მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეთვრამეტე
გონებაშერყეული დედაკაცი, რომელიც მღვიმეში განიკურნა


გიამბობ იმას, რაც ახლახან მოხდა. ერთ დედაკაცს გონება შეერყა და დღე და ღამე მთებსა და ტყე-ღრეში დაეხეტებოდა. სადაც მოქანცულობას იგრძნობდა, იქ ისვენებდა. ერთ დღეს დიდი ხნის ხეტიალით დაღლილი ნეტარი მოსაგრის, ბენედიქტეს მღვიმეში შევიდა ისე, რომ ვერაფერს აცნობიერებდა. დილით იქიდან ისეთი გონიერი გამოვიდა, თითქოს გონებაშეშლილი არც არასდროს ყოფილიყო. ამის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

პეტრე: ეს ხომ არ ნიშნავს, რომ წმიდა მოწამენი, როგორც ზოგჯერ მათ სასწაულებში ვხედავთ, სხეულებით ნაკლებ ქველმოქმედებებს აღასრულებენ, ვიდრე მათ მიერ დანატოვარი ნივთების მეოხებით და უფრო დიდ სასწაულებს იქ აღასრულებენ, სადაც მათი წმიდა სხეულები არ არის?

გრიგოლი: სადაც წმინდანთა სხეულებია დაკრძალული, უეჭველია, რომ იქ მათ შეუძლიათ აღასრულონ უდიდესი სასწაულები, და ეს ასეც არის: ვინც მათ განწმენდილი გონებით მიეახლება, მათზე ურიცხვი სასწაული აღესრულება. მაგრამ რადგან გონებით უმტკიცარნი შეიძლება შეორგულდნენ, - შეუძლიათ თუ არა მოწამეებს, უსმინონ მვედრებელთ იქ, სადაც არ იმყოფება მათი სხეულები, - ამიტომ აუცილებელია, უმეტესი სასწაულები მათ იქ აღასრულონ, სადაც მერყევი გონება მათ მყოფობაში დაეჭვდება. ხოლო ვისი გონებაც განმტკიცებულია უფალში, ასეთები თავისი რწმენის გამო ქველმოქმედებას მით უმეტეს იმსახურებენ, რადგან კარგად იციან, რომ თუმცა მოწამეთა სხეულები აქ არ იმყოფება, მაგრამ ისინი მზად არიან უსმინონ მათდამი მვედრებელთ. თვით ჭეშმარიტებამ სწორედ მოწაფეთა რწმენის გასაძლიერებლად წარმოთქვა: “უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“ (იოან. 16, 7). თუკი ცნობილია, რომ სულიწმიდა მუდამ მამისაგან გამოვალს და ძეზე განისვენებს, რატომ ამბობს ძე - წავა იმისთვის, რომ მოვიდეს სული, რომელიც ძეს არასოდეს განშორებია? რადგან მოწაფეებს, რომლებიც სხეულში მყოფ უფალს ხედავდნენ, სურდათ მარად ეხილათ ის ხორციელი თვალით, ამიტომ სამართლიანად ითქვა: “უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა“, ანუ უფრო ნათლად რომ ვთქვათ: “თუკი სხეულს არ დავფარავ, ვერ გიჩვენებთ, როგორი უნდა იყოს სიყვარული სულის მიმართ და თუკი ჩემს ხილვას სხეულში არ მოაკლდებით, ჩემდამი სულიერ სიყვარულს ვერასოდეს ისწავლით“.

პეტრე: შენს სიტყვებს სრულიად ვეთანხმები.

გრიგოლი: მცირე ხნით დავდუმდეთ, რათა დუმილით სხვა მოღვაწეთა სასწაულების თხრობისათვის ძალა მოვიკრიბოთ.