წმიდა ბენედიქტეს მიერ აგებული მონასტრებიდან ერთერთში, რომელიც თავისი მონასტრის სიახლოვეს ააგო, იყო ერთი მონაზონი, რომელსაც ლოცვაზე დგომა არ შეეძლო. როგორც კი ძმები ლოცვას შეუდგებოდნენ, ის გარეთ გადიოდა და გონებაგაფანტული რაიმე მიწიერს და ამაოს აკეთებდა. წინამძღვარი ხშირად არიგებდა და ვერაფერს რომ ვერ გახდა, ღმრთის კაცს მიჰგვარა, რომელმაც ასევე მკაცრად ამხილა ის უგუნურებისათვის, მაგრამ მონასტერში დაბრუნების შემდეგ მონაზონი ღმრთის კაცის სწავლებას მხოლოდ ორი დღე მორჩილებდა, მესამე დღეს კი კვლავ ძველ ჩვეულებას დაუბრუნდა, ლოცვის დროს აქეთ-იქით დაეხეტებოდა. როდესაც მონასტრის წინამძღვარმა წმიდა მამას ამის შესახებ მოახსენა, მან თქვა: “მოვალ და თავად გამოვასწორებ მას“. ბენედიქტე მივიდა მონასტერში. დანიშნულ დროს ძმებმა ფსალმუნი იგალობეს და ლოცვა დაიწყეს. წმიდა კაცმა მაშინვე დაინახა, რომ მონაზონს, რომელსაც ლოცვაზე დგომა არ შეეძლო, შავი ყრმა ტანსაცმლის კიდით ეწეოდა. მაშინ მან მონასტრის წინამძღვარს, სახელად პომპეანეს და ღმრთის მსახურ მავრს ჩუმად უთხრა: “ნუთუ ვერ ხედავთ, ვის გაჰყავს ეს მონაზონი გარეთ?~ - “ვერ ვხედავთ“, - მიუგეს მათ. “ვილოცოთ, - თქვა მან, - რომ თქვენც დაინახოთ, ვის მიჰყვება ის“. ორი დღის ლოცვის შემდეგ მონაზონმა მავრმა დაინახა, ხოლო მონასტრის წინამძღვარმა პომპეანემ ვერ შეძლო ხილვა. მომდევნო დღეს, ლოცვის დასრულების შემდეგ, ღმრთის კაცმა მოძებნა მონაზონი, რომელიც კრებულისგან განცალკევებით იდგა და გულის სიბრმავის გამო წკეპლა უთავაზა. იმ დღიდან მონაზონს შავი ყრმისგან არავითარი ბრძოლა აღარ შეუგრძვნია, უძრავად იდგა ლოცვაზე. ამგვარად, უძველესმა მტერმა ვერ შეძლო დაუფლებოდა მის გონებას და თითქოსდა თვითონ დამარცხდა წკეპლით.