მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეშვიდე
წმიდა ბენედიქტეს მოწაფე მავრი, რომელმაც წყალდაწყალ ისე იარა, რომ თვითონ არ იცოდა


ერთ დღეს ღირსი ბენედიქტე სენაკში იმყოფებოდა, ხოლო ზემოთ ხსენებული ყრმა პლაკიდი ტბაზე წყლის მოსატანად წავიდა. მან ჭურჭელი წყალში მოუხერხებლად ჩაუშვა და თვითონაც გადავარდა. ჩავარდნისთანავე ის დინებამ ნაპირიდან ისრის სატყორცნ მანძილზე წაიღო. სენაკში მყოფმა ბენედიქტემ მაშინვე შეიცნო ეს, დაუყოვნებლივ მოუხმო მავრს და უთხრა: “ძმაო მავრ, გაიქეცი - წყალზე წასული ყრმა ტბაში ჩავარდა და დინებამ უკვე შორს წაიღო“. საკვირველი, მოციქულ პეტრეს დროიდან არნახული რამ მოხდა! მავრმა გამოითხოვა და მიიღო კიდეც ლოცვა-კურთხევა, წინამ- ძღვრის ბრძანებისამებრ გაიქცა და იმ ადგილამდე, სადაც ყრმა იყო, წყალდაწყალ მიირბინა. მას ეგონა, რომ მიწაზე მიდიოდა, ჩასჭიდა მას ხელი და უკან სირბილითვე დაბრუნდა. როდესაც ფეხით მიწას შეეხო, გონს მოეგო, უკან მიიხედა და მიხვდა, რომ წყალზე მირბოდა. ადრე ამაზე ოცნებაც არ შეეძლო. იგი მომხდარით შეძრწუნდა. დაბრუნებისას წინამძღვარს ყოველივე მოუთხრო. ღირსმა ბენედიქტემ მომხდარი მიაწერა არა საკუთარ დამსახურებას, არამედ - მის მორჩილებას, ხოლო მავრი, პირიქით, მხოლოდ წინამძღვრის კურთხევას მიაწერდა და ამბობდა, რომ ამგვარი სასწაულის მიზეზი თვითონ არ იყო, რადგან სრულიად გაუცნობიერებლად აღასრულა. ამ ფრიად საამო კამათის დროს, რომელიც ორმხრივი სიმდაბლით იყო განმსჭვალული, ისინი წყლიდან ამოყვანილმა ყრმამ დააზავა. მან თქვა: “როდესაც წყლიდან ამომიყვანეს, ჩემს თავზე წინამძღვრის ხალენი და თვით ის დავინახე. წყლიდან მან ამომიყვანა“.

პეტრე: უდიდესი საქმეების შესახებ მომითხრობ, ეს მრავალთათვის იქნება განმსწავლელი. რაც შემეხება მე, რაც უფრო მეტს ვიგებ წმიდა მამის მიერ აღსრულებულ სასწაულებზე, მით მეტის შეტყობის სურვილი მაქვს.