ ანთებულნი: მრავალნი საერო ცხოვრებას ტოვებდნენ და გულის ქედს მაცხოვრის მსუბუქ ტვირთს უდრეკდნენ. მანკიერ ადამიანებს არ სურთ სათნოების სიკეთე და ის სხვებშიც სძულთ. ამავე მიზეზით მეზობლად მდებარე ეკლესიის პრესვიტერმა ფლორენციმ, ჩვენი იპოდიაკვნის, ფლორენცის პაპამ, რომელიც უძველესი მტრის ბოროტებით იქნა აღძრული, წმიდა მამის ღვაწლის მიბაძვა დაიწყო, აკნინებდა მის ნამოქმედარს და ამით მისი ნახვის მსურველთა დაბრკოლებას ცდილობდა. როდესაც ფლორენციმ ნახა, რომ ბენედიქტეს წარმატებას წინ ვერ აღუდგებოდა, მისმა მონასტერმა სახელი გაითქვა და მისი დიდების მეოხებით ბევრმა გამოასწორა ცხოვრება, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით აენთო და გაბოროტდა, რადგან სურდა მას მიეღო ქება, რომელსაც წმიდა მოსაგრეს აღუვლენდნენ, მაგრამ საქებარი ცხოვრება არ სურდა. თავისივე სიძულვილის წყვდიადით დაბრმავებული იქამდე მივიდა, რომ ყოვლისშემძლე ღმრთის მონას, ვითომცდა კურთხევის- თვის, შხამნარევი პური გაუგზავნა. ღმრთის კაცმა იგი მადლობით მიიღო, მაგრამ პურში დაფარული შხამი მისგან არ დაიფარა. სადილობის დროს მასთან მეზობელი ტყიდან ყვავი მოფრინავდა და მისი ხელიდან იღებდა პურს. როდესაც ყვავი ჩვეულებისამებრ მოფრინდა, ღმრთის კაცმა პრესვიტერის გამოგზავნილი პური დაუდო და უბრძანა: “სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, აიღე ეს პური და ისეთ ადგილას წაიღე, სადაც ადამიანი ვერ ნახავს“. ყვავმა ნისკარტი გააღო, ფრთები გაშალა, მის თავზე ფრენდა აქეთ-იქით, ჩხაოდა და თითქოს ცხადად ამბობდა, რომ სურს დაემორჩილოს, მაგრამ ბრძანების შესრულება არ შეუძლია. ღმრთის კაცი კვლავ და კვლავ უმეორებდა: “აიღე, ნუ გეშინია, წაიღე და იქ გადააგდე, სადაც ვერავინ იპოვის“. დაყოვნების შემდეგ ყვავმა პური აიღო, გაფრინდა და ბრძანებისამებრ გადააგდო. სამი საათის შემდეგ ის დაბრუნდა და ღმრთის კაცის ხელიდან ჩვეული პურის ნატეხი მიიღო. ღირსმა პრესვიტერის ჩანაფიქრი რომ შეიცნო, ის უფრო მეტად შეეცოდა, ვიდრე საკუთარი თავი. ფლორენციმ მოძღვრის მოკვლა რომ ვერ შეძლო, მისი მოწაფეების სულის წარწყმედა გადაწყვიტა: იმ მონასტრის ბაღში, სადაც ბენედიქტე ცხოვრობდა, შვიდი შიშველი ქალი გაგზავნა, რათა მათ მოწაფეთა თვალწინ ხელჩაკიდებულთ ეცეკვათ და მათში ბოროტი გულისთქმები აღეძრათ. ბენედიქტემ ისინი თავისი სენაკიდან დაინახა და ყრმა მოწაფეების დაცემის შეეშინდა. რადგან ამას მხოლოდ მისადმი მტრობად თვლიდა, დაუთმო სიძულვილს, მოაწესრიგა მის მიერ აგებული მონასტრები, ძმებს წინამძღვრები დაუდგინა, ხოლო თვითონ რამდენიმე მონაზონთან ერთად სხვა ადგილზე გადავიდა. როგორც კი ღმრთის კაცი მდაბლად განერიდა პრესვიტერის სიძულვილს, ყოვლისშემძლე ღმერთმა სასტიკად დასაჯა ეს უკანასკნელი. ის სათბურში იდგა, როდესაც შეიტყო ბენედიქტეს წასვლის შესახებ და თავისი გამარჯვებით ძალიან გაიხარა. ამ დროს სათბური ჩაიქცა (სახლი კი უვნებლად იდგა) და ბენედიქტეს მტერი ქვეშ მოიყოლა. ღმრთის კაცის მოწაფე მავრმა ამის შესახებ მაშინვე აცნობა ღირს ბენედიქტეს: “დაბრუნდი, - შენი მდევნელი პრესვიტერი დაიღუპა“. ღმრთის კაცი ბენედიქტე მწარედ ატირდა როგორც მტრის დაღუპვის გამო, ასევე იმისთვის, რომ მტრის სიკვდილმა მისი მოწაფე გაახარა. მას სინანულის კანონი განუწესა.
