წმიდა ბენედიქტეს მიერ აგებულ მონასტერთაგან სამი მთების მწვერვალებზე მდებარეობდა და ძმებს ძალიან უჭირდათ ყოველდღიურად წყლისთვის ტბაზე სიარული. განსაკუთრებით ძნელი და საშიში იყო ციცაბო კლდეზე ჩამოსვლა. ამიტომ სამივე მონასტრის ძმები ერთად მივიდნენ ღმრთის მონა ბენედიქტესთან და უთხრეს: “გვიძნელდება ყოველდღიურად ტბაზე ჩამოსვლა წყლის ასავსებად; მონასტრები ამ ადგილებიდან გადაიტანე“. მან ანუგეშა ისინი, გაუშვა და იმავე ღამით ყრმა პლაკიდისთან ერთად, რომელიც უკვე ვახსენეთ, მთის წვერზე ავიდა და დიდხანს ილოცა. ლოცვის დასრულების შემდეგ ადგილი მონიშნა სამი ქვით და მონასტერში ისევე უჩუმრად დაბრუნდა. მეორე დღეს ძმები ისევ მივიდნენ მასთან იმავე თხოვნით, მან კი უთხრა: “წადით და ამოტეხეთ ის კლდე, რომელზეც სამ, ერთმანეთზე დადებულ ქვას ნახავთ: ყოვლისშემძლე ღმერთს ძალუძს, რომ ამ მწვერვალზეც აღმოაცენოს წყალი, რათა გიხსნათ ასეთ რთულ გზაზე სიარულისაგან“. ისინი მითითებულ კლდეზე ავიდნენ - იქ უკვე ამოსულიყო წყალი. როდესაც საგუბარი ამოჭრეს, ის მაშინვე აივსო წყლით, რომელიც უხვად მოედინებოდა და ამჟამადაც მთის მწვერვალიდან დიდ ნაკადად მოედინება.