მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეჩვიდმეტე
ბენედიქტეს აღსასრული, რომელიც ძმების წინაშე თვითონ იწინასწარმეტყველა


იმ წელს, როდესაც წმიდა ბენედიქტე უნდა აღსრულებულიყო, გარდაცვალების დღის შესახებ მასთან მცხოვრებ და აგრეთვე მოშორებით მყოფ რამდენიმე ძმას ამცნო. თანამცხოვრებთ გამოუცხადა დადუმებულიყვნენ ამის შესახებ, ხოლო მოშორებით მყოფთ ამცნო, თუ რა ნიშნით შეიტყობდნენ, როდესაც მისი სული სხეულს დატოვებდა. სიკვდილამდე ექვსი დღით ადრე წმიდა ბენედიქტემ ბრძანა სამარის გახსნა. ამის შემდეგ მას ციება სტანჯავდა. რამდენიმე დღის შემდეგ უძლურებამ იმძლავრა, მეექვსე დღეს მოწაფეებს უბრძანა ტაძარში წაეყვანათ; იქ უფლის ხორცისა და სისხლის ზიარებით აღსასრულისთვის მოემზადა, დაუძლურებული მოწაფეებს ეყრდნობოდა და ხელაპყრობით მდგომმა სული ლოცვა- ში განუტევა. იმ დღეს მის ორ მოწაფეს - ერთს მონასტერში და მეორეს მონასტრიდან შორს - ერთნაირი ხილვა ჰქონდათ. მათ სამოსით მოფენილი და ურიცხვი კანდელით განათებული გზა დაინახეს, რომელიც მონასტრიდან აღმოსავლეთით მიემართებოდა და ზეცას უერთდებოდა. თითოეული მათგანის წინაშე ზეციდან ელვარე სამოსით მოსილი კაცი წარმოდგა და ეკითხებოდა, ვისი იყო ეს გზა, რომელსაც ისინი ხედავდნენ. მათ მიუგეს, რომ არ იცოდნენ. “ეს არის გზა, რომლითაც ღმრთის მიერ შეყვარებული ბენედიქტე ზეცად აღვალს“, - მიუგო ბრწყინვალე კაცმა. ამ ნიშნის მიხედვით მონასტრიდან შორს მყოფი ძმები მიხვდნენ, რომ წმინდანი აღესრულა. წმიდა ბენედიქტე ნეტარ იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაკრძალეს, რომელიც აპოლონის დარღვეული სამსხვერპლოს ადგილზე თავად ააგო. მღვიმეში, სადაც ის ადრე ცხოვრობდა, დღემდე აღესრულება სასწაულები იმათთვის, ვინც ამ ადგილს რწმენითა და ლოცვით მიეახლება.