პეტრე: საკვირველ ამბებს მომითხრობ. კლდიდან წყლის აღმოცენება მაგონებს მოსეს (რიცხ. 20. 7-11); წყლის სიღრმიდან ამოტიტვტივებული ცელი - ელისეს (4 მეფ. 6, 5-7); წყალზე სვლა - პეტრეს (მათ. 14, 29); ყვავის მორჩილება - ილიას (3 მეფ. 17, 6); მტრის სიკვდილის დატირება _ დავითს (2 მეფ. 1, 11; 18, 33). როგორც ჩანს, ეს მოღვაწე მართალთა სულით იყო აღვსილი.
გრიგოლი: ბენედიქტე საღმრთო სულით იყო შემოსილი, რომელიც აღსრულებული გამოხსნის საიდუმლოს მადლით ყოველი რჩეულის გულს ავსებს. მასზე ამბობს იოანე: “იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოან. 1, 9). მასზევეა დაწერილი: “სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ“ (იოან. 1, 16). ღმრთის კაცნი ძალას ღმერთისგან იღებდნენ, მაგრამ მისი სხვისთვის გადაცემა არ შეეძლოთ. მხოლოდ იმან მიანიჭა თავის ერთგულ მოწაფეებს ძალა, ვინც აღუთქვა მათ, რომ თავს მისცემდა მტრებს იონას ნიშნის მიხედვით (მათ. 12, 39), როდესაც ამპარტავნებს თავისი სიკვდილი უჩვენა, ღირსი გახადა ისინი მათ თვალწინ მიეღო იგი. ასევე მდაბალთა თვალწინ აღდგა მკვდრეთით, რათა პირველთ ეხილათ ის, რაც სძაგდათ, ხოლო მეორეთ ეხილათ ის, რაც მოწიწებით უყვარდათ. ამდენად, ამპარტავნები ხედავენ მხოლოდ იმას, რაც არის შეურაცხი სიკვდილში, ხოლო მდაბალთ სიკვდილზე ხელმწიფება მიეცათ.
პეტრე: მითხარი, ამის შემდეგ კიდევ სად ცხოვრობდა ეს წმიდა მოღვაწე და რა სასწაულები აღასრულა იქ.
გრიგოლი: წმიდა მოსაგრე ადგილების გამოცვლისას მტრებს არ გაურბოდა. მან ამის შემდეგაც სასტიკი ბრძოლა დაითმინა თვით ბოროტების მომგონისაგან, რომელიც ცხადად აღუდგა წინ. მონასტერი, რომელსაც ჰქვია კასინო, მაღალ მთაზე იყო აგებული, კერძოდ, მის ერთ ფართო ბორცვზე; მთა მის ზევით კიდევ სამ მილზე იყო აღმართული, თითქოს მწვერვალით ვარსკვლავებისკენ ისწრაფოდა. მწვერვალზე უძველესი ბომონი იდგა, რომელშიც, ძველი წარმართების ჩვეულების მიხედვით, უგუნური ხალხი აპოლონს სცემდა თაყვანს. უშუალოდ დემონთა საკურთხეველთან ტყის კორომი იყო, სადაც უგუნურ ურწმუნოთა ბრბო ურიცხვ მსხვერპლს სწირავდა. იქ მისულმა წმინდანმა კერპი შემუსრა, სამსხვერპლო დააქცია, ტყე გადაწვა და აპოლონის ტაძარი წმიდა მარტინის ტაძრად აქცია, აპოლონის სამსხვერპლოს ადგილზე წმიდა იოანეს ტაძარი ააგო და იქ მისულხალხს დაუცხრომელი ქადაგებით ჭეშმარიტი რწმენისაკენ მოუწოდებდა. მაგრამ უძველესმა მტერმა ეს მშვიდად ვერ აიტანა: ის არა ფარულად ან ძილში, არამედ ცხადად წარმოუდგა წმიდა მამას და იმდენად ხმამაღლა დასტიროდა თავის დანაკარგს, რომ მისი ხმა ძმებსაც ესმოდათ, თუმცა თვალით ვერ ხედავდნენ. როგორც შემდეგ წმინდანი მოწაფეებს მოუთხრობდა, კაცის ეს საზარელი მტერი გაცეცხლებული და პირდაბჩენილი ეკვეთა, თან ცეცხლოვან თვალებს უბრიალებდა. ყველას ესმოდა ეშმაკის სიტყვები. ჯერ წმიდა მამას მიმართა. როდესაც მან მტერს არ უპასუხა, მყისვე მისი ძაგება დაიწყო. რადგან ძახილზე: “ბენედიქტე, ბენედიქტე!“ ვერ გაიგონა მისგან პასუხი, მყისვე დაიყვირა: “წყეული ხარ, და არა - კურთხეული, რა გაქვს ჩემთან საერთო?“ მაგრამ დროულია სხვა შემთხვევები მოვიგონოთ, როდესაც ღმრთის მონას ეს უძველესი მტერი ებრძოდა. ბოროტი წმინდანს ხალისით უცხადებდა ბრძოლას, მაგრამ უხალისოდ უთმობდა გამარჯვებას.